მსოფლიო მიკერძოების გარეშე — როდის?
„მე მაქვს ოცნება“, — ეს სიტყვები 50 წლის წინ, 1963 წლის 28 აგვისტოს, წარმოთქვა ამერიკის ადამიანთა უფლებების დამცველი მოძრაობის ლიდერმა მარტინ ლუთერ კინგმა თავის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ გამოსვლაში. გულში ჩამწვდომი სიტყვებით „მე მაქვს ოცნება“ მან გამოხატა თავისი სურვილი და იმედი, რომ ერთ დღესაც აღარ იქნებოდა რასობრივი დისკრიმინაცია. მართალია, ის უშუალოდ შეერთებული შტატების საზოგადოებას მიმართავდა, მაგრამ მისი სიტყვების არსი მალე სხვა ქვეყნებში მცხოვრებმა ხალხმაც გაითავისა.
კინგის მოხსენებიდან სამი თვის შემდეგ, 1963 წლის 20 ნოემბერს, 100-ზე მეტმა ქვეყანამ მიიღო გაეროს დეკლარაცია რასობრივი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ. ამის შემდეგ მომდევნო ათწლეულების განმავლობაში სხვა გლობალური ინიციატივები იქნა შემუშავებული. ნებისმიერი ასეთი ძალისხმევა ერთ უცილობელ კითხვას წარმოშობს: რა იქნა მიღწეული?
2012 წლის 21 მარტს გაეროს გენერალურმა მდივანმა ბან კი-მუნმა განაცხადა: „მიუხედავად იმისა, რომ რასობრივი დისკრიმინაციის, ქსენოფობიისა და მსგავსი შეუწყნარებლობის აღმოსაფხვრელად არსებობს უამრავი სერიოზული ხელშეკრულება და საშუალება, აგრეთვე გლობალური დღის წესრიგი, რასიზმი დღემდე გადაუჭრელ პრობლემად რჩება, რის გამოც მთელ მსოფლიოში მილიონობით ადამიანი იტანჯება“.
მართალია, ზოგმა ქვეყანამ მიაღწია გარკვეულ წარმატებებს რასიზმთან და მიკერძოების სხვა ფორმებთან ბრძოლაში, მაგრამ მაინც ჩნდება კითხვა: ნამდვილად აღმოფხვრა მიღწეულმა წარმატებებმა ადამიანის გულში ღრმად გამჯდარი უარყოფითი გრძნობები თუ მათ უბრალოდ ისწავლეს ამ გრძნობების დამალვა? ზოგის აზრით, უკეთეს შემთხვევაში, ეს ყველაფერი მხოლოდ დისკრიმინაციის თავიდან აცილებას უწყობს ხელს, მაგრამ მიკერძოებასა და სიძულვილთან ბრძოლაში შეიძლება უძლური იყოს. მიზეზი ის გახლავთ, რომ დისკრიმინაცია მოქმედებაში ვლინდება და კანონით ისჯება, მაშინ როცა მიკერძოება და სიძულვილი ადამიანის გულიდან, ფიქრებიდან და ემოციებიდან მომდინარეობს, რომლებსაც ადვილად ვერ გააკონტროლებ.
აქედან გამომდინარე, მიკერძოებისა და სიძულვილის აღმოფხვრის ნებისმიერი მცდელობა იქითკენ უნდა იყოს მიმართული, რომ არა მარტო შეაჩეროს დისკრიმინაცია, არამედ შეცვალოს ადამიანის აზროვნება და დამოკიდებულება სხვა რომელიმე ჯგუფის წარმომადგენლების მიმართ. რამდენად რეალურია ეს? განვიხილოთ რამდენიმე რეალური შემთხვევა, რომლებიც დაგვანახვებს არა მარტო იმას, რომ ადამიანს შეუძლია შეიცვალოს აზროვნება, არამედ იმასაც, თუ როგორ არის ამის მიღწევა შესაძლებელი.
