არჩეულ მასალაზე გადასვლა

ახალგაზრდების შეკითხვები

რა გიყალიბებს სტერეოტიპებს? (ნაწილი 2) ბიჭებისთვის

რა გიყალიბებს სტერეოტიპებს? (ნაწილი 2) ბიჭებისთვის

 როგორ აყალიბებს მედია სტერეოტიპებს?

 წაიკითხე ორივე სვეტში მოცემული სიტყვების ჩამონათვალი და უპასუხე ქვემოთ მოცემულ კითხვებს:

სვეტი 1

სვეტი 2

უზრდელი

თავაზიანი

ეგოისტი

ერთგული

უხეში

თანამგრძნობი

ზარმაცი

ბეჯითი

უპასუხისმგებლო

სანდო

თვალთმაქცი

გულწრფელი

  1.   როგორ დაახასიათებდი ფილმებში, შოუებსა თუ ჟურნალებში წარმოდგენილ თინეიჯერ ბიჭებს?

  2.   შენ როგორ გინდა, რომ დაგახასიათონ?

 შეიძლება როცა პირველ კითხვას პასუხობდი, პირველ სვეტში ჩამოთვლილი სიტყვები გამოიყენე, ხოლო მეორე კითხვაზე პასუხის გაცემისას — მეორე სვეტში ჩამოთვლილი სიტყვები. თუ ასეა, ესე იგი, არ გინდა ფილმებსა და რეკლამებში წარმოდგენილ ტიპიურ თინეიჯერს ჰგავდე და გსურს, მასზე უკეთესი იყო. მოდი ვნახოთ, რატომ არის ეს კარგი.

  •   ფილმებსა და რეკლამებში ხშირად ბიჭები უზრდელები და აგრესიულები არიან. ერთ წიგნში ნათქვამია, რომ ცნობილი სპორტსმენების, მსახიობებისა თუ სხვა პოპულარული ახალგაზრდების უმეტესობა ტელეგადაცემებსა თუ შოუებში წარმოდგენილნი არიან „ფიზიკურად ძლიერ მამაკაცებად, რომლებშიც მოზღვავებულია აგრესია ... თუ გინდა, მაგარი ტიპი იყო, არც სიუხეშეს უნდა მოერიდო და როცა საჭიროა, უზრდელიც უნდა იყო“ (Why Boys Don’t Talk—and Why It Matters).

     დაფიქრდი: გახდები უკეთესი მეგობარი, თანამშრომელი ან ქმარი, თუ აგრესიული იქნები? როცა ვინმე ცდილობს, გამოგიყვანოს მდგომარეობიდან, რა იქნება შენი მხრიდან ძლიერი ნებისყოფის მაჩვენებელი? აჰყვები ამ დროს პროვოკაციას და გამოხვალ წყობილებიდან თუ თავს კონტროლს გაუწევ და სიმშვიდეს შეინარჩუნებ? როგორ მოიქცეოდა ნამდვილი მამაკაცი?

     ბიბლიაში ვკითხულობთ: „რისხვაში ნელი კაცი ძლიერს სჯობია, თავშეკავებული — ქალაქის დამპყრობს“ (იგავები 16:32).

    თუ საკუთარი თავის მოთოკვა შეგიძლია, ეს იმას ნიშნავს, რომ უშიშარ მეომარზე გაცილებით ძლიერი ხარ

  •   მედიაში ისეა ნაჩვენები, რომ თითქოს ყველა მამაკაცი სექსზეა გადარეული. „ფილმებსა თუ სხვადასხვა შოუებში ბიჭები გოგოებს ცხვირსახოცებივით იცვლიან“, — ამბობს 17 წლის კრისი. 18 წლის გარი კი დასძენს: „ჟურნალებში, ფილმებში თუ შოუებში, ჩვეულებრივ, ყველა ბიჭი სექსზეა გადარეული“. ზოგი ფილმი ისეთ შთაბეჭდილებას გიტოვებს, თითქოს ბიჭებს გართობის, დალევის და სექსის გარდა არაფერი აინტერესებდეთ.

     დაფიქრდი: გინდა, რომ შენც ასე გიცნობდნენ? როგორ ექცევა ნამდვილი მამაკაცი ქალს? მასთან მხოლოდ თავისი სექსუალური მოთხოვნილებების დაკმაყოფილება სურს თუ უფრთხილდება მის ღირსებას და პატივისცემით ეპყრობა?

