არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

 მკითხველები გვეკითხებიან

რატომ არ აღნიშნავს ზოგი შობას?

რატომ არ აღნიშნავს ზოგი შობას?

მთელ მსოფლიოში ყოველწლიურად დაახლოებით 2 მილიარდი ადამიანი აღნიშნავს შობას 25 დეკემბერს, 200 მილიონი კი ამ დღესასწაულს 7 იანვარს ზეიმობს. თუმცა, მილიონობით ადამიანი საერთოდ არ აღნიშნავს შობის დღესასწაულს. რა არის ამის მიზეზი?

ზოგი შესაძლოა იმიტომ არ აღნიშნავს შობას, რომ ქრისტიანები არ არიან. ზოგი მათგანი იუდაიზმის, ინდუიზმისა და სინტოიზმის მიმდევარია. ზოგიც ათეისტი, აგნოსტიკოსი ან უბრალოდ არარელიგიური ადამიანია და მიაჩნია, რომ ქრისტესშობასთან დაკავშირებული ცნობები მითია.

რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, მთელ მსოფლიოში მილიონობით ქრისტიანია, რომლებიც არ იცავენ საშობაო ტრადიციებს. რატომ? ოთხი ძირითადი მიზეზის გამო.

პირველი მიზეზი: მათ არ სჯერათ, რომ იესო დეკემბერში ან იანვარში დაიბადა. ბიბლიაში იესოს დაბადების თარიღი არ არის მოცემული. ღვთის სიტყვაში მხოლოდ ეს არის ნათქვამი: «იმ მხარეში მწყემსები იყვნენ ველად და ღამით თავიანთ სამწყსოს დარაჯობდნენ. უეცრად იეჰოვას ანგელოზი დადგა მათ წინაშე და . . . უთხრა მათ: „ . . . დღეს დავითის ქალაქში დაიბადა თქვენი მხსნელი, უფალი ქრისტე“» (ლუკა 2:8—11).

არაერთი ფაქტი მოწმობს იმაზე, რომ იესო დაახლოებით ოქტომბრის დასაწყისში დაიბადა, როცა მწყემსებს ფარა ჯერ კიდევ მინდორში ჰყავდათ ღამით. დეკემბერ-იანვარში ბეთლემსა და მის შემოგარენში საკმაოდ ცივა. ამიტომ, წელიწადის ამ დროს მწყემსებს ცხვარი ფარეხებში ჰყავთ, რათა სიცივეში არ დაეხოცოთ.

მეორე მიზეზი: იესომ თავის მიმდევრებს მითითებები მისცა, რომ მისი სიკვდილის გახსენების საღამო უბრალო ვახშმით აღენიშნათ, დაბადების დღეზე კი არაფერი უთქვამს (ლუკა 22:19, 20). ყურადღება მიაქციეთ იმასაც, რომ მარკოზისა და იოანეს სახარებებში იესოს დაბადებაზე არაფერია ნათქვამი.

იესომ თავის მიმდევრებს მითითებები მისცა, რომ მისი სიკვდილის გახსენების საღამო აღენიშნათ, დაბადების დღეზე კი არაფერი უთქვამს

მესამე მიზეზი: არ არსებობს ისტორიული ცნობები იმის თაობაზე, რომ პირველი საუკუნის ქრისტიანები აღნიშნავდნენ ქრისტესშობას. თუმცა, შეგვიძლია იმის დანამდვილებით თქმა, რომ ისინი აღნიშნავდნენ იესოს სიკვდილის გახსენების საღამოს (1 კორინთელები 11:23—26). იესოს დაბადებიდან 300 წელზე მეტი იყო გასული, როცა ქრისტიანულმა სამყარომ პირველად აღნიშნა მისი შობა 25 დეკემბერს. საინტერესოა ისიც, რომ XVII საუკუნის შუა ხანებში ინგლისის პარლამენტმა შობის დღესასწაულის აღნიშვნა აკრძალა. მასაჩუსეტსის (აშშ) გენერალურმა საბჭომაც მსგავსი გადაწყვეტილება მიიღო. ერთ-ერთ წიგნში ნათქვამია: „არანაირი ბიბლიური თუ ისტორიული საფუძველი არ არსებობს იმისათვის, რომ ქრისტეს დაბადება 25 დეკემბერს აღვნიშნოთ“ (The Battle for Christmas). ამავე წიგნში ვკითხულობთ, რომ პურიტანების აზრით, „შობის დღესასწაული ქრისტიანულ საბურველში გახვეული წარმართული დღესასწაული იყო“.

მეოთხე მიზეზი: დღესასწაულს წარმართული დასაბამი აქვს. მის ფესვებს წარმართულ რომში მივყავართ, სადაც ზარ-ზეიმით აღნიშნავდნენ ნაყოფიერების ღვთაების, სატურნისა და „უძლეველი მზის“ ღმერთის ანუ მითრასადმი მიძღვნილ დღესასწაულს. ანთროპოლოგი კრისტიან რაში და კლაუდია მიულერ-ებელინგი თავიანთ წიგნში შობის დღესასწაულთან დაკავშირებით შემდეგ რამეს ამბობენ: „ბევრი სხვა ქრისტიანობამდელი მრწამსისა თუ წეს-ჩვეულების მსგავსად, ყოველწლიური დღესასწაულიც, რომლის დროსაც მზის ნაბუნიობას აღნიშნავდნენ, ქრისტესთან დააკავშირეს და ქრისტესშობა დაარქვეს“ (Pagan Christmas).

თუ გავითვალისწინებთ ყოველივე ზემოთქმულს, გასაგებია, თუ რატომ არ აღნიშნავენ ჭეშმარიტი ქრისტიანები შობას.