არჩეულ მასალაზე გადასვლა

ახალგაზრდების შეკითხვები

როგორ გავუძლო ცდუნებას?

როგორ გავუძლო ცდუნებას?

 მოციქულმა პავლემ დაწერა: „მინდა ვაკეთო, რაც სწორია, მაგრამ თან მდევს ცუდი“ (რომაელები 7:21). გაგჩენია როდესმე მსგავსი განცდა შენც? ამ სტატიაში მოცემული რჩევები დაგეხმარება, არ დაემონო არასწორ სურვილებს.

 რა უნდა იცოდე

 ცუდს ადვილად აკეთებ, როდესაც თანატოლების ზეგავლენაში ექცევი. ბიბლიაში წერია: „ცუდი საზოგადოებანი ხრწნიან კარგ ჩვევებს“ (1 კორინთელები 15:33). ადამიანების თუ მედია საშუალებების ზეგავლენამ შეიძლება გულში არასწორი სურვილები აღგიძრას, რამაც თავის მხრივ, შეიძლება ცდუნების წინაშე დაგაყენოს და იქამდეც კი მიგიყვანოს, რომ „აჰყვე უმრავლესობას ბოროტებაში“ (გამოსვლა 23:2).

 „იმდენად დიდია იმის სურვილი, რომ სხვებს მოსწონდე და მისაღები პიროვნება იყო მათ თვალში, რომ შეიძლება თვალდახუჭულმა გააკეთო ის, რასაც სხვები აკეთებენ“ (ჯერემი).

 დაფიქრდი: რატომ არის ცდუნება უფრო ძლიერი მაშინ, როცა ზედმეტად ღელავ იმაზე, თუ რას ფიქრობენ სხვები შენზე? (იგავები 29:25).

 დასკვნა: არ დაუშვა, რომ თანატოლების ზეგავლენამ ბიბლიური პრინციპები დაგათმობინოს.

 გამოსავალი

 ბოლომდე გაიაზრე, რა გწამს. თუ კარგად არ გაქვს გათვითცნობიერებული ის თუ რა გწამს, სხვისი თითის ქნევაზე მორბენალი ცუგასავით იქნები. აჯობებს ერთ მარტივ ბიბლიურ რჩევას მიჰყვე ცხოვრებაში: „ყველაფერში დარწმუნდით; კარგს ჩაეჭიდეთ“ (1 თესალონიკელები 5:21). რაც უფრო კარგად ხარ ჩახედული საკუთარ მრწამსში და კარგად გესმის სწავლებები, მით უფრო გიადვილდება ბიბლიური პრინციპების დაცვა და უფრო ადვილად უძლებ ნებისმიერ ცდუნებას.

 დაფიქრდი: რატომ ფიქრობ, რომ ღვთიური ნორმების დაცვა შენსავე კეთილდღეობას ემსახურება?

 „ერთ რამეს დავაკვირდი, რომ როცა ჩემს რწმენას მტკიცედ ვიცავ და არ ვექცევი სხვების გავლენაში, უფრო მაფასებენ“ (კლიმბერლი).

 მისაბაძი ბიბლიური პერსონაჟი: დანიელი. დანიელმა მოზარდობის ასაკშივე გადაწყვიტა თავის გულში, რომ დამორჩილებოდა ღვთის კანონებს (დანიელი 1:8).

თუ კარგად არ გაქვს გათვითცნობიერებული ის, თუ რა გწამს, სხვისი მარიონეტი გახდები

 იცოდე, რაში ხარ სუსტი. ბიბლიაში ნახსენებია ფრაზა „ახალგაზრდული სურვილები“, რაც იმას ნიშნავს, რომ ახალგაზრდობაში ყველა ადამიანს აქვს რაღაცის დაუცხრომელი სურვილი (2 ტიმოთე 2:22). ამ სურვილებში მხოლოდ სექსუალური სურვილები არ იგულისხმება; ამ სურვილებში იგულისხმება იმის დიდი სურვილიც, რომ იყო სხვების თვალში მისაღები და დაფასებული ადამიანი და სურვილი იმისა, რომ იცხოვრო დამოუკიდებლად ადრეულ ასაკში, მაშინ როცა ამისთვის ჯერ არ ხარ მზად.

