საუბრები ბიბლიურ თემებზე
სწამთ იეჰოვას მოწმეებს იესო?
ქვემოთ მოყვანილია იმის მაგალითი, თუ როგორ შეიძლება წარიმართოს საუბარი. წარმოიდგინეთ, რომ იეჰოვას მოწმე, სახელად ჯონი, კარდაკარ მსახურებისას ესაუბრება მობინადრეს, სახელად ემანუელს.
იესოსადმი რწმენის გამოვლენა მნიშვნელოვანია
ჯონი: გამარჯობა ემანუელ. მიხარია თქვენი ნახვა.
ემანუელი: გამარჯობა.
ჯონი: ახალი ჟურნალები მოგიტანეთ. კარგი სტატიებია, ვფიქრობ, მოგეწონებათ.
ემანუელი: მადლობა. სიმართლე გითხრათ, გამიხარდა, დღეს რომ მოხვედით. რაღაც მინდა გკითხოთ.
ჯონი: კი ბატონო, გისმენთ.
ემანუელი: ორიოდე დღის წინ ჩემს თანამშრომელს თქვენ მოტანილ ჟურნალებზე ველაპარაკებოდი და ვუთხარი, რომ ძალიან საინტერესო იყო. მან მითხრა, მათი ჟურნალები არ წაიკითხო, რადგან იეჰოვას მოწმეებს იესო არა სწამთო. მართალია ეს? თანამშრომელს ვუთხარი, რომ ამ კითხვას პირადად თქვენ დაგისვავდით.
ჯონი: მიხარია, რომ ეს კითხვა მე დამისვით და არა სხვას. თუ ნამდვილად გინდა, გაიგო, რა სწამს ადამიანს, წესით უნდა მიხვიდე და თავად მას ჰკითხო.
ემანუელი: მეც ასე ვფიქრობ.
ჯონი: სინამდვილეში, იეჰოვას მოწმეებს ღრმად გვწამს იესო ქრისტე. ჩვენ გვჯერა, რომ გადარჩენისთვის იესოსადმი რწმენის გამოვლენა უმნიშვნელოვანესია.
ემანუელი: მეც ვფიქრობდი, რომ გწამდათ, მაგრამ, ჩემმა თანამშრომელმა ცოტა დამაეჭვა. მგონი იესოზე ადრე არ გვისაუბრია.
ჯონი: რას იტყვით, ბიბლიაში რომ ვნახოთ რამდენიმე მუხლი, რომლებშიც ნაჩვენებია, თუ რამდენად მნიშვნელოვანია იესოსადმი რწმენის გამოვლენა? ამ მუხლებს იეჰოვას მოწმეები ხშირად იყენებენ ქადაგების დროს.
ემანუელი: კარგი.
ჯონი: დასაწყისში კარგი იქნება, თუ თავად იესოს სიტყვებს ამოვიკითხავთ იოანეს 14:6-დან. კონტექსტიდან ჩანს, რომ აქ იესო ერთ-ერთ თავის მოციქულს ესაუბრება და ეუბნება: „მე ვარ გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე. მამასთან ჩემ გარეშე ვერავინ მივა“. ამ მუხლის თანახმად, მხოლოდ ვისი მეშვეობით შეგვიძლია მამასთან მისვლა?
ემანუელი: იესო ქრისტესი.
ჯონი: მართალია. და ეს იეჰოვას მოწმეებს მტკიცედ გვწამს. როცა ვლოცულობთ, ყოველთვის იესოს სახელით ვლოცულობთ.
ემანუელი: ძალიან საინტერესოა.
ჯონი: შეგვიძლია იოანეს 3:16-ც ვნახოთ. ეს იმდენად მნიშვნელოვანი მუხლია, რომ მას მინიატურულ სახარებასაც კი უწოდებენ. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, იესოს დედამიწაზე მსახურება და მოღვაწეობა ვინმეს რომ ერთი მუხლით აღეწერა, ეს სწორედ ის მუხლი იქნებოდა. ხომ არ წაიკითხავდით?
ემანუელი: კეთილი. „ღმერთმა ქვეყნიერება ისე შეიყვარა, რომ თავისი მხოლოდშობილი ძე მისცა, რათა ვისაც ის სწამს, არ დაიღუპოს, არამედ მარადიული სიცოცხლე ჰქონდეს“.
ჯონი: იცოდით ეს მუხლი?
ემანუელი: კი, ბევრჯერ წამიკითხავს.