მათ ბიბლია დაეხმარა მიკერძოების დაძლევაში
ლინდა: დავიბადე სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში. ჩემს ქვეყანაში ყველას, ვინც თეთრკანიანი არ იყო, მდაბიო, გაუნათლებელ და არასანდო ადამიანად ვთვლიდი. მეგონა, ისინი მხოლოდ თეთრკანიანების მოსამსახურეებად იყვნენ დაბადებულნი. ვერც კი ვაცნობიერებდი, რომ მიკერძოების მახეში ვიყავი გაბმული. მაგრამ თვალი მაშინ ამეხილა, როცა ბიბლიის სწავლა დავიწყე. გავიგე, რომ ღმერთი „მიკერძოებული არ არის“ და მისთვის ადამიანის გული უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ჩვენი კანის ფერი ან ის, თუ რომელ ენაზე ვლაპარაკობთ (საქმეები 10:34, 35; იგავები 17:3). ფილიპელების 2:3-ში ჩაწერილი სიტყვები დამეხმარა იმის დანახვაში, რომ თუ „სხვებს საკუთარ თავზე აღმატებულად“ ჩავთვლიდი, შევძლებდი წინასწარშექმნილი აზრის მოშორებას. ამგვარი ბიბლიური პრინციპების გამოყენება დამეხმარა, რომ კანის ფერის მიუხედავად ყველას მიმართ გამოვავლინო ყურადღება. როგორც იქნა, თავი დავაღწიე მიკერძოების მახეს.
მაიკლი: ავსტრალიის იმ მხარეში, სადაც მე გავიზარდე, უმეტესობა თეთრკანიანი იყო. ძალიან დიდი სიძულვილი განმივითარდა აზიელების, განსაკუთრებით, ჩინელების მიმართ. როცა მანქანით მივდიოდი და გზაზე აზიელს დავინახავდი, ფანჯარას ჩავუწევდი და მივაძახებდი ხოლმე: „წაეთრიე შენს ქვეყანაში“. მოგვიანებით ბიბლიის შესწავლა დავიწყე და დავინახე, თუ რა თვალსაზრისი აქვს ღმერთს ადამიანებზე. მას ყველა უყვარს და ადამიანებს წარმოშობის ან გარეგნობის მიხედვით არ არჩევს. ამან ჩემზე ძალიან იმოქმედა და ერთ დროს გულში ჩაბუდებული სიძულვილი სიყვარულად გადამექცა. საოცარია იმის დანახვა, რომ რადიკალურად იცვლები. დღეს უკვე დიდ სიამოვნებას მანიჭებს ნებისმიერი წარმომავლობისა თუ ეროვნების ადამიანთან ურთიერთობა. ამან თვალსაწიერი გამიფართოვა და დიდი სიხარული მომიტანა.
სანდრა: დედაჩემი უმუნედედან, დელტას შტატიდან (ნიგერია) იყო, მამაჩემის ოჯახი კი — ედოს შტატიდან და ესან ენაზე ლაპარაკობდა. ასეთი განსხვავებულობის გამო მამაჩემის ოჯახი დედაჩემს მთელი ცხოვრება ავიწროებდა. დავიფიცე, რომ არანაირი საერთო არ მექნებოდა ამ ენაზე მოლაპარაკე ხალხთან და ედოს შტატში მცხოვრებ კაცს ცოლად არასოდეს გავყვებოდი. როცა ბიბლიის შესწავლა დავიწყე, საკითხებს სხვაგვარად დავუწყე ყურება. ბიბლიიდან გავიგე, რომ ღმერთი მიკერძოებული არ არის და ყველა მისი მოშიში მისთვის მოსაწონია. ამიტომ დავფიქრდი, მე ვინ ვიყავი, რომ შემეძულებინა სხვა ტომის ან ენის ადამიანი. შევიცვალე აზროვნება და მშვიდობიანი გავხდი; მამაჩემის ნათესავებთან ურთიერთობა აღვადგინე. ბიბლიური პრინციპების გამოყენებამ ბედნიერება და სულის სიმშვიდე მომიტანა. ეს იმაშიც დამეხმარა, რომ ყველასთან მქონდეს ურთიერთობა მათი წარმომავლობის, რასის, ენისა თუ ეროვნების მიუხედავად. იცით საიდან არის ჩემი ქმარი? ედოს შტატიდან და ესან ენაზე ლაპარაკობს.
როგორ შეუძლია ბიბლიას დაეხმაროს ამ და სხვა უამრავ ადამიანს ძვალ-რბილში გამჯდარი სიძულვილისა და მიკერძოების აღმოფხვრაში? ბიბლია ღვთის სიტყვაა და ამიტომ მას აქვს ძალა, შეცვალოს ადამიანის აზროვნება და სხვებისადმი მისი დამოკიდებულება. გარდა ამისა, ბიბლიიდან იმასაც ვიგებთ, თუ კიდევ რა არის საჭირო მიკერძოებისა და სიძულვილის სრულად აღმოსაფხვრელად.
