კითხვა 1
კარგად ვიცნობ საკუთარ თავს?
როგორ მოიქცეოდი?
წარმოიდგინე, ერთი გოგონა, პირობითად ლიზი, მეგობრებმა თავისთან დაპატიჟეს. ის ხუთი წუთის მისულიც არაა, რომ უცებ ნაცნობი ხმა ესმის.
„რას ჩამომდგარხარ?!“
ლიზის თავისი მეგობარი, მარი სასმლით ხელში უახლოვდება და ეუბნება: „ბავშვი ხომ აღარ ხარ, ცოტა გაერთე, რა!“
ლიზის არ უნდა, მეგობარს აწყენინოს და მის თვალში გოიმი გამოჩნდეს. ის თავისთვის ფიქრობს: „მარი ცუდი გოგო არაა და თუ ის სვამს, ესე იგი, ამაში საგანგაშო არაფერია. ბოლოს და ბოლოს ნარკოტიკი ხომ არ არის, უბრალოდ სასმელია!“
ლიზის ადგილას შენ როგორ მოიქცეოდი?
შეჩერდი და დაფიქრდი!
მსგავს სიტუაციებში გონივრულ გადაწყვეტილებებს მიიღებ, თუ არ დაკარგავ საკუთარ მეობას. ეს კი იმას ნიშნავს, რომ იცოდე, ვინ ხარ და რა გინდა ცხოვრებაში. თუ ეს კარგად გექნება გააზრებული, მაშინ საკუთარი თავის ბატონ-პატრონი თავად იქნები და სხვები ვერ გიკარნახებენ, როგორ მოიქცე (1 კორინთელები 9:26, 27).
რა შეგიძლია გააკეთო, რომ შეინარჩუნო პიროვნული სიმტკიცე და არ დაკარგო მეობა? ამაში შემდეგ კითხვებზე დაფიქრება დაგეხმარება.
1. რაში ვარ ძლიერი?
თუ საკუთარ თავში აღმოაჩენ ძლიერ მხარეებს, დადებით თვისებებს და ამა თუ იმ უნარს, ეს თავდაჯერებულობას შეგმატებს.
ბიბლიური მაგალითი: მოციქულმა პავლემ დაწერა: „თუ მჭევრმეტყველი არა ვარ, იმას ნამდვილად ვერ ვიტყვი, რომ ცოდნა არ გამაჩნია“ (2 კორინთელები 11:6). წმინდა წერილების სიღრმისეული ცოდნა პავლეს ეხმარებოდა, არ დათრგუნულიყო, როცა სხვები მის შესაძლებლობებს ეჭვქვეშ აყენებდნენ. ის სხვების კრიტიკის მიუხედავად საკუთარი თავისადმი რწმენას არასდროს კარგავდა (2 კორინთელები 10:10; 11:5).
თვითანალიზი: ჩამოწერე, რისი ნიჭი ან უნარი გაქვს.
ახლა აღნიშნე, რა დადებითი თვისებები გაქვს (მაგალითად, ხარ თუ არა მზრუნველი, ხელგაშლილი, სანდო, პუნქტუალური):
2. რაში მოვიკოჭლებ?
ჯაჭვში ერთი რგოლიც რომ სუსტი იყოს, ის ადვილად გაწყდება. თუ მხოლოდ შენს უარყოფით მხარეებზე იფიქრებ, თავს არასრულფასოვნად იგრძნობ.
ბიბლიური მაგალითი: პავლემ კარგად იცოდა, რა სისუსტეები ჰქონდა. მან თქვა: „შინაგანად მართლაც მსიამოვნებს ღვთის კანონი, მაგრამ ჩემს სხეულში სხვა კანონს ვხედავ, რომელიც ებრძვის ჩემი გონების კანონს და . . . თავის ტყვეობაში მაქცევს“ (რომაელები 7:22, 23).
თვითანალიზი: რაში გინდა, გაუმჯობესდე.
3. რა მიზნები მაქვს?
ჩაჯდებოდი ტაქსიში და ეტყოდი მძღოლს, ერთი და იმავე უბნისთვის მანამდე ერტყა წრე, სანამ საწვავი არ გამოელეოდა? ალბათ, არა, რადგან ეს უაზრობა იქნებოდა და ძვირიც დაგიჯდებოდა!
მიზნების დასახვა დაგეხმარება, აზრიანად იცხოვრო და ერთი ადგილი არ ტკეპნო. თუ ზუსტად იცი, სად მიდიხარ, უგზო-უკვლოდ კი არ ივლი, არამედ ადვილად გაიკვლევ გზას.
ბიბლიური მაგალითი: პავლემ დაწერა: „უმიზნოდ არ გავრბივარ“ (1 კორინთელები 9:26). ნაცვლად იმისა, რომ დინებას მიჰყოლოდა, პავლე მიზნებს ისახავდა და მათ მისაღწევად ძალ-ღონეს არ იშურებდა (ფილიპელები 3:12—14).
თვითანალიზი: ჩამოწერე სამი მიზანი, რის მიღწევასაც მომდევნო წელს გეგმავ.
4. რა ფასეულობები მაქვს?
თვითრწმენის გარეშე ვერ იქნები შინაგანად ძლიერი, ვერც სიმტკიცეს გამოიჩენ და ვერც თანატოლების ზეგავლენას გაუძლებ. ეს კი იმაზე იმეტყველებს, რომ შეუმდგარი ადამიანი ხარ და არ გაგაჩნია საკუთარი მეობა.
ამის საპირისპიროდ, როცა დარწმუნებული ხარ საკუთარი შეხედულებების სისწორეში, სხვები ვერასდროს მოგაქცევენ თავიანთ გავლენაში.
ბიბლიური მაგალითი: წინასწარმეტყველი დანიელი ჯერ კიდევ ყმაწვილი იყო, როცა „გულში გადაწყვიტა“, რომ ღვთის კანონებს უერთგულებდა; იგი ამას მაშინაც აკეთებდა, როცა ოჯახისგან მოწყვეტილი იყო (დანიელი 1:8). დანიელი დარწმუნებული იყო თავისი გადაწყვეტილების სისწორეში და ყოველთვის ამ გადაწყვეტილების თანახმად მოქმედებდა.
თვითანალიზი: შენ რა შეხედულებები და ფასეულობები გაქვს? გწამს ღმერთი? თუ ასეა, რატომ? რამ დაგარწმუნა მის არსებობაში?
გჯერა, რომ ღვთის ზნეობრივი ნორმები შენსავე კეთილდღეობას ემსახურება? თუ ასეა, შეგიძლია ახსნა, რატომ?
დაბოლოს, როგორი გინდა, იყო — ჩამოვარდნილი ფოთოლივით, რომელსაც ოდნავი ნიავიც კი ჰაერში იტაცებს, თუ მყარად ფესვგადგმული ხესავით, რომელსაც ძლიერი ქარიშხალიც კი ვერაფერს აკლებს? თუ შეინარჩუნებ მეობას, საკუთარი თავის რწმენას და პიროვნულ სიმტკიცეს, ვერავინ გატარებს თავის ჭკუაზე და ვერ გიკარნახებს, როგორ იცხოვრო. ამ ყველაფერზე დაფიქრება დაგანახვებს, ვინ ხარ და რა გინდა ცხოვრებაში.