არჩეულ მასალაზე გადასვლა

ახალგაზრდების შეკითხვები

როგორ ვესაუბრო მშობლებს მათ მიერ დადგენილ წესებზე?

როგორ ვესაუბრო მშობლებს მათ მიერ დადგენილ წესებზე?

 „15 წლის რომ ვიყავი, მშობლებს ყველაფერში ვემორჩილებოდი. მაგრამ ახლა 19-ის ვარ და ვგრძნობ, რომ მეტი თავისუფლება მჭირდება“ (სილვია).

 თუ შენც სილვიასავით ფიქრობ, ეს სტატია დაგეხმარება, თავისუფლად ესაუბრო მშობლებს ამ საკითხზე.

 რა უნდა იცოდე

 სანამ მშობლებს ოჯახში დადგენილ წესებზე დაელაპარაკები, დაფიქრდი შემდეგ საკითხებზე:

  •  ჩვენი ცხოვრება წესების გარეშე ქაოსური იქნებოდა. წარმოიდგინე მანქანებით გადატვირთული ტრასა, სადაც არც შუქნიშნებია და არც საგზაო ნიშნები. როგორ იმოძრავებს ასეთ გზაზე ტრანსპორტი? საგზაო წესების მსგავსად, ოჯახში დადგენილი წესები წესრიგს უწყობს ხელს.

  •  მშობლების დადგენილი წესები მათ მზრუნველობაზე მეტყველებს. თუ მშობლები შვილებს წესებს არ უდგენენ, ეს იმას ნიშნავს, რომ არ ფიქრობენ მათ კეთილდღეობაზე. განა შეიძლება ასეთი მშობლები კარგ მშობლებად ჩაითვალონ?!

 იცოდით თუ არა? მშობლებიც ემორჩილებიან წესებს. თუ არ გჯერა, წაიკითხე დაბადების 2:24, კანონის 6:6, 7, ეფესოელების 6:4 და 1 ტიმოთეს 5:8.

 როგორ უნდა მოიქცე, თუ მშობლების მიერ დადგენილი წესები მაინც უსამართლოდ გეჩვენება?

 გამოსავალი

 სანამ მშობლებთან ისაუბრებ, დაფიქრდი: რამდენად ემორჩილები მშობლების მიერ დადგენილ წესებს? თუ ხშირად შენს ნებაზე დადიხარ, მშობლებს ვეღარ მოსთხოვ მეტ თავისუფლებას. კარგი იქნება, თუ წაიკითხავ სტატიას „როგორ მოვიპოვო მშობლების ნდობა?

 თუ არ გიჭირს მორჩილება, დაელაპარაკე მშობლებს იმაზე, რაც გაწუხებს, ოღონდ წინასწარ მოემზადე. აზრების წინასწარ ჩამოყალიბება დაგეხმარება, განსაზღვრო, რამდენად გონივრულია შენი სათხოვარი. შემდეგ სთხოვე მშობლებს, დრო გამოგიყონ და ადგილიც შესაფერისი შეარჩიეთ სალაპარაკოდ. საუბრის დროს გაითვალისწინე შემდეგი:

 გამოავლინე პატივისცემა. ბიბლიაში წერია: „მწარე სიტყვა რისხვას იწვევს“ (იგავები 15:1). დაიმახსოვრე: თუ მშობლებს კამათს დაუწყებ ან უსამართლობაში დაადანაშაულებ, საუბარი უშედეგოდ დასრულდება.

 „რაც მეტ პატივისცემას ვავლენ მშობლების მიმართ, მით მეტ პატივისცემას ვგრძნობ მათგან. როცა ორმხრივი პატივისცემა არსებობს, გაცილებით ადვილია შეთანხმების მიღწევა“ (ბიანკა, 19 წლის).

 მოუსმინე. ბიბლია მოგვიწოდებს „ყოველი კაცი სწრაფი იყოს მოსმენაში და ნელი — სიტყვასა და რისხვაში“ (იაკობი 1:19). გახსოვდეს, რომ მშობლებს ელაპარაკები; მარტო შენ ნუ ისაუბრებ, ისინიც ალაპარაკე.

 „ასაკის მატებასთან ერთად შეიძლება ფიქრობ, რომ მშობლებზე მეტი იცი, მაგრამ ეს აზრი საკმაოდ შორსაა რეალობისგან. სწორად ვიქცევით, როცა ვუსმენთ მათ რჩევა-დარიგებებს“ (დევანი, 20 წლის).

 მათი თვალით შეხედე საკითხს. გაითვალისწინე შემდეგი ბიბლიური რჩევა: „მხოლოდ პირად კეთილდღეობაზე კი ნუ იზრუნებთ, არამედ სხვების კეთილდღეობაზეც“. ამ შემთხვევაში, „სხვებში“ მშობლები იგულისხმებან (ფილიპელები 2:4).

რომელ მიდგომას აირჩევდი მეტი თავისუფლების მოსაპოვებლად?

 „ადრე მშობლებს მხარდამჭერებად კი არა, მოწინააღმდეგეებად აღვიქვამდი. მაგრამ ახლა ვხვდები, რომ ისინი ნელ-ნელა სწავლობდნენ, როგორ გამხდარიყვნენ უკეთესი მშობლები, როგორც მე ვსწავლობდი, როგორ ჩამოვყალიბებულიყავი უკეთეს პიროვნებად. ყველაფერი, რასაც ისინი აკეთებდნენ, სიყვარულით იყო ნაკარნახევი“ (ჯოშუა, 21 წლის).

 აუხსენი სიტუაცია. მაგალითისთვის, წარმოიდგინე, რომ მშობლები გიკრძალავენ ისეთ შეკრებაზე წასვლას, სადაც მანქანით მისასვლელად ერთი საათი დაგჭირდება. ჯერ დაადგინე, რაში ხედავენ პრობლემას — პრობლემა მანქანით მგზავრობაშია თუ შეკრება არ მოსწონთ?

  •   თუ პრობლემა მანქანით მგზავრობაშია, უთხარი, რომ შეგიძლია სხვისი მანქანით წახვიდე, ვინც უფრო კარგად იცის ტარება, იქნებ შეიცვალონ აზრი.

  •   თუ პრობლემა შეკრებაშია, აუხსენი მათ, ვინ იქნება ამ შეკრებაზე და ვინ გაუწევს მას მეთვალყურეობას.

 პატივისცემით ესაუბრე მშობლებს და მოთმინებით მოუსმინე, რასაც გეუბნებიან. აჩვენე მათ, რომ სიტყვითაც და საქმითაც პატივს სცემ მათ აზრს (ეფესოელები 6:2, 3). შეცვლიან ისინი თავიანთ გადაწყვეტილებას? შეიძლება შეცვალონ, შეიძლება — არა. ნებისმიერ შემთხვევაში ...

 წუწუნის გარეშე გაითვალისწინე მშობლების გადაწყვეტილება. ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს საიმისოდ, რომ მშობლებმა მეტი თავისუფლება მოგანიჭონ. ხშირად ამას ბევრი მოზარდი ვერ აცნობიერებს. თუ ვერ იღებ იმას, რაც გინდა და ამის გამო კამათს იწყებ, სინამდვილეში, ამით საქმეს უფრო ირთულებ სამომავლოდ. მეორე მხრივ, თუ ემორჩილები მშობლების გადაწყვეტილებას, დიდი ალბათობით, ისინი მეტ თავისუფლებას მოგცემენ დროთა განმავლობაში.