მოთხრობა 61
მათ თაყვანი არ სცეს ქანდაკებას
გარკვეული დროის შემდეგ, რაც ნაბუქოდონოსორმა უცნაური სიზმარი ნახა, უზარმაზარი ოქროს ქანდაკება აღმართა დურას ველზე. შემდეგ ქვეყნის გავლენიანი ადამიანები შეკრიბა, რომელთა შორისაც იყვნენ შადრაქი, მეშაქი და აბედნეგო. მეფემ ბრძანა: როგორც კი საყვირის, ქნარისა და გუდასტვირის ხმას გაიგებთ, ქანდაკების წინაშე დაემხეთ. ვინც არ დაემხობა, გახურებულ ღუმელში ჩავაგდებ. როგორ მოიქცეოდა ეს სამი ებრაელი? დაემხობოდნენ ისინი ქანდაკების წინაშე, თუ იეჰოვას ერთგულები დარჩებოდნენ?
მეფემ ბრძანა, მუსიკა დაეკრათ. ყველა დაემხო ქანდაკების წინაშე, გარდა შადრაქის, მეშაქისა და აბედნეგოსი. ზოგიერთებმა დაინახეს ეს და მეფეს ამბავი მიუტანეს: მეფეო, ის სამი ებრაელი თაყვანს არ სცემს ქანდაკებას. ნაბუქოდონოსორმა სამივეს თავისთან მოუხმო და უთხრა: ერთ შანსს კიდევ მოგცემთ. თუ არ დაემხობით და თაყვანს არ სცემთ ქანდაკებას, ღუმელში ჩაგყრით. ვერც ერთი ღმერთი ვერ დაგიხსნით ჩემი ხელიდან! მათ მეფეს მიუგეს: არა, ამას არ გავაკეთებთ. ჩვენს ღმერთს შეუძლია ჩვენი ხსნა, მაგრამ, რომც არ გვიხსნას, მაინც არ ვცემთ თაყვანს ამ კერპს, მეფეო!
ნაბუქოდონოსორი ძალიან გაბრაზდა და ბრძანა შვიდჯერ მეტად გაეხურებინათ ღუმელი. შემდეგ ჯარისკაცებს უბრძანა, ხელ-ფეხი შეეკრათ ამ სამი ებრაელისთვის და ცეცხლი შეეყარათ. ღუმლიდან ისეთი სიმხურვალე გამოდიოდა, რომ ჯარისკაცები მასთან მიახლოებისთანავე დაიხოცნენ. შადრაქი, მეშაქი და აბედნეგო ცეცხლის შუაგულში აღმოჩნდნენ. გაიხედა
ნაბუქოდონოსორმა და ღუმელში სამის ნაცვლად ოთხი კაცი დაინახა, რომლებიც ცეცხლში დადიოდნენ. მას ძალიან შეეშინდა და თავის მსახურებს ჰკითხა: სამი კაცი არ ჩავყარეთ ღუმელში? მე კი ოთხს ვხედავ და ერთი მათგანი ანგელოზს ჰგავს.მეფე ცოტა ახლოს მივიდა ღუმელთან და ხმამაღლა დაიძახა: გამოდით, უზენაესი ღმერთის მსახურებო! შადრაქი, მეშაქი და აბედნეგო ცეცხლიდან უვნებლები გამოვიდნენ. ყველა გაოცებული დარჩა. მათ არც კანი ჰქონდათ დამწვარი, არც თმა და არც ტანსაცმელი; კვამლის სუნიც კი არ ასდიოდათ.
გაოგნებულმა ნაბუქოდონოსორმა წამოიძახა: შადრაქის, მეშაქისა და აბედნეგოს ღმერთი ყველაზე დიდებული ღმერთია! მან თავისი ანგელოზი გამოგზავნა მათ გადასარჩენად. არ არსებობს მისი მსგავსი ღმერთი!
შენც გაქვს გადაწყვეტილი ამ სამი ებრაელივით, ნებისმიერ სიტუაციაში იეჰოვას ერთგული დარჩე?
„იეჰოვას, შენს ღმერთს ეცი თაყვანი და მხოლოდ მას შეუსრულე წმინდა მსახურება“ (მათე 4:10)