ჯონი: ძალიან კარგი. მოდი, კარგად ჩავუკვირდეთ ამ მუხლს. იესო ამბობს, რომ ღმერთს უყვარს ადამიანები და ამიტომ აძლევს მათ მარადიული სიცოცხლის შესაძლებლობას. მაგრამ, ჩვენ რა მოგვეთხოვება?
ემანუელი: ვფიქრობ, რწმენის გამოვლენა.
ჯონი: მართალია. უფრო კონკრეტულად კი ღვთის მხოლოდშობილი ძის, იესო ქრისტესადმი უნდა გამოვავლინოთ რწმენა. იესოსადმი რწმენის გამოვლენაზეა დამოკიდებული, ვიცხოვრებთ თუ არა მარადიულად. ამ საკითხზე ეს ჟურნალიც ამახვილებს ყურადღებას, რომელიც მე მოგიტანეთ. ნახეთ, რა წერია მეორე გვერდზე: „ჟურნალი რწმენას გვიღრმავებს იესო ქრისტეს მიმართ, რომელმაც თავი გასწირა ჩვენთვის და მარადიული სიცოცხლის შესაძლებლობა მოგვცა. იესო ახლა ღვთის სამეფოს მეფეა“.
ემანუელი: გასაგებია. როგორც ვხედავ, თავად თქვენი ჟურნალი ამტკიცებს, რომ იეჰოვას მოწმეებს გწამთ იესო.
ჯონი: ნამდვილად.
ემანუელი: აბა, რატომ ამბობს ზოგი, რომ არ გწამთ იესო?
ჯონი: ამის მიზეზი შეიძლება რამდენიმე იყოს. ზოგი უბრალოდ სხვის ნათქვამს იმეორებს, ზოგსაც ამას თავისი მოძღვარი ასწავლის.
ემანუელი: მე ვფიქრობ, ზოგი იმიტომ ამბობს თქვენზე, იესო არა სწამთო, რომ თქვენ იეჰოვას მოწმეები გქვიათ და არა იესოს მოწმეები.
ჯონი: შეიძლება ასეც იყოს.
ემანუელი: რატომ საუბრობთ იეჰოვაზე ამდენს?
„ვამცნე მათ შენი სახელი“
ჯონი: უპირველესად იმიტომ, რომ გვჯერა, ღვთის პირადი სახელის, იეჰოვას, გამოყენება ძალიან მნიშვნელოვანია. იესოც იყენებდა ღვთის სახელს. დაუკვირდით, რა უთხრა იესომ მამას ლოცვაში. შეგიძლიათ, წაიკითხოთ იოანეს 17:26?
ემანუელი: რა თქმა უნდა. „ვამცნე მათ შენი სახელი და კვლავაც ვამცნობ, რათა სიყვარული, რომლითაც შემიყვარე, მათში იყოს და მე მათთან ვიყო ერთობაში“.
ჯონი: მიაქციეთ ყურადღება იმ აზრს, რომ იესო ხალხს ღვთის სახელს ამცნობდა? თქვენი აზრით, რატომ აკეთებდა ამას?
ემანუელი: ვერ გეტყვით.
გადარჩენისთვის იესოსადმი რწმენის გამოვლენა მნიშვნელოვანია
ჯონი: მოდი, სხვა მუხლიც ვნახოთ, რომელიც ნათელს ჰფენს ამ საკითხს. ეს არის საქმეების 2:21. აქ წერია: „ყოველი, ვინც იეჰოვას სახელს უხმობს, გადარჩება“. დამეთანხმებით, თუ იეჰოვას სახელის მოხმობა გადარჩენისთვის აუცილებელი მოთხოვნაა, იესოს ეს უსათუოდ ეცოდინებოდა.
ემანუელი: კი, ნამდვილად.
ჯონი: დიახ, იესო იმიტომ თვლიდა მნიშვნელოვნად, მის მოწაფეებს სცოდნოდათ და გამოეყენებინათ ღვთის სახელი, რომ ეს მათი გადარჩენისთვის იყო აუცილებელი. და ეს არის ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი იმისა, თუ რატომ ვსაუბრობთ ამდენს იეჰოვაზე. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, ვამცნოთ ადამიანებს ღვთის სახელი და დავეხმაროთ მათ ამ სახელის მოხმობაში.
ემანუელი: კი, მაგრამ, ვინც არ იცის ღვთის სახელი ან უბრალოდ მას სახელით არ მოიხსენიებს, სინამდვილეში, თავის გულში ხომ იცის, ვის გულისხმობს?!
ჯონი: სადღაც მართალი ხართ. თუმცა, თავისი სახელის გაცხადებით ღმერთმა გაგვიადვილა მასთან მიახლოება.
