არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

რა იმედი არსებობს ჩვენი წინაპრებისთვის?

რა იმედი არსებობს ჩვენი წინაპრებისთვის?

არც ისე დიდი ხნის წინ კორეაში გამომავალ ერთ გაზეთში ასეთი პროვოკაციული სათაური გამოჩნდა: „ჯოჯოხეთში მოხვდა მშვენიერი შიმ ჩანგი, რომელმაც არაფერი იცოდა იესოს შესახებ?“

სტატიის სათაური პროვოკაციული იმიტომ გახლდათ, რომ კორეული ზღაპრის გმირმა, ახალგაზრდა შიმ ჩანგმა, თავი გასწირა ბრმა მამის დასახმარებლად. ასეთი საქციელის გამო გოგონას წლების განმავლობაში აქებდნენ და ხოტბას ასხამდნენ. ფაქტობრივად, კორეელები „შიმ ჩანგს“ დღემდე თავდადებული შვილის ეტალონად მიიჩნევენ.

ბევრი უსამართლობად და შეურაცხყოფადაც კი მიიჩნევს იმ აზრს, რომ ასეთი თავგანწირული ადამიანი ჯოჯოხეთის ცეცხლში მხოლოდ იმ მიზეზის გამო დაიწვებოდა, რომ ის არ იყო მონათლული ქრისტიანი. ბოლოს და ბოლოს ეს ამბავი ხომ მანამდე დიდი ხნით ადრე მოხდა, სანამ იესო ქრისტეს შესახებ ხმა გოგონას სოფლამდე მიაღწევდა.

სტატიას თანდართული ჰქონდა ინტერვიუ მღვდელთან. მას ჰკითხეს, დაისაჯნენ თუ არა ჯოჯოხეთის ცეცხლით ის ადამიანები, რომლებიც ისე დაიხოცნენ, რომ იესოს შესახებ არაფერი სმენოდათ. მღვდლის პასუხი ასეთი იყო: „ეს ჩვენ არ ვიცით. ჩვენ მხოლოდ ის შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ღმერთს რაღაც აქვს ჩაფიქრებული [ამ ადამიანებისთვის]“.

ნათლობა აუცილებელი მოთხოვნაა გადარჩენისთვის?

„ახალ კათოლიკურ ენციკლოპედიაში“ აღნიშნულია: „ნათლობა აუცილებელია გადარჩენისთვის. თავად იესომ თქვა, რომ თუ კაცი ხელახლა არ დაიბადება წყლისა და წმინდა სულისგან, ვერ შევა ღვთის სამეფოში (ინ. 3:5)“. ამიტომ სჯერა ზოგს, რომ ისინი, რომლებიც მოუნათლავები დაიღუპნენ, ჯოჯოხეთის საწამებელში ხვდებიან ან სხვაგვარად იტანჯებიან.

მაგრამ ბევრი ასეთ შეხედულებას აბსურდულად მიიჩნევს. მილიონები ისე დაიხოცნენ, რომ ბიბლიის შესახებ არაფერი სმენოდათ. ნუთუ ამის გამო იმსახურებენ ისინი მარადიულ სატანჯველს? რას ამბობს ბიბლია?

ბიბლიური იმედი

ბიბლიიდან ნათლად ჩანს, რომ ღმერთი არ უგულებელყოფს იმ ადამიანებს, რომლებმაც ისე იცხოვრეს, რომ არ იცნობდნენ ღვთის მოთხოვნებს. საქმეების 17:30 გვარწმუნებს, რომ „ღმერთმა უგულებელყო უმეცრების დრო“. მაშ, რა იმედი არსებობს მათთვის, რომლებსაც სიცოცხლის განმავლობაში არ მიეცათ ღვთის გაცნობის შესაძლებლობა?

რა აზრია ჩადებული იესოს სიტყვებში: „ჩემთან ერთად იქნები სამოთხეში“?

ამ კითხვაზე პასუხს ვიგებთ იესოს სიტყვებიდან, რომლებიც მან მის გვერდით ძელზე გაკრულ ერთ-ერთ ბოროტმოქმედს უთხრა. იმ კაცმა იესოს სთხოვა: „გამიხსენე, როცა შენს სამეფოში იქნები“. როგორი იყო იესოს პასუხი? „ჭეშმარიტებას გეუბნები დღეს: ჩემთან ერთად იქნები სამოთხეში“ (ლუკა 23:39—43).

ზეციერ ცხოვრებას დაჰპირდა იესო იმ ბოროტმოქმედს? ის კაცი არ იყო „ხელახლა დაბადებული“ წყლისა და სულისგან, რაც აუცილებელი მოთხოვნაა ზეციერ სამეფოში შესასვლელად (იოანე 3:3—6). იესო კი პირიქით, ბოროტმოქმედს იმას დაჰპირდა, რომ კვლავ იცოცხლებდა, თანაც სამოთხეში. ის კაცი იუდეველი იყო და უსათუოდ ეცოდინებოდა, რომ ოდესღაც დედამიწაზე არსებობდა სამოთხე, ედემის ბაღი, რის შესახებაც ბიბლიის პირველივე წიგნშია საუბარი (დაბადება 2:8). იესოს პასუხმა მას იმის უტყუარი იმედი ჩაუსახა, რომ დედამიწაზე აღდგენილ სამოთხეში გაცოცხლდებოდა.

