ახალგაზრდების შეკითხვები
როგორ უნდა მოვიქცე, თუ მშობლების მიერ დადგენილი წესი დავარღვიე?
თითქმის ყველა ოჯახში არსებობს გარკვეული წესები. მშობლებმა შვილებს შეიძლება დაუდგინონ სახლში დაბრუნების კონკრეტული დრო, ელექტრონული მოწყობილობებით სარგებლობის დრო თუ ქცევის წესები.
როგორ უნდა მოიქცე, თუ მშობლების მიერ დადგენილი წესი დაარღვიე? რა თქმა უნდა, მომხდარს ვერ შეცვლი, თუმცა შეგიძლია თავიდან აირიდო სიტუაციის გამწვავება. ეს სტატია დაგეხმარება ამ მიზნის მიღწევაში.
რა არ უნდა გააკეთო
თუ მშობლებმა არ იციან, რომ მათ მიერ დადგენილი წესი დაარღვიე, შეიძლება შეცდომის დამალვის ცდუნება გაგიჩნდეს.
თუ მშობლები გაიგებენ, რომ მათ მიერ დადგენილი წესი დაარღვიე, შეიძლება თავის მართლება დაიწყო ან ამაში სხვა დაადანაშაულო.
ზემოთ ჩამოთვლილთაგან არცერთი არ არის სწორი მიდგომა. რატომ? შეცდომის დამალვა ან თავის მართლება სულაც არაა მოწიფულობის მაჩვენებელი. თუ ასე მოიქცევი, მშობლები ჩათვლიან, რომ ჯერ არ გაზრდილხარ.
„ტყუილი არასდროს არის გამოსავალი. საბოლოოდ სიმართლე მაინც გამომჟღავნდება და იმაზე მეტად დაისჯები, ვიდრე იმ შემთხვევაში, თავის დროზე რომ გეთქვა სიმართლე“ (დიანა).
უკეთესი მიდგომა
აღიარე შეცდომა. ბიბლიაში ვკითხულობთ: „ვინც თავის ცოდვებს მალავს, ხელი არ მოემართება“ (იგავები 28:13). მშობლებს ესმით, რომ სრულყოფილი ვერ იქნები, თუმცა ისინი შენგან გულწრფელობას მოელიან.
„თუ შეცდომას აღიარებ და მშობლებს სიმართლეს ეტყვი, ისინი უფრო ადვილად გაპატიებენ და მათ ნდობასაც მოიპოვებ“ (ოლივია).
მოიხადე ბოდიში. ბიბლიაში ვკითხულობთ: „ყოველი თქვენგანი ერთმანეთის მიმართ თავმდაბლობით შემოისარტყლოს“ (1 პეტრე 5:5). თავმდაბლობაა საჭირო იმისთვის, რომ ბოდიში მოიხადო და არ მოჰყვე თავის მართლებას.
„როცა ხშირად იმართლებ თავს, შენში სინდისის ხმას ახშობ. დროთა განმავლობაში, შეცდომების დაშვებისას სინდისიც აღარ გაწუხებს“ (ჰეთერი).
მზად იყავი, პასუხი აგო შენს საქციელზე. ბიბლიაში ვკითხულობთ: „მოუსმინე დარიგებას“ (იგავები 8:33). არ იწუწუნო და არ უგულებელყო მშობლების მიერ მიღებული დამსჯელობითი ზომები.
„რაც მეტს იწუწუნებ, მით მეტად გაამწვავებ სიტუაციას. ეცადე, გაითვალისწინო მშობლების მიერ დადგენილი შეზღუდვები და სულ იმაზე არ იფიქრო, რაშიც შეზღუდული ხარ“ (ჯეისონი).
დაიბრუნე მშობლების ნდობა. ბიბლიაში ვკითხულობთ: „რათა მოიშოროთ ძველი პიროვნება, რომელიც თქვენი წინანდელი ცხოვრების შესაბამისია“ (ეფესოელები 4:22). ყველაფერი გააკეთე იმისათვის, რომ კვლავ მოიპოვო მშობლების ნდობა.
„თუ გონივრულ გადაწყვეტილებებს მიიღებ და მშობლებს დაანახვებ, რომ იმავე შეცდომას აღარ უშვებ, მათ თვალში ნდობას დაიბრუნებ“ (კარენი).
რჩევა: გააკეთე იმაზე მეტი, ვიდრე შენგან მშობლები მოითხოვენ. ეს გაგიადვილებს მათი ნდობის დაბრუნებას. მაგალითად, როცა სახლიდან გასული ხარ, შეატყობინე მშობლებს, რამდენ ხანში მიხვალ. ასე მოიქეცი იმ შემთხვევაშიც კი, თუ მალევე აპირებ სახლში დაბრუნებას.