     ბიბლიაში ვკითხულობთ: „ყოველმა თქვენგანმა იცოდეს თავისი ჭურჭლის ფლობა სიწმინდითა და პატივით და არა თავშეუკავებელი ვნებით“ (1 თესალონიკელები 4:4, 5).

  •   მედია ბიჭებს უპასუხისმგებლო ახალგაზრდებად წარმოგვიდგენს. ბევრ პოპულარულ ფილმებსა თუ ტელეშოუებში წარმოდგენილი ბიჭები ხშირ შემთხვევაში ძალიან ზარმაცები და უცოდინრები არიან. ალბათ, ამიტომაცაა, რომ ზოგჯერ უფროსებს ეჭვი ეპარებათ მათ შესაძლებლობებში და ნაკლებად ენდობიან. ზემოხსენებული გარი ამბობს: „16 წლის რომ გავხდი, ძალიან გამიჭირდა სამსახურის პოვნა; იქ, სადაც ვცხოვრობდი, ბიზნესმენებს, ძირითადად, ქალები აჰყავდათ სამსახურში. მათი აზრით, ჩემი ასაკის ბიჭები უპასუხისმგებლოები და არასანდოები იყვნენ“.

     დაფიქრდი: მართლა ასეთია ყველა ბიჭი? როგორ შეგიძლია დაამტკიცო, რომ განსხვავებული ხარ?

     ბიბლიაში ვკითხულობთ: „არავინ დაგიწყოს ზემოდან ყურება შენი ახალგაზრდობის გამო. პირიქით, ერთგულთათვის მაგალითი იყავი ლაპარაკში, საქციელში, სიყვარულში, რწმენასა და სიწმინდეში“ (1 ტიმოთე 4:12).

 რა უნდა იცოდე?

  •   მედიას დიდი გავლენის მოხდენა შეუძლია შენზე. მაგალითად, ფილმებში, რეკლამებსა თუ ტელეშოუებში ნანახის გამო შეიძლება დაასკვნა, რომ თუ ბოლო მოდაზე არ გეცმევა, ვერ იქნები პოპულარული. „იმ რეკლამებში, სადაც ბიჭების ტანსაცმელს უკეთდება რეკლამა, ხედავ, რომ გოგოებს ჭკუა ეკეტებათ მათზე, — ამბობს 17 წლის კოლინი. — ამიტომ შენც გინდება, ზუსტად ისეთი ტანსაცმელი იყიდო, როგორიც მათ აცვიათ. მეც არაერთხელ მოვქცეულვარ ასეთი რეკლამების გავლენაში“.

     დაფიქრდი: შენი ჩაცმულობა შენს ინდივიდუალობას უსვამს ხაზს თუ იმას, რომ სხვებს ჰბაძავ? სინამდვილეში ვინ რჩება მოგებული, თუ ფულს იმაში ხარჯავ, რომ მოდის უახლეს ტენდენციებს არ ჩამორჩე?

     ბიბლიაში ვკითხულობთ: „ნუღარ იცხოვრებთ ქვეყნიერების ყაიდაზე“ (რომაელები 12:2).

  •   თუ მედიის სტერეოტიპების გავლენაში ხარ, ნაკლებად მოეწონები გოგოებს. აი, რას ამბობს ზოგი გოგო:

    •  „მირჩევნია, ბიჭი ისეთი იყოს, როგორიც სინამდვილეშია, ვიდრე სულ სხვა ვინმედ მოჰქონდეს თავი, რამენაირად კარგი შთაბეჭდილება რომ მოახდინოს სხვებზე. ასეთების ნდობა ნამდვილად არ შეიძლება! ბიჭი, რომელიც ყველანაირად ცდილობს, სხვებს მოაწონოს თავი, სასაცილოდ გამოიყურება“ (ანა).

