ბიბლია ადამიანთა ცხოვრებას ცვლის?
რატომ გადაწყვიტა ერთმა მრავალცოლიანმა მამაკაცმა, რომელიც იეჰოვას მოწმეებს ეწინააღმდეგებოდა, თავადაც მოწმე გამხდარიყო? რამ უბიძგა ორმოცდაათიანელთა ეკლესიის პასტორს, შეეცვალა თავისი მრწამსი? რა დაეხმარა ერთ ქალს, რომელსაც მძიმე ბავშვობა ჰქონდა, დაეძლია უღირსობის გრძნობა და ღმერთს დაახლოებოდა? რატომ გახდა ჰევი-მეტალის თაყვანისმცემელი ღვთის მსახური? ამის შესახებ ისინი თავად გვიამბობენ.
„უკეთესი ქმარი გავხდი“ — რიგობერი იუეტო
-
დაბადების წელი: 1941
-
ქვეყანა: ბენინი
-
წარსულში: მრავალცოლიანი, იეჰოვას მოწმეების მოწინააღმდეგე
მოკლე ბიოგრაფია:
გავიზარდე ბენინის ერთ-ერთ დიდ ქალაქ კოტონუში. მართალია, ჩემი ოჯახის წევრები კათოლიკეები იყვნენ, მაგრამ ეკლესიაში რეგულარულად არ დავდიოდი. ჩვენს ქალაქში ბევრი კათოლიკე მრავალცოლიანი იყო, რადგან იმ დროს პოლიგამია ოფიციალურად იყო დაშვებული. მეც ერთი მათგანი ვიყავი და ოთხი ცოლი მყავდა.
XX საუკუნის 70-იან წლებში, როდესაც ჩემს ქვეყანაში რევოლუციამ იფეთქა, მეგონა, რომ ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვლებოდა. პოლიტიკით დავინტერესდი და ერთ-ერთი აქტიური რევოლუციონერი გავხდი. რევოლუციონერებს არ უყვარდათ იეჰოვას მოწმეები, რადგან ისინი პოლიტიკაში არ ერეოდნენ. მათთან ერთად მეც ვდევნიდი იეჰოვას მოწმეებს. 1976 წელს, როცა მისიონერი ცოლ-ქმარი, რომლებიც იეჰოვას მოწმეები იყვნენ, ჩვენი ქვეყნიდან გაყარეს, ვფიქრობდი, ისინი აღარასდროს დაბრუნდებოდნენ.
ბიბლიამ ჩემი ცხოვრება შეცვალა:
რევოლუცია 1990 წელს დასრულდა. ჩემდა გასაკვირად, მალე მისიონერები ისევ გამოჩდნენ. მივხვდი, რომ ღმერთი მათთან იყო. იმ დროს სამუშაო ადგილი შევიცვალე. ჩემი ერთი თანამშრომელი იეჰოვას მოწმე აღმოჩნდა, რომელმაც მალევე დამიწყო თავისი რწმენის შესახებ საუბარი. მან ბიბლიიდან მიჩვენა მუხლები, საიდან ჩანდა, რომ იეჰოვა მოსიყვარულე და სამართლიანი ღმერთი იყო (კანონი 32:4; 1 იოანე 4:8). ღვთის ამ თვისებებმა მომხიბლა. მსურდა, მეტი გამეგო იეჰოვას შესახებ. ამიტომ, გადავწყვიტე ბიბლიის შესწავლა დამეწყო.
მალე იეჰოვას მოწმეების კრების შეხვედრებზე დასწრება დავიწყე. გულგრილი არ დამტოვა იქ გამეფებულმა სიყვარულმა — მათ შორის არ იყო რასობრივი სიძულვილი და არც სოციალურ ფენებად იყვნენ დაყოფილი. რაც უფრო ხშირი ურთიერთობა მქონდა იეჰოვას მოწმეებთან, მით უფრო აშკარა ხდებოდა, რომ ისინი იესოს ჭეშმარიტი მიმდევრები იყვნენ (იოანე 13:35).
მივხვდი, რომ, თუ მინდოდა, იეჰოვასთვის მემსახურა, კათოლიკური ეკლესიიდან უნდა წამოვსულიყავი.
