ახალგაზრდების შეკითხვები
როგორ ვაკონტროლო ემოციები?
„ხან კარგად ვგრძნობ თავს, ხან — საშინლად. რაც გუშინ პრობლემად არ მიმაჩნდა, დღეს დიდ პრობლემად მიმაჩნია“ (კარისა).
ხშირად გეცვლება განწყობა? a თუ დიახ, ამ სტატიაში განხილული რჩევები შენც დაგეხმარება.
რატომ ხდება ასე?
გარდატეხის ასაკში ხასიათის ცვალებადობა სრულიად ბუნებრივია. მაშინაც კი, თუ გარდატეხის ასაკი გამოიარე და თავს კარგად გრძნობ, დროდადრო შესაძლოა მაინც იგრძნო ემოციური არასტაბილურობა.
თუ ემოციებთან გამკლავება გიჭირს, გახსოვდეს, რომ ეს შეიძლება გამოწვეული იყოს ჰორმონალური ცვლილებებით, რასაც თან ახლავს დაუცველობისა და გაურკვევლობის გრძნობა. ზრდის პროცესში ეს ბუნებრივია. საბედნიეროდ, შენ შეგიძლია ისწავლო ემოციების მართვა!
რეალობა. მნიშვნელოვანია, ემოციების მართვა მოზარდობის წლებში ისწავლო, რაც სრულწლოვანების ასაკში დაგეხმარება, სხვადასხვა სიტუაციაში ადვილად გაუმკლავდე ემოციებს.
სამი რამ, რაც შეგიძლია გააკეთო
საუბარი. ბიბლიაში ვკითხულობთ: „ნამდვილი მეგობარი მუდამ მოყვარულია; ის გასაჭირისთვის დაბადებული ძმაა“ (იგავები 17:17).
„ჩვენი ოჯახის ერთ მეგობართან ძალიან ახლოს ვარ; მას ისე ვუყურებ, როგორც საკუთარ დეიდას. ის ყოველთვის გულისყურით მისმენს და მეც თავისუფლად ვუშლი გულს. როცა რაღაც საკითხზე სწორი თვალსაზრისი მაქვს, ის მაქებს. მაგრამ, როცა ვცდები, თვალსაზრისს რბილად მისწორებს“ (იოლანდა).
რჩევა: იმის ნაცვლად, რომ თანატოლებს ესაუბრო, რომლებიც შესაძლოა შენ მსგავსად ემოციურად არასტაბილურები არიან, ესაუბრე მშობელს ან სხვა მოწიფულ მეგობარს.
დაწერე. ბიბლიაში სასოწარკვეთილი იობი ასეთ სიტყვებს ამბობს: „წუხილს მივეცემი და სულგამწარებული ვილაპარაკებ“ (იობი 10:1). შეგიძლია შენი გულისნადები სხვას გაანდო. გარდა ამისა, „ლაპარაკის“ კიდევ ერთი საშუალებაა, შენი გრძნობები ფურცელზე გადაიტანო.
„მაქვს დღიური, რომელიც ყოველთვის თან დამაქვს. როცა რაღაც ისეთი ხდება, რაც გულს მტკენს, ამის შესახებ დღიურში ვწერ. გულისტკივილის ფურცელზე გადმოღვრა ჩემთვის საუკეთესო თერაპიაა“ (ილიანა).
რჩევა. იქონიე დღიური, სადაც დაწერ, რას გრძნობ, რატომ გრძნობ თავს ასე და როგორ შეგიძლია გაუმკლავდე ამ გრძნობებს. ამისთვის გამოიყენე სამუშაო ფურცელი, რომელიც ამ სტატიას აქვს დართული.
ლოცვა. ბიბლიაში ნათქვამია: „იეჰოვას მიანდე შენი ტვირთი და ის ამოგიდგება მხარში, ის არასოდეს დაუშვებს მართლის წაბორძიკებას“ (ფსალმუნი 55:22).
„როცა დეპრესიაში ვარ, ხშირად მივმართავ იეჰოვას ლოცვით. ჩემს მოსიყვარულე მამასთან გულის გადაშლის შემდეგ ისეთი გრძნობა მეუფლება, თითქოს ტვირთი ჩამოვიხსენი“ (ჟასმინი).
რჩევა. ნაცვლად იმისა, რომ გულგატეხილობას მიეცე, ეცადე, გაიხსენო, სულ მცირე, სამ რამ, რისთვისაც ღმერთს მადლობას გადაუხდი. როცა იეჰოვას ლოცვით მიმართავ და დახმარებას სთხოვ, არ დაგავიწყდეს მადლობის გადახდა იმ კურთხევებისთვის, რომლებსაც უშურველად გაძლევს.
a ამ სტატიაში საუბარია ემოციურ არასტაბილურობაზე, რომელიც მრავალი ახალგაზრდისთვისაა დამახასიათებელი. თუ ბიპოლარულ მოშლილობასთან ან დეპრესიის რომელიმე სხვა ფორმასთან გიწევს ბრძოლა, იხილე სტატია: „როგორ დავძლიო დეპრესია?“.