    •  „მარკეტოლოგები ცდილობენ, ბიჭები დაარწმუნონ, რომ გოგოების გულს ვერ მოიგებენ, თუ უახლესი ტექნიკა არ ექნებათ და თანამედროვედ არ ეცმევათ. თუმცა ასაკის მატებასთან ერთად გოგოები უკვე ამით აღარ აფასებენ ბიჭებს. ისინი აკვირდებიან, რა თვისებები აქვთ მათ და როგორ ექცევიან სხვებს. მაგალითად, ყველა გოგოს მოსწონს, როცა ბიჭი გულწრფელი და სანდოა“ (დანიელა).

    •  ხშირად ყველაზე სიმპათიური ბიჭები, რომლებსაც მაგრად აცვიათ, ძალიან ამაყები არიან. ნამდვილად არ მინდა, ასეთებთან რაიმე საერთო მქონდეს. თუნდაც ყველაზე სიმპათიური იყოს, თუ ბიჭი შინაგანად არ არის კარგი, მის გარეგნობას ფასი ეკარგება“ (დაიანა).

     დაფიქრდი: ბიბლიაში სამუელზე ასეთი რამაა ნათქვამი: „იზრდებოდა სამუელი და უფრო და უფრო მოსაწონი ხდებოდა იეჰოვასთვისაც და ხალხისთვისაც“ (1 სამუელი 2:26). რა თვისებებზე უნდა იმუშაო, შენზეც რომ იმავეს ამბობდნენ სხვები?

     ბიბლიაში ვკითხულობთ: „ვაჟკაცურად იყავით“ (1 კორინთელები 16:13).

 როგორ უნდა მოიქცე?

  •   ბრმად ნუ ენდობი მედიის შემოთავაზებებს! აი, რა წერია ბიბლიაში: „ყველაფერი, რაც ქვეყნიერებაშია — ხორცის სურვილი, თვალთა სურვილი და ქონებით ტრაბახი — მამისგან კი არა, ქვეყნიერებისგანაა“ (1 იოანე 2:16).

     მედია ყველაფერს აკეთებს, რომ სწორედ ასეთი სურვილები აღგეძრას გულში და იფიქრო, რომ ამაში არაფერია დასაძრახი. ამიტომ ბრმად ნუ ენდობი მედიის შემოთავაზებებს! იმას, რასაც რეკლამა ეწევა, სინამდვილეში მარკეტოლოგებისთვის მოაქვს მოგება.

  •   თავად გადაწყვიტე, რა გზას დაადგები. ბიბლიაში წერია: „შეიმოსეთ ახალი პიროვნებით, რომელიც საფუძვლიანი ცოდნის საშუალებით ახლდება მისი შემოქმედის პიროვნებისამებრ“ და არა რეკლამებში წარმოდგენილი სტერეოტიპებისამებრ (კოლოსელები 3:10).

     თუ გინდა, ამ რჩევის თანახმად მოიქცე, დაფიქრდი სტატიის დასაწყისში ჩამოთვლილ თვისებებზე და იმაზე, შენ როგორ პიროვნებად გინდა რომ გიცნობდნენ. კარგია, თუ ახლავე დაიწყებ ამ თვისებებზე მუშაობას.

  •   ვის შეგიძლია მიჰბაძო? „ბრძენებთან მოსიარულე თავადაც დაბრძენდება“, — ნათქვამია ბიბლიაში (იგავები 13:20). იცნობ ისეთ ადამიანებს, ვინც თავისი ცხოვრებით დაამტკიცა, რომ ბრძენია? შეგიძლია ასეთი ადამიანების ძებნა შენი ოჯახიდან დაიწყო. მამაშენი ან ბიძაშენი ხომ არ გახსენდება? შეიძლება გონებაში რომელიმე უფროსი მეგობარი ან ნაცნობი ამოგიტივტივდეს. იეჰოვას მოწმეთა შორის ბევრი სანიმუშო მამაკაცია. ასეთების შესახებ ბიბლიაშიც ვკითხულობთ. მაგალითად, მასში მოხსენიებულია ერთი მამაკაცი, ტიტე, რომელმაც კარგი მაგალითი დაუტოვა ახალგაზრდებს (ტიტე 2:6—8).

     რჩევა: წიგნში „მიჰბაძეთ მათ რწმენას“ შეგიძლია წაიკითხო ბევრი ისეთი სამაგალითო კაცის ისტორია, როგორებიც იყვნენ აბელი, ნოე, აბრაამი, სამუელი, ელია, იონა, იოსები და პეტრე.