ღვთის სამეფო ბოლოს მოუღებს მიკერძოებასა და სიძულვილს
ბიბლიური შემეცნების მიღება ეხმარება ადამიანს, გააკონტროლოს და გულიდან ამოიგდოს უარყოფითი გრძნობები, მაგრამ საზოგადოებიდან მიკერძოების მთლიანად აღმოსაფხვრელად საჭიროა ორი საკითხის მოგვარება. პირველი, ეს არის ცოდვა და არასრულყოფილება. ბიბლია გარკვევით ამბობს: „არ არსებობს უცოდველი კაცი“ (1 მეფეები 8:46). ამიტომ რაც არ უნდა ვეცადოთ, ჩვენც ვაწყდებით იმ რეალობას, რასაც პავლე აწყდებოდა. ის წერდა: „მინდა ვაკეთო, რაც სწორია, მაგრამ თან მდევს ცუდი“ (რომაელები 7:21). ასე რომ, დროდადრო ჩვენს არასრულყოფილ გულში შეიძლება გაჩნდეს „ბოროტი ზრახვები“ და ვინმე ავითვალწუნოთ (მარკოზი 7:21).
მეორე, სატანა ეშმაკის გავლენაა. ბიბლია მას კაცისმკვლელს უწოდებს და ამბობს, რომ ეშმაკს „შეცდომაში შეჰყავს მთელი მსოფლიო“ (იოანე 8:44; გამოცხადება 12:9). სწორედ ამით აიხსნება, რატომ არის დღეს ასე გავრცელებული მიკერძოება და რატომ არ შესწევს ადამიანს ძალა, აღმოფხვრას დისკრიმინაცია, გენოციდი და რასობრივი, რელიგიური თუ სხვა სახის შეუწყნარებლობა.
აქედან გამომდინარე, მიკერძოებისა და ძალადობის ბოლომდე აღმოსაფხვრელად ჯერ ცოდვა და არასრულყოფილება უნდა მოისპოს და სატანა ეშმაკის გავლენისგან გავთავისუფლდეთ. ბიბლიიდან ვიგებთ, რომ ამ ცვლილებებს ღვთის სამეფო მოახდენს.
იესო ქრისტე თავის მიმდევრებს ასწავლიდა ასე ელოცათ: „მოვიდეს შენი სამეფო და იყოს შენი ნება როგორც ზეცაში, ისე დედამიწაზე“ (მათე 6:10). ღვთის სამეფოს მეშვეობით მოისპობა ყველანაირი უსამართლობა, მათ შორის შეუწყნარებლობა და მიკერძოება.
როცა ღვთის სამეფო დედამიწაზე დამყარდება, ის სრულად გააკონტროლებს დედამიწის საქმეებს. სატანა შეიბოჭება ანუ მისი ძალაუფლება მთლიანად შეიზღუდება, „რათა შეცდომაში აღარ შეიყვანოს ხალხები“ (გამოცხადება 20:2, 3). ამის შემდეგ დამყარდება „ახალი დედამიწა“, ანუ ადამიანთა საზოგადოება, „სადაც დამკვიდრებული იქნება სიმართლე“ * (2 პეტრე 3:13).
ახალი საზოგადოების წევრები ცოდვისგან გათავისუფლდებიან და გასრულყოფილდებიან (რომაელები 8:21). ღვთის სამეფოს მოქალაქეები „ზიანს აღარ მოიტანენ და აღარაფერს მოსპობენ ... რადგან დედამიწა იეჰოვას ცოდნით აივსება“ (ესაია 11:9). მაშინ ყველა ისწავლის იეჰოვა ღმერთის გზებს და მიჰბაძავს მას სიყვარულის გამოვლენაში. ეს კი მიკერძოებისა და დისკრიმინაციის დასასრულს ნიშნავს, „რადგან ღმერთი მიუკერძოებელია“ (რომაელები 2:11).
^ აბზ. 17 დამატებითი ინფორმაცია ღვთის სამეფოსა და იმის შესახებ, თუ რას მიაღწევს ის, იხილეთ წიგნში „რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში?“, თავები 3, 8 და 9. გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ.