არჩეულ მასალაზე გადასვლა

ᲐᲮᲐᲚᲒᲐᲖᲠᲓᲔᲑᲘᲡ ᲨᲔᲙᲘᲗᲮᲕᲔᲑᲘ

რა უნდა ვიცოდე თამბაქოსა და ელექტროსიგარეტზე?

რა უნდა ვიცოდე თამბაქოსა და ელექტროსიგარეტზე?

 „სადაც მე ვცხოვრობ, იშვიათად თუ შეხვდებით 25 წლამდე ახალგაზრდას, რომელსაც თამბაქო ან ელექტროსიგარეტი არ მოუწევია“ (ჯულია).

ამ სტატიაშია:

 რა უნდა იცოდე

  •   მოწევა კლავს. ნიკოტინი თამბაქოს ძირითადი შემადგენელი ტოქსიკური ნივთიერებაა, რომელიც დამოკიდებულებას იწვევს. აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის ერთ-ერთ ანგარიშში აღნიშნულია: „მთელ მსოფლიოში თამბაქო ნაადრევი სიკვდილის და არაერთი დაავადების გამომწვევი მთავარი მიზეზია“.

     „პროფესიით ექოსკოპისტი ვარ და არაერთი ულტრასონოგრაფიული კვლევა ჩამიტარებია. შოკირებული ვარ, როცა ვხედავ, რა დღეში აგდებს თამბაქო ადამიანის ორგანიზმს, ზიანდება არტერიები და მთლიანად ნადებით იფარება. მართალი რომ ვთქვა, ამისთვის ჩემი ორგანიზმი არ მემეტება“ (ტერეზა).

     იცოდი? სიგარეტი 7 000-ზე მეტ ქიმიურ ნივთიერებას შეიცავს, რომელთა უმეტესობაც ტოქსიკურია. ყოველწლიურად მილიონობით ადამიანი კვდება მოწევის შედეგად გამოწვეული დაავადებებით.

  •   „ვეიპინგი“ საფრთხეს უქმნის სიცოცხლეს. „ვეიპი“ ანუ ელექტროსიგარეტი ფილტვებს აზიანებს და სიკვდილს იწვევს. გარდა ამისა, თამბაქოს მსგავსად ელექტროსიგარეტებიც შეიცავს ნიკოტინს. ნიკოტინი ისეთ დამოკიდებულებას იწვევს, რომ „ახალგაზრდებს სხვა ნარკოტიკული საშუალებების მიმართ ეზრდებათ მოთხოვნილება“, — ნათქვამია ერთ წყაროში („a fact sheet on e-cigarettes“).

     „არსებობს სხვადასხვა არომატის ელექტროსიგარეტები. მაგალითად, ბავშვებსა და თინეიჯერებს განსაკუთრებით ტკბილი არომატები მოსწონთ. ისინი იმხელა სიამოვნებას იღებენ, რომ საფრთხეს ვეღარ აღიქვამენ“ (მირანდა).

     იცოდი? ელექტროსიგარეტის ორთქლი წყლის ორთქლს არ ჰგავს. ის შეიცავს მავნე ნივთიერებებს, მათ შორის მძიმე მეტალებს, რომლებიც პირდაპირ ფილტვებში ხვდება.

 რას იწვევს თამბაქოსა და ელექტროსიგარეტის მოხმარება

  1.  1) აქვეითებს გონებრივ შესაძლებლობებს, იწვევს ყურადღების დეფიციტს და მოქმედებს ხასიათის ცვლილებაზე.

  2.  2) აზიანებს პირის ღრუს.

  3.  3) იწვევს ფილტვებისა და გულსისხლძარღვთა დაავადებებს.

     აუარესებს ასთმას.

     იწვევს მუცლის ტკივილსა და გულისრევას.

 როგორ უნდა მოიქცე

  •   გაიგე მეტი. ნუ დაიჯერებ ყველაფერს, რასაც ისმენ, მაგალითად, თითქოს „ვეიპინგი“ ნაკლებად საზიანოა ან სტრესს ამცირებს. შეეცადე, მეტი ინფორმაცია მიიღო ამ საკითხზე და შენი გადაწყვეტილება რეალურ ფაქტებს დააფუძნო.

     ბიბლიური პრინციპი: „გულუბრყვილოს ყველა სიტყვისა სჯერა, წინდახედული კი აკვირდება თავის ნაბიჯებს“ (იგავები 14:15).

     „როცა თანატოლებს და ცნობილ სახეებს უყურებ, ერთი შეხედვით ისე ჩანს, რომ თამბაქო და ელექტროსიგარეტი სასიამოვნო რამაა, მაგრამ როცა აანალიზებ რამხელა უარყოფით გავლენას ახდენს მათი მოხმარება, ხვდები, რომ საქმე უფრო სერიოზულადაა“ (ევანი)

     დაფიქრდი: უფრო ბედნიერები არიან ის ახალგაზრდები, ვინც ეწევიან? უფრო ადვილად უმკლავდებიან სტრესულ სიტუაციებს, თუ პირიქით, უფრო მეტ პრობლემებს ხვდებიან?

  •    მოძებნე სტრესთან გამკლავების უკეთესი საშუალება. სტრესის შემცირებაში სხვადასხვა აქტივობა დაგეხმარება, მაგალითად, ვარჯიში, კითხვა ან კარგ მეგობრებთან ერთად დროის გატარება. თუ ყურადღებას სხვა რამეზე გადაიტან, ნაკლებად გაგიჩნდება მოწევის სურვილი.

