იესოს აღდგომა სიცოცხლეს ნიშნავს!
იესოს აღდგომა უბრალოდ ერთ დროს მომხდარი ძველი ამბავი როდია. მას უდიდესი მნიშვნელობა აქვს დღეს ჩვენთვის. მოციქულმა პავლემ დაწერა: „მკვდრეთით აღდგა ქრისტე, სიკვდილის ძილით მიძინებულთა პირველი ნაყოფი. როგორც ადამიანის მეშვეობით არის სიკვდილი, ასევე ადამიანის მეშვეობით მკვდრეთით აღდგომაც. როგორც ადამში კვდება ყველა, ასევე გაცოცხლდება ყველა ქრისტეში“ (1 კორინთელები 15:20—22).
იესო ახ. წ. 33 წლის 16 ნისანს აღდგა. წელიწადის ამ დღეს ებრაელები, ჩვეულებრივ, ღმერთს მოსავლის პირველნაყოფს სწირავდნენ იერუსალიმის ტაძრის საწმინდარში. როდესაც პავლემ მკვდრეთით აღმდგარ იესოს პირველნაყოფი უწოდა, ამით ხაზი გაუსვა იმას, რომ მის გარდა სიკვდილისგან თავს სხვებიც დაიხსნიდნენ.
შემდეგ პავლე ხსნის, რა გახდა შესაძლებელი იესოს აღდგომით: „როგორც ადამიანის მეშვეობით არის სიკვდილი, ასევე ადამიანის მეშვეობით მკვდრეთით აღდგომაც“. ვინაიდან ადამისგან გადმოგვეცა ცოდვა და არასრულყოფილება, ჩვენ ყველანი ვკვდებით. მაგრამ თავისი სრულყოფილი სიცოცხლის მსხვერპლად გაღებით, იესომ მკვდრეთით აღდგომის შესაძლებლობა მისცა ადამიანებს, რაც ცოდვისა და სიკვდილის გავლენისგან თავის დახსნას ნიშნავს. ბოლოს პავლე რომაელების 6:23-ში ასეთ დასკვნას აკეთებს: „ცოდვის საზღაური სიკვდილია, ხოლო ძღვენი, რომელსაც ღმერთი გვაძლევს — მარადიული სიცოცხლე ჩვენი უფლის ქრისტე იესოს მეშვეობით“.
იესომაც ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ მის სიკვდილს და შემდგომ აღდგომას დიდი მნიშვნელობა ექნებოდა ჩვენთვის. თავის თავზე მან ასეთი რამ თქვა: „უნდა ამაღლდეს კაცის ძეც, რათა ყველას, ვისაც ის სწამს, მარადიული სიცოცხლე ჰქონდეს. ღმერთმა ქვეყნიერება ისე შეიყვარა, რომ თავისი მხოლოდშობილი ძე მისცა, რათა ვისაც ის სწამს, არ დაიღუპოს, არამედ მარადიული სიცოცხლე ჰქონდეს“ (იოანე 3:14—16).
შეგიძლიათ წარმოიდგინოთ — უბოლოო სიცოცხლე სადარდებლის, ტკივილისა და წუხილის გარეშე?! (გამოცხადება 21:3, 4). რა ბრწყინვალე იმედია! ერთი სწავლული ამბობს: „მაშინ, როცა სასაფლაო შეგვახსენებს, თუ რა ხანმოკლეა სიცოცხლე, მკვდრეთით აღდგომა შეგვახსენებს, რა ხანმოკლეა სიკვდილი“. დიახ, იესოს აღდგომა ნამდვილად სიცოცხლეს ნიშნავს!