ეს ადვილი არ იყო, რადგან მეშინოდა, რას იტყოდნენ სხვები ჩემზე. კარგა ხნის შემდეგ იეჰოვას დახმარებით გამბედაობა მოვიკრიბე და ეკლესიასთან კავშირი გავწყვიტე.მაგრამ კიდევ ერთი სერიოზული პრობლემის წინაშე აღმოვჩნდი. მოწმემ, რომელიც ბიბლიას მასწავლიდა, მითხრა, რომ ღმერთი პოლიგამიას არ იწონებდა (დაბადება 2:18—24; მათე 19:4—6). ღვთის თვალში მხოლოდ ჩემი პირველი ქორწინება იყო მისაღები. ამიტომ, ოფიციალურად დავქორწინდი ჩემს პირველ მეუღლეზე და სხვები გავუშვი. თუმცა, მატერიალურად ვიზრუნე მათზე. დროთა განმავლობაში ჩემი ორი ყოფილი ცოლი იეჰოვას მოწმე გახდა.
კურთხევები:
მართალია, ჩემი ცოლი ჯერ კიდევ კათოლიკეა, მაგრამ იგი პატივს სცემს ჩემს რწმენას. ორივენი ვხედავთ, რომ უკეთესი ქმარი გავხდი.
ადრე მეგონა, რომ თუ პოლიტიკაში მივიღებდი მონაწილეობას, ჩემს ქვეყანას რაღაცაში გამოვადგებოდი, მაგრამ იმედი გამიცრუვდა. მივხვდი, რომ მხოლოდ ღვთის სამეფოს შეუძლია კაცობრიობის პრობლემების გადაჭრა (მათე 6:9, 10). მადლიერი ვარ, რომ იეჰოვას წყალობით ბედნიერებისკენ მიმავალ გზას ვადგავარ!
„ადვილი არ იყო ყველაფრის შეცვლა“ — ალექს ლემოს სილვა
-
დაბადების წელი: 1977
-
ქვეყანა: ბრაზილია
-
წარსულში: ორმოცდაათიანელთა ეკლესიის პასტორი
მოკლე ბიოგრაფია:
გავიზარდე სან-პაულუს შტატის ქალაქ იტუს გარეუბანში. ქალაქის ეს ნაწილი ცნობილი იყო დამნაშავეობით.
ძალადობა და უზნეობა ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი იყო. გარდა ამისა, ნარკოტიკებით ვვაჭრობდი. დროთა განმავლობაში მივხვდი, რომ ერთ დღესაც ან ციხეში ამოვყოფდი თავს ან სიცოცხლეს მოვისწრაფებდი; ამიტომ, მივატოვე ასეთი ცხოვრების წესი და ორმოცდაათიანელთა ეკლესიაში დავიწყე სიარული; ბოლოს პასტორიც გავხდი.
ვფიქრობდი, რომ ეკლესიაში ჩემი მსახურებით ხალხს ნამდვილად დავეხმარებოდი. ადგილობრივი რადიოთი რელიგიური გადაცემაც კი მიმყავდა, რომელიც იმ მხარეში დიდი პოპულარობით სარგებლობდა. მაგრამ რაც დრო გადიოდა, ვხედავდი, რომ ეკლესია არ ზრუნავდა თავის მრევლზე, რომ არაფერი ვთქვათ ღვთის განდიდებაზე. აშკარად ჩანდა, რომ ეკლესიის ერთადერთი მიზანი ფულის კეთება იყო. ამიტომ, გადავწყვიტე, იქიდან წამოვსულიყავი.
ბიბლიამ ჩემი ცხოვრება შეცვალა:
როდესაც იეჰოვას მოწმეებთან ბიბლიის შესწავლა დავიწყე, აშკარად დავინახე, რომ მათი რელიგია სხვა რელიგიებისგან განსხვავდებოდა. ჩემზე ორმა რამემ იმოქმედა. პირველი ის, რომ იეჰოვას მოწმეები მხოლოდ კი არ ლაპარაკობდნენ ღვთისა და მოყვასის სიყვარულზე, არამედ საქმითაც აჩვენებდნენ, რომ უყვარდათ ისინი. მეორე კი ის, რომ იეჰოვას მოწმეები პოლიტიკასა და ომებში არ ერეოდნენ (ესაია 2:4). ამან დამარწმუნა, რომ ჭეშმარიტი რელიგია ვიპოვე — ვიწრო გზა, რომელსაც მარადიულ სიცოცხლემდე მივყავართ (მათე 7:13, 14).
