ახალგაზრდების შეკითხვები
როგორ დავძლიო სიმორცხვე?
სიმორცხვის გამო შეიძლება ხელიდან გაუშვა სხვებთან დამეგობრებისა და ბედნიერი წუთებით ტკბობის შესაძლებლობა.
თუმცა სიმორცხვე ყოველთვის ცუდი როდია. მორცხვი ადამიანი რაიმეს თქმამდე ფიქრობს და უკეთესი მსმენელი და დამკვირვებელია.
აღსანიშნავია ისიც, რომ მდგომარეობა გამოუვალი არაა. სიმორცხვის დაძლევა შესაძლებელია. ამ სტატიაში მოცემულია პრაქტიკული რჩევები, რომლებიც დაგეხმარება სიმორცხვის დაძლევაში.
გაარკვიე მიზეზი
სიმორცხვის გამო შეიძლება ვინმესთან პირისპირ საუბრის იდეაც კი გზარავდეს. შედეგად, თავი შესაძლოა გარიყულად იგრძნო. თუკი სიმორცხვის მიზეზებზე დაფიქრდები, მიხვდები, რომ შენი შიშები სრულიად უსაფუძვლოა. მოდი ვიმსჯელოთ სამ ფართოდ გავრცელებულ შიშზე.
1: „არ ვიცი, რაზე ვისაუბრო“.
სხვებს შესაძლოა დაავიწყდეთ, რა თქვი, მაგრამ არასდროს დაავიწყდებათ, როგორ აგრძნობინე თავი. ამ შიშის დაძლევას მოახერხებ, თუ კარგი მსმენელი იქნები და გულწრფელად დაინტერესდები სხვების აზრით.
დაფიქრდი: როგორი მეგობრის ყოლას ამჯობინებდი? ისეთს ისურვებდი მეგობრად, ვინც გამუდმებით ლაქლაქებს თუ ვინც კარგი მსმენელია?
2: „მოსაწყენი ადამიანი ვარ“.
საგულისხმოა, რომ მნიშვნელოვანწილად სწორედ შენზეა დამოკიდებული, როგორ ადამიანად ჩაგთვლიან სხვები. თუკი სხვებს შენს შინაგან სამყაროს გააცნობ, შეძლებ ამ შიშის დაძლევას და მათ უკეთეს წარმოდგენას შეუქმნი შენზე.
დაფიქრდი: თუ ფიქრობ, რომ შენზე ყველა ცუდი აზრისაა, პრობლემა შენში ხომ არაა? შენ ხომ არ განსჯი სხვებს არასწორად?
3: „თუკი რამეს არასწორად ვიტყვი, შევრცხვები“.
მართალია, ეს გრძნობა ყველას დაუფლებია, მაგრამ, თუ საკუთარ შეცდომებზე გაღიმებას ისწავლი, ამით სხვებს მიახვედრებ, რომ საკუთარი თავი სრულყოფილი არ გგონია.
დაფიქრდი: ხომ გსიამოვნებს ისეთ ადამიანებთან ურთიერთობა, რომელთაც თავი სრულყოფილი და შეუცდომელი არ ჰგონიათ?
იცოდი თუ არა? ზოგი ფიქრობს, რომ მორცხვი არაა, რადგან ბევრს ემესიჯება. მაგრამ, ნუ დაგავიწყდება, რომ ნამდვილ მეგობრობას მხოლოდ პირისპირ ურთიერთობა აყალიბებს. ფსიქოლოგი და ტექნოლოგიების ექსპერტი შერი ტერკლი თავის ნაშრომში ამბობს: „ნამდვილ ურთიერთობას მაშინ ვამყარებთ, როცა გვესმის ერთმანეთის ხმა და ვხედავთ ერთმანეთის სახეს“. a
დასახე სამოქმედო გეგმა
საკუთარ თავს სხვას ნუ შეადარებ. არაა აუცილებელი, ყველა ექსტროვერტი (ბუნებით აქტიური) იყოს. გახსოვდეს, შენი მიზანი ისაა, რომ დაძლიო სიმორცხვე, რათა შეძლო სხვებთან დამეგობრება და ბედნიერი წუთებით ტკბობა.
„სულ არაა აუცილებელი, რომ გრძელ საუბრებში ჩაება და არც ის, რომ კამპანიის სული და გული გახდე. უბრალოდ გაიცანი ის, ვისაც არ იცნობ და დასვი რამდენიმე კითხვა“ (ალისია).
ბიბლიური პრინციპი: „თითოეული თავის საქმეებს დაუკვირდეს; ეს მოუტანს მას სიხარულს და არა საკუთარი თავის სხვასთან შედარება“ (გალატელები 6:4).
იყავი დაკვირვებული. შენიშნე, როგორ ურთიერთობენ კომუნიკაბელური ადამიანები სხვებთან და როგორ იწყებენ საუბარს; როდის გამოსდით მათ ეს, როდის — არა. რა მხრივ შეგიძლია მიჰბაძო მათ?
„დააკვირდი ისეთებს, რომელთაც არ უჭირთ სხვებთან დამეგობრება — როგორ იქცევიან ისინი ან რას ამბობენ, როცა ვინმეს პირველად ხვდებიან“ (აარონი).
ბიბლიური პრინციპი: „რკინა რკინით ილესება, კაცი კი კაცს ლესავს“ (იგავები 27:17).
დასვი კითხვები. ხალხს, როგორც წესი, უყვარს საკუთარი აზრის გამოთქმა. ამიტომ კითხვების დასმა კარგი საშუალებაა სხვებთან საუბრის წამოსაწყებად. თუ კითხვებს თავად დასვამ, ნაკლებად მოექცევი ყურადღების ცენტრში.
„წინასწარ მომზადება დაგეხმარება, ნაკლებად ინერვიულო. თუკი სადმე წასვლამდე დაფიქრდები, რა თემებზე ისაუბრებ ან რა კითხვებს დასვამ, ეს შეგიმსუბუქებს უცნობ ადამიანებთან შეხვედრის სტრესს“ (ალანა).
ბიბლიური პრინციპი: „მხოლოდ პირად კეთილდღეობაზე კი ნუ იზრუნებთ, არამედ სხვების კეთილდღეობაზეც“ (ფილიპელები 2:4).
a ამონარიდი ერთ-ერთი წიგნიდან (Reclaiming Conversation).