არჩეულ მასალაზე გადასვლა

ახალგაზრდების შეკითხვები

როგორ მოვიქცე, თუ თანატოლები არ მიღებენ თავიანთ წრეში?

როგორ მოვიქცე, თუ თანატოლები არ მიღებენ თავიანთ წრეში?

 „უნდა ეცადო, რომ სხვებისთვის მისაღები იყო, თორემ მეგობრები არ გეყოლება; შენს ცხოვრებას აზრი არც ახლა ექნება და არც მომავალში. მარტოსული იქნები და არავის ემახსოვრები“ (კარლი).

 გაზვიადებული ხომ არ არის ეს სიტყვები? შეიძლება; მაგრამ ზოგი ყველაფერზე მიდის, ოღონდაც კარლის მიერ აღწერილ სიტუაციაში არ აღმოჩნდეს. შენც ასეთი შეხედულება ხომ არ გაქვს? ეს სტატია დაგეხმარება სწორი თვალსაზრისის ჩამოყალიბებაში.

 რატომ ცდილობენ ადამიანები, სხვების მოსაწონები იყვნენ?

  •   იმიტომ რომ არ უნდათ, სხვებმა გარიყონ. „სოციალურ ქსელში დადებული სურათებით გავიგე, რომ ჩემი ჯგუფელები ჩემ გარეშე გასართობად წასულან და კარგი დრო გაუტარებიათ. ლამის ჭკუიდან შევიშალე იმაზე ფიქრით, თუ რატომ არ უნდოდათ ჩემთან ყოფნა და საერთოდ, რატომ არ მოვწონდი მათ“ (ნატალი).

     დაფიქრდი: გიგრძვნია თავი გარიყულად? როგორ უნდა მოიქცე, თუ ყველანაირი მცდელობის მიუხედავად, თანატოლები მაინც არ გიღებენ თავიანთ წრეში?

  •   იმიტომ რომ არ უნდათ, სხვებისგან განსხვავებულები იყვნენ. «მშობლები ტელეფონს არ მყიდულობენ. როცა ბავშვები ტელეფონის ნომერს მეკითხებიან და მე ვეუბნები, რომ არ მაქვს, გაკვირვებულები ამბობენ: „რა?! რამდენი წლის ხარ?“ როცა ვეუბნები, რომ 13-ის ვარ, სიბრალულით გადმომხედავენ ხოლმე» (მარი).

     დაფიქრდი: მშობლების მიერ დადგენილი შეზღუდვებიდან რომელიმე თავს სხვებისგან განსხვავებულად ხომ არ გაგრძნობინებს? როგორ ართმევ თავს ამ ვითარებას?

  •   იმიტომ რომ არ უნდათ, ვინმემ დაჩაგროს. „სკოლაში ბავშვებს არ მოსწონთ ისინი, ვინც განსხვავებულად იქცევიან, საუბრობენ ან სხვა რელიგიის მიმდევრები არიან. თუ მათ დაკრულზე არ ცეკვავ, ჩათვალე, რომ მიზანში ხარ ამოღებული“ (ოლივია).

     დაფიქრდი: მოუყენებიათ შენთვის თანატოლებს შეურაცხყოფა იმის გამო, რომ მათ ჭკუაზე არ გაიარე? როგორ გაართვი თავი პრობლემას?

  •   იმიტომ რომ არ უნდათ მეგობრების დაკარგვა. „მინდოდა იმ წრეს მოვრგებოდი, რომელშიც ვიყავი. სხვებივით ვსაუბრობდი, თუმცა ეს ძალიან არ მსიამოვნებდა. ვიცინოდი იმაზე, რაც არ იყო სასაცილო. როცა თანატოლები სხვებს დასცინოდნენ, მეც ავყვებოდი ხოლმე, არადა კარგად ვიცოდი, რომ ეს ცუდი საქციელი იყო“ (რეიჩელი).

     დაფიქრდი: რამდენად მნიშვნელოვანია შენთვის, რომ თანატოლების მოსაწონი იყო? ხომ არ შეიცვალე იმის გამო, რომ მათ მორგებოდი?

 რა უნდა იცოდე?

  •   მიმბაძველობას ხშირად უარყოფითი შედეგები მოჰყვება. რატომ? იმიტომ რომ ადამიანები ადვილად ამჩნევენ, როცა ვთამაშობთ. „თანაკლასელები არ მიღებდნენ თავიანთ წრეში, როცა თავი იმად მომქონდა, რაც სინამდვილეში არ ვიყავი, — იხსენებს 20 წლის ბრაიანი, — მივხვდი, რომ ჯობია ისეთი იყო, როგორიც ხარ, რადგან სხვები ადვილად ხვდებიან, როცა თვალთმაქცობ“.