მივხვდი, რომ თუ მინდოდა, ღვთისთვის მესიამოვნებინა, ძირეული ცვლილებები უნდა მომეხდინა. მეტი ყურადღება უნდა დამეთმო ოჯახისთვისაც და თავმდაბლობაც უნდა მესწავლა. ამ ცვლილებების მოხდენა არ იყო ადვილი, მაგრამ
იეჰოვას დახმარებით მე ეს შევძელი. ამან ჩემი მეუღლე აღაფრთოვანა. მართალია, მან ჩემზე ადრე დაიწყო ბიბლიის შესწავლა, მაგრამ ამჯერად გაცილებით მალე წაიწია წინ. ბოლოს ორივენი იმ დასკვნამდე მივედით, რომ გვსურდა, იეჰოვას მოწმეები გავმხდარიყავით. ჩვენ ერთ დღეს მოვინათლეთ.კურთხევები:
მე და ჩემი მეუღლე სიხარულით ვეხმარებით ჩვენს სამ შვილს, რომ იეჰოვასთან ახლო ურთიერთობა განავითარონ. ჩვენ ბედნიერი ოჯახი გვაქვს. მადლობელი ვარ იეჰოვასი, რომ თავის სიტყვაში, ბიბლიაში ჩაწერილი ჭეშმარიტებისკენ მიმიზიდა. ბიბლია ნამდვილად ცვლის ადამიანთა ცხოვრებას და ამის ცოცხალი მაგალითი მე ვარ!
„დღეს აღარ მქენჯნის სინდისი და სიცოცხლით ვტკბები“ — ვიქტორია ტანგი
-
დაბადების წელი: 1957
-
ქვეყანა: ავსტრალია
-
წარსულში: ბავშვობაში დაჩაგრული
მოკლე ბიოგრაფია:
გავიზარდე ნიუკასლში (ახალი სამხრეთი უელსი). შვიდი და-ძმიდან უფროსი მე ვიყავი; დედ-მამა გამუდმებით ჩხუბობდა; გარდა ამისა, მამა სულ სვამდა. დედაჩემი მცემდა და მლანძღავდა. ყოველთვის იმას მეუბნებოდა, რომ უვარგისი ვიყავი და ჯოჯოხეთის ცეცხლში დავიწვებოდი. ეს ძალიან მაშინებდა.
ზოგჯერ დედა ისე მცემდა, რომ სკოლაში ვეღარ მივდიოდი. 11 წლისა ვიყავი, როცა ინტერნატში ჩამაბარეს, მოგვიანებით კი ქალთა მონასტერში გადამიყვანეს. 14 წლისა რომ გავხდი, მონასტრიდან გავიქეცი. არ მინდოდა სახლში დაბრუნება; ამიტომ, გადავწყვიტე მეცხოვრა სიდნეის გარეუბანში, კინგს-კროსის ქუჩაზე.
სანამ ქუჩაში ვცხოვრობდი, ნარკოტიკებს ვიღებდი, ვსვამდი, ვმეძაობდი და პორნოგრაფიას ვუყურებდი. ერთხელ ძალიან შემეშინდა. იმ დროს ღამის კლუბის პატრონის ბინაში ვრჩებოდი. ერთ საღამოს მის სანახავად ორი კაცი მოვიდა. მითხრეს, რომ საძინებელში შევსულიყავი, მაგრამ მაინც გავიგონე მათი საუბარი. კლუბის პატრონი აპირებდა, რომ მათთვის მივეყიდე. მათ ფარულად უნდოდათ გემით ჩემი გადაყვანა იაპონიაში, სადაც ბარში მამუშავებდნენ. ძალიან შემეშინდა, აივნიდან გადავხტი და გავიქეცი.
