მთავარი თემა | ამაოდ ხომ არ ვლოცულობთ?
რატომ მოგვიწოდებს ღმერთი ლოცვისკენ?
ღმერთი მეგობრობის ხელს გვიწვდის
ახლო ურთიერთობის განსავითარებლად მეგობრები ხშირად ესაუბრებიან ერთმანეთს. მსგავსად ამისა, ღმერთი მოგვიწოდებს, ვესაუბროთ მას — გავუზიაროთ ჩვენი ფიქრები და გრძნობები და ასეთი სახით, მასთან ახლო, მეგობრული ურთიერთობა განვავითაროთ. ის გვპირდება: „მომიხმობთ, მოხვალთ, ლოცვით მომმართავთ და მეც მოგისმენთ“ (იერემია 29:12). როდესაც ღმერთს ვესაუბრებით, მარტო ჩვენ კი არ ვუახლოვდებით მას, არამედ ისიც გვიახლოვდება (იაკობი 4:8). ბიბლია გვარწმუნებს, რომ „იეჰოვა ახლოს არის ყველასთან, ვინც მას მოუხმობს“ (ფსალმუნი 145:18). რაც უფრო ხშირად ვილოცებთ, მით უფრო განვამტკიცებთ ჩვენსა და ღმერთს შორის არსებულ მეგობრულ კვანძებს.
„იეჰოვა ახლოს არის ყველასთან, ვინც მას მოუხმობს“ (ფსალმუნი 145:18)
ღმერთს სურს, დაგეხმაროთ
იესომ თქვა: „რომელი თქვენგანი მიაწვდის საკუთარ შვილს ქვას, თუ ის პურსა სთხოვს? ანდა — გველს, თუ ის თევზსა სთხოვს? ამიტომ, თუ თქვენ . . . აძლევთ თქვენს შვილებს იმას, რაც კარგია, მით უმეტეს თქვენი ზეციერი მამა მისცემს მათ, ვინც სთხოვს!“ (მათე 7:9—11). დიახ, ღმერთი მოგიწოდებთ, რომ მას ლოცვით მიმართოთ, რადგან „ის ზრუნავს თქვენზე“ და სურს, დაგეხმაროთ (1 პეტრე 5:7). ის აგრეთვე გიწვევთ, რომ თქვენი დარდი და პრობლემები მას გაანდოთ. ბიბლიაში ნათქვამია: „ნურაფერზე დაიწყებთ წუხილს, არამედ ლოცვით, ვედრებითა და მადლიერებით აცნობეთ ყველა თქვენი სათხოვარი ღმერთს“ (ფილიპელები 4:6).
ადამიანებს აქვთ სულიერი მოთხოვნილებები
ფსიქოლოგები არაერთი დაკვირვების შემდეგ იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ ლოცვის მოთხოვნილება მილიონობით ადამიანს აქვს, თქვენ წარმოიდგინეთ, ათეისტებს და აგნოსტიკოსებსაც კი. * ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ადამიანები სულიერი მოთხოვნილებებით არიან შექმნილნი. იესომ თქვა: „ბედნიერნი არიან სულიერს მოწყურებულნი“ (მათე 5:3). სულიერი მოთხოვნილებების დაკმაყოფილების ერთ-ერთი საშუალება რეგულარული ლოცვაა.
რა სიკეთეს მოგვიტანს, თუ გამოვეხმაურებით ღვთის მოწოდებას და ლოცვით მივმართავთ მას?
^ აბზ. 8 2012 წელს ერთი კვლევითი ცენტრის მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგად გამოვლინდა, რომ შეერთებულ შტატებში მცხოვრები ათეისტებისა და აგნოსტიკოსების 11 პროცენტი თვეში ერთხელ მაინც ლოცულობს (Pew Research Center).