ემანუელი: რას გულისხმობთ?
ჯონი: აბა, დავფიქრდეთ: სულაც არ იყო საჭირო რომ მოსეს სახელი გვცოდნოდა. უბრალოდ გვეცოდინებოდა, რომ იყო ერთი კაცი, რომელმაც წითელი ზღვა შუაზე გაყო ან ვისაც ღმერთმა ათი მცნება მისცა. ანდა მაგალითად ნოეს სახელი. საკმარისი იქნებოდა იმის მოხსენიება, რომ ამ კაცმა ააგო კიდობანი და გადაარჩინა თავისი ოჯახი და ცხოველები. თუ ასე ვიმსჯელებთ, იესო ქრისტეს სახელიც არ იქნებოდა საჭირო და მხოლოდ ის გვეცოდინებოდა, რომ ის მოვიდა ზეციდან და ჩვენი ცოდვებისთვის მოკვდა, ასე არ არის?
ემანუელი: ჰო, ასეა.
ჯონი: მაგრამ ღმერთს სურდა, რომ გვცოდნოდა მათი სახელები. როცა ადამიანის სახელი იცი, შენთვის უფრო რეალური ხდება მისი ისტორია. მართალია, პირადად არასოდეს შევხვედრივართ მოსეს, ნოეს ან იესოს, მაგრამ მათი სახელების ცოდნა ამ პიროვნებებს ჩვენთვის უფრო რეალურს და ახლობელს ხდის.
ემანუელი: ამ კუთხით არასოდეს მიფიქრია, მაგრამ თქვენი ნათქვამი ლოგიკურად ჟღერს.
ჯონი: დიახ, ეს გახლავთ იმის კიდევ ერთი მიზეზი, რატომაც ვიყენებთ იეჰოვას მოწმეები ღვთის სახელს ასე ხშირად. ჩვენ გვსურს, რომ დავეხმაროთ ადამიანებს, რწმენა განივითარონ იეჰოვა ღმერთისადმი, როგორც რეალური პიროვნებისადმი, ვისთანაც შეიძლება დაახლოება. ამავე დროს, იმასაც ვთვლით, რომ ჩვენ გადარჩენაში იესოს დიდი როლი აკისრია. მოდი, წავიკითხოთ ერთი მუხლი, რომელიც გამოკვეთავს ამ აზრს.
ემანუელი: კეთილი.
ჯონი: დასაწყისში იოანეს 14:6 წავიკითხეთ; გახსოვთ, იესომ თქვა, რომ ის არის „გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე“. ახლა ვნახოთ, რას ამბობს იესო მანამდე და წავიკითხოთ იოანეს 14:1. ხომ არ წაიკითხავდით ამ მუხლის ბოლო ნაწილს?
ემანუელი: კი, ბატონო. „ირწმუნეთ ღმერთი და მირწმუნეთ მე“.
ჯონი: თქვენი აზრით, ამბობს ეს მუხლი იმას, რომ ჭეშმარიტი რწმენა მოიცავს მხოლოდ იესოსადმი რწმენას ან მხოლოდ იეჰოვასადმი რწმენას?
ემანუელი: არა. იესო ამბობს, რომ ორივე უნდა ვირწმუნოთ.
ჯონი: მართალი ხართ. დარწმუნებული ვარ, იმაშიც დამეთანხმებით, რომ მხოლოდ თქმა, რომ გვწამს ღმერთი და იესო, საკმარისი არ არის. ჩვენი ცხოვრებითაც უნდა ცხადვყოთ, რომ ეს ასეა.
ემანუელი: ნამდვილად.
ჯონი: მაგრამ როგორ უნდა ცხადყოს ადამიანმა, რომ ნამდვილად სწამს ღმერთიც და იესოც? რას იტყვით, ამ კითხვაზე მომავალ შეხვედრაზე რომ ვისაუბროთ? *
ემანუელი: რატომაც არა, მობრძანდით.
გაგჩენიათ ბიბლიური კითხვები, რომლებზეც ისურვებდით პასუხის მიღებას? გაინტერესებთ, რა სწამთ იეჰოვას მოწმეებს? თუ ასეა, ჰკითხეთ მათ, როცა შეხვდებით. ისინი დიდი სიამოვნებით გაგესაუბრებიან.
^ აბზ. 58 დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ წიგნი „რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში?“, მე-12 თავი. გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ. ეს წიგნი ხელმისაწვდომია აგრეთვე ვებ-გვერდზე jw.org.