ქუჩაში შევხვდი ერთ კაცს, რომელიც სიდნეის დასათვალიერებლად იყო ჩამოსული. მე მას ჩემი სიტუაცია ავუხსენი იმ იმედით, რომ ფულს მომცემდა. მან შემომთავაზა, თავის ნომერში გავყოლოდი, სადაც შხაპი მივიღე და საჭმელი ვჭამე. შემდეგ ყველაფერი ისე განვითარდა, რომ მე მასთან დავრჩი და ერთი წლის შემდეგ დავქორწინდით.
ბიბლიამ ჩემი ცხოვრება შეცვალა:
როცა იეჰოვას მოწმეებთან ბიბლიის შესწავლა დავიწყე, ათასნაირი გრძნობა დამეუფლა. გავბრაზდი, როცა გავიგე, რომ სატანა იყო ბოროტების სათავე. მანამდე ყოველთვის იმას ჩამჩიჩინებდნენ, რომ ღმერთი გვტანჯავდა. დიდი შვება ვიგრძენი, როცა შევიტყვე, რომ ღმერთი ცეცხლოვან ჯოჯოხეთში არ სჯიდა ადამიანებს; ეს მოძღვრება მთელი ცხოვრება მაშინებდა.
მაოცებდა, რომ იეჰოვას მოწმეები ყველა გადაწყვეტილებას ბიბლიის საფუძველზე იღებდნენ.
ისინი თავიანთი რწმენის თანახმად ცხოვრობდნენ. ძალიან რთული ადამიანი ვიყავი, მაგრამ იეჰოვას მოწმეები დიდი სიყვარულითა და პატივისცემით მეპყრობოდნენ.ყველაზე რთული ჩემთვის უღირსობის გრძნობის დაძლევა აღმოჩნდა. საკუთარი თავი მეზიზღებოდა და ეს გრძნობა მას შემდეგაც კარგა ხანს მახსენებდა თავს, რაც იეჰოვას მოწმე გავხდი. იეჰოვა მიყვარდა, მაგრამ მეეჭვებოდა, რომ ის ჩემნაირ ადამიანს ოდესმე შეიყვარებდა.
აზროვნება მონათვლიდან 15 წლის შემდეგ შემეცვალა. ერთხელ იეჰოვას მოწმეთა სამეფო დარბაზში მომხსენებელმა ამოიკითხა იაკობის 1:23, 24. ამ მუხლებში ღვთის სიტყვა შედარებულია სარკეს, რომელშიც ჩვენს თავს ისე ვხედავთ, როგორც იეჰოვა გვხედავს. მაშინ იმაზე ფიქრი დავიწყე, რომ ისე არ ვუყურებდი საკუთარ თავს, როგორც იეჰოვა. თავდაპირველად მინდოდა, თავიდან ამომეგდო ეს აზრი. ჯერ კიდევ ვფიქრობდი, რომ არ ვიმსახურებდი იეჰოვას სიყვარულს.
რამდენიმე დღის შემდეგ წავიკითხე ერთი ბიბლიური მუხლი, რომელმაც ჩემი ცხოვრება შეცვალა. ეს იყო ესაიას 1:18, სადაც იეჰოვა ამბობს: „მოდით და მოვაგვაროთ საქმეები . . . ალისფერიც რომ იყოს თქვენი ცოდვები, თოვლივით გათეთრდება; შინდისფერი ქსოვილივითაც რომ იყოს, მატყლს დაემსგავსება“. თითქოს ამ სიტყვებს იეჰოვა მე მეუბნებოდა: „მოდი ვიკი, მოვაგვაროთ საქმეები. მე გიცნობ შენ, ვიცი შენი ცოდვები, მაგრამ შენს გულსაც ვხედავ და მიყვარხარ“.
ის ღამე თეთრად გავათენე. ჯერ კიდევ არ ვიყავი დარწმუნებული, რომ იეჰოვას შეეძლო ჩემი შეყვარება, მაგრამ იესოს გამოსასყიდზეც დავიწყე ფიქრი. უცებ გონება გამინათდა და დავინახე, რომ იეჰოვა ამდენი ხნის მანძილზე მოთმინებას ავლენდა ჩემ მიმართ და არაერთგზის მარწმუნებდა თავის სიყვარულში. აქამდე კი ფაქტიურად იეჰოვას ვეუბნებოდი: „იმდენად ცოდვილი ვარ, რომ შენს სიყვარულს ვერასდროს დავიმსახურებ და შენი ძის მსხვერპლიც ვერ გადაფარავს ჩემს ცოდვებს“. თითქოს იეჰოვას ხელს ვუკრავდი გამოსასყიდზე. მაგრამ ბოლოს, როგორც იქნა, ფასდაუდებელ გამოსასყიდზე ფიქრის შემდეგ, დავრწმუნდი, რომ იეჰოვას ვუყვარდი.
კურთხევები:
დღეს აღარ მქენჯნის სინდისი და სიცოცხლით ვტკბები. ბედნიერი ოჯახი მაქვს. მიხარია, რომ სხვებს ჩემს გამოცდილებას ვუზიარებ და ვეხმარები. ახლა უფრო ახლოს ვარ იეჰოვასთან, ვიდრე ოდესმე.
„ეს ჩემს ლოცვაზე პასუხი იყო“ — სერგეი ბოტანკინი
-
დაბადების წელი: 1974
-
ქვეყანა: რუსეთი
-
წარსულში: ჰევი-მეტალის თაყვანისმცემელი
მოკლე ბიოგრაფია:
დავიბადე ვოტკინსკში, სადაც ცნობილი კომპოზიტორი პეტრე ილიას ძე ჩაიკოვსკი დაიბადა. ჩვენი ოჯახი ღარიბულად ცხოვრობდა. მამაჩემს ბევრი კარგი თვისება ჰქონდა, მაგრამ სმა უყვარდა. ამის გამო ოჯახში ყოველთვის დაძაბულობა იყო.
სკოლაში კარგად არ ვსწავლობდი. წლების გასვლასთან ერთად უღირსობის გრძნობა განმივითარდა. ასე მეგონა, რომ ვერასდროს გავხდებოდი სხვებივით კარგი. გულჩათხრობილი გავხდი
და სხვების მიმართ უნდობლობა გამიჩნდა. სკოლაში ძალიან დაძაბული ვიყავი. მაგალითად, გაკვეთილის მოყოლის დროს ხშირად ელემენტარულ საკითხებსაც ვერ ვაყალიბებდი, არადა სახლში ამის გაკეთება არ მიჭირდა. მე-8 კლასი რომ დავამთავრე, ჩემი შეფასების ფურცელზე ეწერა: „აქვს სიტყვათა მწირი მარაგი და არ შეუძლია საკუთარი აზრების ჩამოყალიბება“. ამ სიტყვებმა შინაგანად დამანგრია და კიდევ უფრო უღირსად მაგრძნობინა თავი. მეგონა, ცხოვრებას აზრი არ ჰქონდა.მოზარდობაში ალკოჰოლური სასმელების დალევა დავიწყე. თავიდან სასმელი კარგ ხასიათზე მაყენებდა, მაგრამ, როცა უზომოდ ვსვამდი, სინდისი მქენჯნიდა. ცხოვრება უაზროდ მეჩვენებოდა. დეპრესიაში ჩავვარდი; ზოგჯერ დღეები ისე გადიოდა, რომ სახლიდან არ გამოვდიოდი. იმ ზომამდეც კი მივედი, რომ თავის მოკვლაზე ფიქრი დავიწყე.
20 წლის ასაკში დროებით ვიგრძენი შვება, რადგან ჰევი-მეტალმა გამიტაცა. ეს მუსიკა ენერგიას მმატებდა. დავუმეგობრდი ჰევი-მეტალის თაყვანისმცემლებს. თმა გავიზარდე, ყურები გავიხვრიტე და ისე ვიცვამდი, როგორც ჰევი-მეტალის მომღერლები. წინდაუხედავად ვიქცეოდი და აგრესიას ვავლენდი. ოჯახში ხშირად მქონდა კონფლიქტები.
მეგონა, რომ ჰევი-მეტალი ბედნიერებას მომიტანდა, მაგრამ სრულიად საპირისპირო მოხდა. სულ სხვა ადამიანი გავხდი. როცა რაიმე ცუდს ვიგებდი ჩემი სათაყვანებელი ვარსკვლავების შესახებ, ეს ჩემთვის ღალატის ტოლფასი იყო.