     ბიბლიური პრინციპი: „წუხილი კაცს გულს უმძიმებს, ტკბილი სიტყვა კი გულს უხალისებს“ (იგავები 12:25).

     «ხალხი ფიქრობს, რომ თამბაქოს მოწევა და „ვეიპინგი“ სტრესის მოხსნაში ეხმარება მათ. თუმცა სინამდვილეში ისინი დროებით შვებას გრძნობენ, საკუთარ ცხოვრებას კი ინადგურებენ. არადა ბევრი რამ არსებობს, რითაც შეუძლიათ სტრესს გაუმკლავდნენ» (ანჯელა).

     დაფიქრდი: რა უნდა გააკეთო, რომ სტრესს გაუმკლავდე? თუ ამ მხრივ დახმარება გჭირდება, წაიკითხე სტატია „როგორ მოვიქცე, რომ ყველაფერზე არ ვინერვიულო“.

სტრესის შესამცირებლად ნარკოტიკული საშუალებების მოხმარება წვიმიან ამინდში ოკეანეში გადახტომას ჰგავს იმ მიზეზით, რომ წვიმაში არ დასველდე. ეს პრობლემებს კი არ აგარიდებს თავიდან, პირიქით, მოგიმატებს!

  •    მოემზადე თანატოლების ზეწოლასთან გასამკლავებლად. ზეწოლას შეიძლება თანაკლასელებისგან ხვდები ან შესაძლოა ისეთი რამით ერთობი, რაც გარკვეულ გავლენას ახდენს შენზე. მაგალითად, ფილმებში, სატელევიზიო გადაცემებში და სოციალურ მედიაში დიდი პოპულარიზაცია ეწევა თამბაქოს მოწევასა და „ვეიპინგს“ და ისეა წარმოჩენილი, თითქოს ყველაზე მაგარი რამეა.

     ბიბლიური პრინციპი: „[მოწიფულებმა] . . . გაიწაფეს გონება კარგისა და ცუდის გასარჩევად“ (ებრაელები 5:14).

     „სკოლაში ბევრი იმის გამო მაფასებდა, რომ არ ვეწეოდი. ერთხელ, როცა ჩემი პოზიციის დაცვა მომიწია, ზოგმა ჩემი მხარე დაიკავა. შეიძლება უცნაურად ჟღერდეს, მაგრამ, როცა შენს პოზიციას მტკიცედ აფიქსირებ, დაცული ხარ“ (ანა).

     დაფიქრდი: რა უნდა გააკეთო, რომ არ მოექცე თანატოლების გავლენაში? შეგიძლია გაიხსენო შემთხვევა, როცა მათ ზეგავლენას გაუმკლავდი? თუ ამ მხრივ დახმარება გჭირდება, იხილე „ახალგაზრდების შეკითხვები — პრაქტიკული რჩევები“, ტომი 2, თავი 15, „ჩემი სამოქმედო გეგმა“.

  •   დაკვირვებით შეარჩიე მეგობრები. თუ მეგობრებიც შენს აზრს იზიარებენ, ნაკლებად გაგიჩნდება მოწევის სურვილი.

     ბიბლიური პრინციპი: „ბრძენებთან მოსიარულე თავადაც დაბრძენდება, უგუნურებთან საქმის დამჭერი კი ხიფათს გადაეყრება“ (იგავები 13:20).

     „მართლა დიდ დახმარებას გიწევს ისეთ ადამიანებთან მეგობრობა, ვინც თავშეკავებულია და მტკიცე ხასიათი აქვს. როცა ხედავ, რომ მათ ბედნიერი ცხოვრება აქვთ, შენც გიჩნდება სურვილი, ბედნიერად იცხოვრო“ (კალვინი).

     დაფიქრდი: ვისთანაც მეგობრობ, გეხმარება, წმინდად იცხოვრო და ჯანსაღი ცხოვრების წესი აირჩიო, თუ პირიქით, ხელს გიშლის?

 რა უნდა იცოდე მარიხუანაზე

 ბევრი ფიქრობს, რომ მარიხუანა უვნებელია. მაგრამ ისინი მწარედ ცდებიან!

  •    ახალგაზრდები, რომლებიც მარიხუანას მოიხმარენ, მასზე დამოკიდებული ხდებიან. კვლევები ცხადყოფს, რომ მარიხუანა აზიანებს ტვინს და ამცირებს ადამიანის IQ-ს.

  •    ერთი მონაცემის თანახმად, „ვინც მარიხუანას მოიხმარს, უჭირს ადამიანებთან კომუნიკაცია, აქვს ცუდი აკადემიური მოსწრება, ვერ განიცდის კარიერულ წინსვლას და ცხოვრებისგან კმაყოფილებას თითქმის ვერ იღებს“ (აშშ-ის ნივთიერებათა საზიანოდ მოხმარებისა და ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისების ადმინისტრაცია).

     „ჩემი პრობლემების გამო სულ იმის ცდუნება მქონდა, რომ მარიხუანა მომეწია, მაგრამ მერე ვფიქრობდი, რა შედეგები შეიძლება მოჰყოლოდა ამას, დავრჩებოდი უფულოდ, დავიზიანებდი ჯანმრთელობას და რეალურად უფრო მეტ პრობლემებში ჩავეფლობოდი“ (ჯუდა).