 დაფიქრდი: ბიბლია ამბობს, რომ „თითოეულს სცდის საკუთარი სურვილი, რომელიც აიყოლიებს და აცდუნებს მას.“ (იაკობი 1:14). რა არის შენთვის ყველაზე დიდი საცდური?

 „აუცილებელია, რომ საკუთარ თავს გამოუტყდე, რომელი ცდუნების წინაშე ხარ ყველაზე უძლური. შემდეგ ჩაატარე პატარა გამოკვლევა, თუ როგორ შეიძლება ამ ცდუნების დაძლევა; ჩამოწერე, პირადად შენ რა საშუალებებს გამოიყენებ კრიტიკულ მომენტში. როცა ისევ დადგები იმ ცდუნების წინაშე, უკვე გეცოდინება, როგორ შეეწინააღმდეგო“ (სილვია).

 მისაბაძი ბიბლიური მაგალითი: დავითი. დავითის ცხოვრებაში იყო მომენტები, როცა ის სხვების გავლენაში ექცეოდა. ზოგჯერ ის საკუთარი სურვილების გავლენაშიც კი ექცეოდა. მაგრამ დავითი სწავლობდა თავის შეცდომებზე და ცდილობდა, უკეთესი ადამიანი გამხდარიყო. ერთხელ მან ასეთი რამ სთხოვა ღმერთს: „სუფთა გული შექმენი ჩემში, ღმერთო, და ახალი, მტკიცე სული ჩამიდგი“ (ფსალმუნი 51:10).

 კონტროლი არ დაკარგო. ბიბლია ამბობს: „არ დაგძლიოს ბოროტებამ“ (რომაელები 12:21). ეს სიტყვები იმას ნიშნავს, რომ არ უნდა გახდე ცდუნების მსხვერპლი. შენ შეგიძლია სწორი არჩევანი გააკეთო!

 დაფიქრდი: როგორ შეგიძლია გააკონტროლო თავი და სწორი არჩევანი გააკეთო ცდუნების წინაშე ყოფნისას?

 „ცდუნების წინაშე ყოფნის დროს ვფიქრობ ხოლმე, რა მოხდება, თუ ავყვები ცდუნებას? უფრო კარგად ვიგრძნობ თავს? ცოტა ხნით კი, მაგრამ დრო რომ გავა? აი, მერე ნამდვილად ვინანებ. არა, ნამდვილად არ ღირს აჰყვე ცდუნებას“ (სოფია).

 მისაბაძი ბიბლიური მაგალითი: პავლე. პავლე მოციქული აღიარებდა, რომ დროდადრო არასწორი სურვილები უჩნდებოდა, თუმცა ის საკუთარ თავზე კონტროლს არ კარგავდა. ის წერდა: „ვცემ და ვიმონებ ჩემს სხეულს“ (1 კორინთელები 9:27).

 დასკვნა: ყველაფერი შენს ხელთაა; შენზეა დამოკიდებული, როგორ გაუმკლავდები ცდუნებას.

 გახსოვდეს, ყველა ცდუნება დროებითი და წარმავალია. „ბევრი ცდუნება, რომელიც რთული მეჩვენებოდა სკოლის პერიოდში, დღეს სასაცილოდ არ მყოფნის, — ამბობს 20 წლის მელისა. — ვიცი, რომ დღევანდელი ცდუნებებიც მალე ჩაბარდება წარსულს და უკან რომ მოვიხედავ სიამაყით ვიტყვი, რა კარგად მოვიქეცი, რომ არ დავნებდი“.