ისევ დავიწყე თვითმკვლელობაზე ფიქრი, ოღონდ ამჯერად სერიოზულად. ერთადერთი რაც მაჩერებდა, დედაჩემი იყო. ვფიქრობდი, როგორ იმოქმედებდა ეს მასზე. დედას უზომოდ ვუყვარდი და ძალიან ბევრი რამ ჰქონდა ჩემთვის გაკეთებული. მეტად რთულ სიტუაციაში აღმოვჩნდი. აღარ მინდოდა სიცოცხლე, მაგრამ ვერც თავს ვიკლავდი.
ყურადღება რომ სხვა რამეზე გადამეტანა, რუსული კლასიკის კითხვა დავიწყე. ერთ ნაწარმოებში საუბარი იყო გმირზე, რომელიც ეკლესიაში მსახურობდა. მოულოდნელად გამიჩნდა სურვილი, რომ რაღაც გამეკეთებინა ღვთისა და ადამიანებისთვის. ისეთი რამ გავაკეთე, რაც მანამდე არასდროს გამეკეთებინა — ღმერთს ლოცვაში გული გადმოვუღვარე. მას შევთხოვე, დაენახვებინა ჩემთვის, როგორ მეცხოვრა აზრიანად. ლოცვის დროს საოცარი შვება ვიგრძენი. ამაზე გასაოცარი კი ის იყო, რაც შემდგომში მოხდა. სულ რაღაც ორ საათში ერთმა იეჰოვას მოწმემ დააკაკუნა ჩემს კარზე და ბიბლიის შესწავლა შემომთავაზა. მივხვდი, რომ ეს ჩემს ლოცვაზე პასუხი იყო. ამ დღიდან მოყოლებული ბედნიერი ვარ.
ბიბლიამ ჩემი ცხოვრება შეცვალა:
ჰევი-მეტალთან დაკავშირებული ყველა ნივთი გადავყარე, თუმცა ამის გაკეთება ადვილი არ იყო. მიუხედავად ამისა, დიდი ხნის მანძილზე ამ მუსიკას თავიდან ვერ ვიგდებდი. როცა ისეთ ადგილას გავივლიდი, სადაც ეს მუსიკა ჟღერდა, წარსული მაშინვე ამომიტივტივდებოდა ხოლმე გონებაში. არ მინდოდა წარსულის არასასიამოვნო მოგონებებს დაეჩრდილა ის ყოველივე კარგი, რაც ამჟამად ფესვს იდგამდა ჩემს გულსა და გონებაში. ამიტომ, შეგნებულად ვარიდებდი თავს ასეთ ადგილებს. როგორც კი წარსული თავს მახსენებდა, მხურვალედ ვიწყებდი ლოცვას. ეს დამეხმარა, განმეცადა „ღვთის მშვიდობა, რომელიც ნებისმიერ აზრს აღემატება“ (ფილიპელები 4:7).
როცა ბიბლიის შესწავლა დავიწყე, გავიგე, რომ ქრისტიანებს მოეთხოვებოდათ თავისი რწმენის სხვებისთვის გაზიარება (მათე 28:19, 20). ვფიქრობდი, რომ ამას ვერასდროს შევძლებდი. მაგრამ, რასაც ბიბლიიდან ვსწავლობდი, ძალიან მახარებდა და შინაგან სიმშვიდეს მგვრიდა. ვიცოდი, რომ სხვებსაც უნდა გაეგოთ ჭეშმარიტება. შიშის მიუხედავად, ჩემს რწმენაზე საუბარი სხვებთანაც დავიწყე. ჩემდა გასაკვირად, ქადაგებამ საკუთარი თავისადმი რწმენა შემმატა. ამავე დროს, ბიბლიური სწავლებებისადმი რწმენაც განმიმტკიცდა.
კურთხევები:
დღეს ბედნიერი ოჯახი მაქვს. ძალიან მიხარია, რომ რამდენიმე ადამიანს ბიბლიის შესწავლაში დავეხმარე, მათ შორის ჩემს დასა და დედას. ღვთის მსახურებამ ჩემს ცხოვრებას ნამდვილი აზრი შესძინა.