არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

 ბიბლია ადამიანთა ცხოვრებას ცვლის

ბიბლია ადამიანთა ცხოვრებას ცვლის

ბიბლია ადამიანთა ცხოვრებას ცვლის
  • დაბადების წელი: 1960

  • ქვეყანა: ფინეთი

  • წარსულში: ჰევი-მეტალის მომღერალი

მოკლე ბიოგრაფია:

გავიზარდე საპორტო ქალაქ ტურკუს ერთ ღარიბ უბანში. მამაჩემი ჩემპიონი იყო კრივში, მე და ჩემი უმცროსი ძმაც აქტიურად ვიყავით ჩაბმული სპორტის ამ სახეობაში. სკოლაში ხშირად ვჩხუბობდი და სულ მუშტებზე ვიყურებოდი. მოზარდობის წლებში ქუჩის ბიჭებს ავყევი და მათთან ერთად ათასნაირ სისაძაგლეს ჩავდიოდი. იმ პერიოდში ჰევი-მეტალმა გამიტაცა და როკ ვარსკვლავობაზე დავიწყე ფიქრი.

შევიძინე დასარტყამი ინსტრუმენტები და ჩამოვაყალიბე ჯგუფი. მალე ჯგუფის წამყვანი მომღერალი გავხდი. მიყვარდა, როცა სცენაზე შეშლილივით ვიქცეოდი. ჩვენი ჯგუფი აგრესიულობით გამოირჩეოდა და გარეგნობაც შესაბამისი გვქონდა, ამიტომ ცოტა ხანში საკმაოდ პოპულარულები გავხდით. უკვე დიდ სცენაზეც გამოვდიოდით, რამდენიმე ალბომიც ჩავწერეთ. ბოლო მათგანს საკმაოდ დიდი გამოხმაურება მოჰყვა. 1980-იანი წლების ბოლოს შეერთებულ შტატებში ვიმოგზაურეთ და ნიუ-იორკსა და ლოს-ანჯელესში რამდენიმე კონცერტი გავმართეთ. იქ შევხვდით მუსიკალური ინდუსტრიის ცნობილ წარმომადგენლებს და ჩვენს შორის გარკვეული ურთიერთობებიც ჩამოყალიბდა.

მართალია, ბენდში ყოფნა დიდ სიამოვნებას მანიჭებდა, მაგრამ ვგრძნობდი, რომ ჩემი ცხოვრება მთლად აზრიანი არ იყო. ვხედავდი, რამხელა აგრესია და კონკურენცია სუფევდა მუსიკის სამყაროში და საშინლად არ მსიამოვნებდა ეს. ჩემი უღიმღამო და უშინაარსო ცხოვრების წესითაც უკმაყოფილო ვიყავი. ვფიქრობდი, რომ ჩემნაირ ცუდ ადამიანს ჯოჯოხეთის ცეცხლი არ ასცდებოდა. ათასნაირ რელიგიურ წიგნებში ვიქექებოდი და ჩემს კითხვებზე პასუხებს ვეძებდი. ღმერთსაც ვთხოვდი მთელი გულით დახმარებას, თუმცა დარწმუნებული ვიყავი, რომ მის მოწონებას ვერასოდეს დავიმსახურებდი.

ბიბლიამ ჩემი ცხოვრება შეცვალა:

პარალელურად ფოსტაშიც ვმუშაობდი და იქიდანაც ვიღებდი შემოსავალს. ერთ დღესაც აღმოვაჩინე რომ, ჩვენი ერთი თანამშრომელი იეჰოვას მოწმე ყოფილა. მას უამრავი კითხვა დავუსვი. მისმა ლოგიკურმა და ბიბლიურმა პასუხებმა ძალიან დამაინტერესა და მასთან ბიბლიის შესწავლა დავიწყე. ბიბლიის შესწავლის დაწყებიდან რამდენიმე კვირაში ჩვენმა ბენდმა მიიღო სერიოზული შემოთავაზება ალბომის ჩაწერასთან დაკავშირებით; გაგვიჩნდა რეალური შანსი, რომ ჩვენი ალბომი შეერთებულ შტატებში გაყიდულიყო. ეს უკვე დიდი მიღწევა იყო ჩვენი ბენდისთვის.