     უკეთესი მიდგომა: კიდევ ერთხელ დაფიქრდი, რა არის შენთვის მნიშვნელოვანი? ბიბლიაში ვკითხულობთ: „რათა დარწმუნდეთ, რა უფრო მნიშვნელოვანია“ (ფილიპელები 1:10). ამიტომ დაფიქრდი, რა უფრო მნიშვნელოვანია: მოერგო იმ ადამიანებს, რომლებსაც განსხვავებული ფასეულობები აქვთ, თუ იყო ის, ვინც ხარ?

     „იმის მცდელობა, რომ სხვებს დაემსგავსო, უაზრობაა. ამით ვერც სხვებს მოაწონებ თავს და ვერც უკეთესი ადამიანი გახდები“ (ჯეიმსი).

  •   მცდელობამ, რომ სხვების მოსაწონი გახდე, შეიძლება შენში ჩაკლას კარგი თვისებები. ამან შეიძლება ისეთ ადამიანად გაქციოს, რომელიც ყველაფერს აკეთებს, ოღონდაც სხვას მოაწონოს თავი. „თანატოლებს რომ მოვწონებოდი, იძულებით ვაკეთებდი რაღაცებს, ზოგჯერ ისეთ რამესაც, რითაც რეპუტაცია მელახებოდა, — იხსენებს ჯერემი, — იქამდე მივედი, რომ საკუთარ თავზე კონტროლი დავკარგე და სხვების კარნახით ვცხოვრობდი“.

     უკეთესი მიდგომა: ნაცვლად იმისა, რომ ქამელეონივით იცვალო ფერი გარემოს მიხედვით, გააზრებული უნდა გქონდეს, თუ რა ფასეულობებია შენთვის მნიშვნელოვანი და უნდა იცხოვრო მათ შესაბამისად. ბიბლიის ერთ გამარტივებულ თარგმანში წერია: „ნუ გააკეთებ რაღაცას მხოლოდ იმიტომ, რომ სხვები აკეთებენ“ (გამოსვლა 23:2, „Holy Bible—Easy-to-Read Version“).

     „მინდოდა, მომწონებოდა ყველაფერი, რაც მათ მოსწონდათ — მუსიკა, თამაშები, ჩაცმის სტილი, ტელე-შოუები, მაკიაჟი ... ყველაფერს ვაკეთებდი, რომ მათ დავმსგავსებოდი. მგონი ხვდებოდნენ, რომ ვთვალთმაქცობდი; მგონი ამას ყველა ხვდებოდა, ჩემი ჩათვლით. სიცარიელის და მარტოობის გრძნობა მტანჯავდა. ვეღარ გამეგო, ვინ ვიყავი სინამდვილეში. შინაგანი მე დაკარგული მქონდა. ბოლოს მივხვდი, რომ ვერც შენ მოერგები ყოველთვის სხვებს და ვერც შენ მოგერგებიან სხვები. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ხელი ჩაიქნიო მეგობრების შეძენაზე; უბრალოდ მეგობრების არჩევას და საკუთარი თავის გაცნობას ცოტა მეტი დრო სჭირდება“ (მელინდა).

  •   მიმბაძველობამ შეიძლება გავლენა მოახდინოს შენს ქცევებზე. კრისმა თავისი ბიძაშვილის მაგალითზე დაინახა, რომ ეს ნამდვილად ასეა. ის ამბობს: „სხვების მოსაწონი რომ ყოფილიყო, ისეთი რამის გაკეთება დაიწყო, რასაც ადრე არ აკეთებდა, მაგალითად, ნარკოტიკების მიღება. ცოტა ხანში წამალზე დამოკიდებული გახდა და ცხოვრებაც დაენგრა“.

     უკეთესი მიდგომა: მოერიდე ისეთ ადამიანებს, რომლებიც საუბრებითა და საქციელით აჩვენებენ, რომ არ ცხოვრობენ მაღალი ნორმებით. ბიბლიაში წერია: „ბრძენებთან მოსიარულე თავადაც დაბრძენდება, სულელებთან საქმის დამჭერი კი ხიფათს გადაეყრება“ (იგავები 13:20).

     „ზოგჯერ კარგია ახალი მეგობრების შეძენა; არც ის არის ცუდი, რომ ზოგჯერ მეგობრებს მოერგო. მაგრამ არასოდეს არ უნდა გააკეთო ეს ბიბლიური პრინციპების დარღვევის ხარჯზე. კარგი ადამიანები ისეთს მიგიღებენ, როგორიც ხარ“ (მელანი).

     რჩევა: როცა ადამიანებს ეცნობი და მეგობრების არჩევას აპირებ, ნუ შეაჩერებ არჩევანს მხოლოდ მათზე, ვისაც შენნაირი ინტერესები აქვს. ისეთები ეძებე, ვინც შენს ფასეულობებს იზიარებენ, იქნება ეს სულიერობა თუ მორალური და ეთიკური ნორმები.

    როგორც ყველა ტანსაცმელი ვერ გაგხდის მომხიბვლელს, ისე ვერ წაგწევს წინ ყველა ადამიანთან ურთიერთობა