ბიბლია ამბობს, რომ „იქნება მკვდრეთით აღდგომა, მართლებისაც და უმართლოებისაც“ (საქმეები 24:15). უმართლოებში ისინი იგულისხმებიან, რომლებიც სიცოცხლეში არ იცავდნენ ღვთის სამართლიან ნორმებს, რადგან არ იცოდნენ, რა იყო ღვთის ნება. იესო აღადგენს იმ ბოროტმოქმედს და მასთან ერთად მილიონებს, შესაძლოა მილიარდებსაც, რომლებიც „უმეცრების დროს“ ცხოვრობდნენ. და მაშინ უკვე სამოთხედქცეულ დედამიწაზე ისინი გაეცნობიან იეჰოვას მოთხოვნებს და მიეცემათ შესაძლებლობა ღვთისადმი მორჩილებით დაამტკიცონ, რომ უყვართ ღმერთი.

 როდესაც უმართლოები აღდგებიან

აღდგომისას წარსულში ჩადენილი საქმეების მიხედვით განისჯებიან უმართლოები? არა. რომაელების 6:7-ში ვკითხულობთ: „მას, ვინც მოკვდა, ცოდვა მოეხსნა“. თავისი ცოდვებისთვის უმართლომ სიკვდილით გადაიხადა. ასე რომ, სამოთხეში ისინი სიკვდილამდე ჩადენილი ცოდვების გამო კი არ გასამართლდებიან, არამედ იმ საქმეების გამო, რასაც აღდგომის შემდგომ გააკეთებენ.

აღდგომის შემდეგ უმართლოებს ღვთის კანონების გაცნობის შესაძლებლობა მიეცემათ, როდესაც მათ წინ გაიშლება სიმბოლური გრაგნილები. ამის შემდეგ ისინი გასამართლდებიან „თავიანთი საქმეებისამებრ“, ანუ იმის მიხედვით, იცხოვრებენ თუ არა ღვთის პრინციპების თანახმად (გამოცხადება 20:12, 13). ბევრ უმართლოს პირველად მიეცემა იმის რეალური შანსი, რომ გაეცნოს ღმერთს, შეასრულოს მისი ნება და იცხოვროს მარადიულად დედამიწაზე.

ბიბლიის ეს სწავლება ბევრს დაეხმარა, კვლავ განევითარებინა ღვთისადმი რწმენა. იენგ სუგი ერთ-ერთი მათგანია. ის მორწმუნე კათოლიკეების ოჯახში აღიზარდა. მისი ოჯახის წევრები მღვდლები იყვნენ. თავად მონაზვნობისკენ ისწრაფოდა და ამ მიზნის განსახორციელებლად ქალთა მონასტერში წავიდა. მაგრამ როცა დაინახა იქ რაც ხდებოდა, გული გაუტყდა და დატოვა მონასტერი. სწავლებას ჯოჯოხეთის ცეცხლის შესახებ ვერაფრით ეგუებოდა, რადგან ფიქრობდა, რომ ასეთი ტანჯვა ღვთის მხრიდან არც სამართლიანი იყო და არც სიყვარულის გამოხატულება.

ერთხელაც ერთმა იეჰოვას მოწმემ იენგ სუგს შემდეგი სიტყვები ამოუკითხა ბიბლიიდან: „ცოცხლებმა იციან, რომ მოკვდებიან, მკვდრებმა კი არაფერი იციან; არც საზღაური მიეზღვებათ“ (ეკლესიასტე 9:5). მოწმეებმა აუხსნეს მას, რომ მისი წინაპრები არ იტანჯებოდნენ ჯოჯოხეთის ცეცხლში. ის მიხვდა, რომ მათ სიკვდილის ძილით ეძინათ და აღდგომას ელოდნენ.

როდესაც იენგ სუგმა შეიტყო, რომ ბევრს არასოდეს სმენია ბიბლიური ჭეშმარიტება, მათეს 24:14-ში ჩაწერილი იესოს სიტყვები შეისისხლხორცა: „ამ სასიხარულო ცნობას სამეფოს შესახებ იქადაგებენ მთელ მსოფლიოში ყველა ხალხისთვის დასამოწმებლად და მაშინ მოვა აღსასრული“. ახლა ის დადის და სხვებს უზიარებს სასიხარულო ცნობასა და ჩინებულ ბიბლიურ იმედს.

„ღმერთი მიკერძოებული არ არის“

ბიბლიაში ვკითხულობთ: „ღმერთი მიკერძოებული არ არის, არამედ ყოველ ხალხში მისი მოშიში და სიმართლის მქმნელი მოსაწონია მისთვის“ (საქმეები 10:34, 35). აი, ეს გახლავთ სრულყოფილი სამართლიანობა, რასაც ყოველი ჩვენგანი ელის „სიმართლისა და სამართლიანობის მოყვარული“ ღვთისგან (ფსალმუნი 33:5).