მოწმეს, რომელიც ბიბლიას მასწავლიდა, ვუთხარი, რომ ამ ალბომის ჩაწერა ძალიან მსურდა და როგორც კი ამ ყველაფერს მოვამთავრებდი, სერიოზულად დავიწყებდი ცხოვრებაში ბიბლიური პრინციპების გამოყენებას. მას არაფერი უთქვამს, მხოლოდ მთხოვა, რომ წამეკითხა მათეს 6:24-ში ჩაწერილი სიტყვები, სადაც იესო ამბობს: „ვერავინ იქნება ორი ბატონის მონა“. როცა ჩავწვდი ამ სიტყვების მნიშვნელობას, გავოცდი, თითქოს თვალი ამეხილაო და გადავწყვიტე, დაუყოვნებლივ დამეტოვებინა ბენდი. როცა ეს ამბავი ჩემმა მასწავლებელმა გაიგო, ახლა უკვე ის დარჩა გაოცებული.

ბიბლია ჩემთვის სარკესავით იყო, რომელშიც შემეძლო საკუთარი ნაკლოვანებების დანახვა (იაკობი 1:2225). საშინელ ცხოვრებას ვეწეოდი, ამაყი და უსაზღვროდ ამბიციური ვიყავი. ვბილწსიტყვაობდი, ვჩხუბობდი, ვეწეოდი და ბევრს ვსვამდი. მივხვდი, რომ საკმაოდ შორს ვიყავი ბიბლიური პრინციპებისგან და საშინელ მორევში ვიძირებოდი. თუმცა ამ ყველაფრის მიუხედავად, მზად ვიყავი ცვლილებებისთვის (ეფესოელები 4:2224).

„ჩვენი ზეციერი მამა გულმოწყალე და კეთილია და მას დიდი სურვილი აქვს, შეუხორცოს ჭრილობები მათ, ვინც ინანიებს თავის შეცდომებს“

წარსულში ჩადენილი შეცდომების გამო თავიდან საშინლად მქენჯნიდა სინდისი. მაგრამ უდიდესი დახმარება გამიწია ჩემმა ბიბლიის მასწავლებელმა. ერთხელ მან ესაიას 1:18-ში ჩაწერილი სიტყვები წამიკითხა: „ალისფერიც რომ იყოს თქვენი ცოდვები, თოვლივით გათეთრდება“. ამ და სხვა ბიბლიურმა მუხლებმა დამარწმუნა, რომ ჩვენი ზეციერი მამა გულმოწყალე და კეთილია და რომ დიდი სურვილი აქვს, შეუხორცოს ჭრილობები მათ, ვინც ინანიებს თავის შეცდომებს.

როცა გავიცანი იეჰოვა და დავაფასე მისი თვისებები, გადავწყვიტე, თავი მიმეძღვნა მისთვის (ფსალმუნი 40:8). 1992 წელს სანკტ-პეტერბურგში იეჰოვას მოწმეების საერთაშორისო კონგრესზე მოვინათლე.

კურთხევები:

იეჰოვას თაყვანისმცემლებს შორის ბევრი კარგი მეგობარი შევიძინე. დროდადრო ვიკრიბებით ერთად და სასიამოვნო მუსიკის მოსმენით ვტკბებით. მუსიკა მართლაც საოცარი ძღვენია ღვთისგან! (იაკობი 1:17). მყავს საყვარელი მეუღლე კრისტინა, რომელიც უდიდესი კურთხევაა ჩემთვის. ჩვენ ჭირშიც და ლხინშიც ერთად ვართ და ერთმანეთს ყოველთვის მხარში ვუდგავართ.

არ ვიცი, ვიქნებოდი თუ არა ცოცხალი, იეჰოვას მოწმე რომ არ გავმხდარიყავი. იყო დრო, როცა პრობლემების მორევში ვიყავი ჩაძირული, მაგრამ ახლა ჩემმა ცხოვრებამ ნამდვილი აზრი შეიძინა და ვგრძნობ, რომ ყველაფერი თავის ადგილას დალაგდა.