ახალგაზრდების შეკითხვები
როგორ დავიკლო წონაში?
ნამდვილად მჭირდება წონაში დაკლება?
ზოგ ახალგაზრდას წონაში დაკლება უნდა, თუმცა ...
ბევრს ჯანმრთელობაზე მეტად გარეგნობა აღელვებს. ზოგი წონაში დასაკლებად სწრაფ მეთოდებს მიმართავს, მაგალითად გასახდომ აბებს სვამს ან უარს ამბობს საუზმეზე, სადილზე ან ვახშამზე. ხშირ შემთხვევაში ასეთი მეთოდები არა მხოლოდ უშედეგო, არამედ საზიანოცაა.
„ხშირად გოგოები შიმშილობენ, რომ რაც შეიძლება სწრაფად მიაღწიონ სასურველ შედეგს. თუმცა უმეტეს შემთხვევაში ასეთი მეთოდით ზიანს აყენებენ საკუთარ ჯანმრთელობას, რის გამოსწორებასაც ძალიან დიდი დრო სჭირდება“ (ჰეილი).
ბევრი უმიზეზოდ წუხს საკუთარ წონაზე. მიუხედავად იმისა, რომ ზედმეტი წონა სულაც არა აქვთ, ზოგს თავი მსუქანი ჰგონია, რადგან თავს თანატოლებს ან მედია საშუალებებში წარმოჩენილ „იდეალური“ წონის მქონე ადამიანებს ადარებს.
„13 წლის რომ ვიყავი, საკუთარ თავს სულ მეგობრებს ვადარებდი. მეგონა, რომ, თუ მათსავით ჩხირივით გამხდარი ვიქნებოდი, უფრო მოვეწონებოდი“ (პაოლა).
თუმცა ზოგ ახალგაზრდას ნამდვილად სჭირდება წონაში დაკლება. ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით ...
მთელ მსოფლიოში 5—19 წლამდე ასაკის დაახლოებით 340 მილიონ ადამიანს ჭარბი წონა აქვს.
1975 წელს იმავე ასაკობრივი ჯგუფის მხოლოდ 4 პროცენტს აღენიშნებოდა ჭარბი წონა, 2016 წლისთვის კი ეს მაჩვენებელი 18 პროცენტამდე გაიზარდა.
თითქმის მთელ მსოფლიოში ადამიანებს ჭარბწონიანობისკენ უფრო აქვთ მიდრეკილება, ვიდრე მეტისმეტი სიგამხდრისკენ.
ჭარბწონიანობის პრობლემა დაბალი შემოსავლის მქონე ქვეყნებშიც გახშირდა. სიმსუქნეს ისინიც უჩივიან, ვინც არასრულფასოვნად იკვებება.
რომელია წონაში დაკლების ყველაზე კარგი მეთოდი?
შენ რომელ მეთოდს აირჩევდი?
საუზმის, სადილის ან ვახშმის გამოტოვება.
ვარჯიშის დაბალანსებულ კვებასთან შეთავსება.
გასახდომი აბების მიღება.
სწორი პასუხია მეორე: ვარჯიშის დაბალანსებულ კვებასთან შეთავსება.
თუ საუზმეზე, სადილზე ან ვახშამზე უარს იტყვი ან საერთოდ გამორიცხავ საკვები პროდუქტების რომელიმე ჯგუფს, შეიძლება შედეგი მალე მიიღო, მაგრამ ზიანი მიაყენო შენს ჯანმრთელობას. როცა კვების ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდები, შეიძლება მოიმატო კიდეც.
მეორე მხრივ, თუ მიზნად დაისახავ, რომ ჯანმრთელობაზე იზრუნო, თავს უკეთესადაც იგრძნობ და საკუთარი გარეგნობითაც კმაყოფილი იქნები. ფსიქოლოგიის დოქტორი მაიკლ ბრედლი წერს: „გრძელვადიანი შედეგი რომ მიიღო, ყველაზე უსაფრთხო და ჯანსაღი მეთოდი უნდა აირჩიო, ანუ ისეთი ცვლილებები უნდა შეიტანო ცხოვრების წესში, რომელთა მიყოლასაც სიცოცხლის ბოლომდე შეძლებ“. a სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თუ წონაში დაკლება გჭირდება, დიეტაზე კი არა, ცხოვრების წესის შეცვლაზე უნდა იფიქრო.
სამოქმედო გეგმა
ბიბლია მოგვიწოდებს, ვიყოთ ზომიერები. ეს რჩევა კვებასაც ეხება (1 ტიმოთე 3:11). ბიბლია პირდაპირ გვეუბნება, რომ უნდა მოვერიდოთ გადამეტებულ ჭამას (იგავები 23:20; ლუკა 21:34). თუ ამ ბიბლიურ პრინციპებსა და ქვემოთ მოყვანილ რჩევებს გაითვალისწინებ, უფრო ჯანსაღი ცხოვრების წესი გექნება.
გაიგე, რა იგულისხმება სწორ კვებაში.
აუცილებელი არაა, ყველაფერი ზედმიწევნით იცოდე, მაგრამ კვების შესახებ ზოგადი ინფორმაცია დაგეხმარება, სწორად იკვებო. დაბალანსებული კვება კი ერთ-ერთი საუკეთესო მეთოდია ჯანსაღი წონის შესანარჩუნებლად.
რეგულარულად ივარჯიშე.
დაფიქრდი, დღის განმავლობაში რისი გაკეთება შეგიძლია, რომ უფრო აქტიური იყო. მაგალითად, ლიფტს კიბით სარგებლობა არჩიე, ვიდეოთამაშებს კი — ნახევარი საათით სუფთა ჰაერზე სწრაფი ნაბიჯით სიარული.
არაჯანსაღი პროდუქტები ჯანსაღი საკვებით ჩაანაცვლე.
„სადაც არ უნდა ვიყო, ვცდილობ, წასახემსებლად ხილი ან ბოსტნეული ვიქონიო თან. ეს მეხმარება, ნაკლებად ვიკვებო არაჯანსაღი პროდუქტებით“, — ამბობს სოფია.
ნელა ჭამე.
ზოგი ისე სწრაფად ჭამს, ვერც კი ხვდება, რომ დანაყრდა. ასე რომ, ნელა ჭამე. მალევე ნუ დაიმატებ საჭმელს. ცოტას თუ მოიცდი, შეიძლება მიხვდე, რომ უკვე დანაყრდი და დამატება აღარ გინდა.
აკონტროლე კალორიების რაოდენობა.
იმისათვის, რომ გაიგო, რამდენ კალორიას შეიცავს ესა თუ ის პროდუქტი, წაიკითხე ეტიკეტზე დატანებული ინფორმაცია. ცნობისთვის: გაზიანი სასმელები, ტკბილი წვენები, სწრაფი კვების პროდუქტები და დესერტები მაღალკალორიულია და ხშირ შემთხვევაში წონაში მომატების მთავარი მიზეზი ხდება.
იყავი გაწონასწორებული.
16 წლის სარა ამბობს: „რაღაც პერიოდი იმდენად ვიყავი შეპყრობილი კალორიების დათვლით, რომ თეფშზე საჭმელს კი არა, ციფრებს ვხედავდი“. ნუ გახდები „კალორიების ბუღალტერი“. არაფერი დაშავდება, თუ ზოგჯერ მაღალკალორიულ საკვებსაც მიირთმევ.
რჩევა: ესაუბრე ექიმს წონასთან დაკავშირებულ პრობლემაზე. შენი ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით ის დაგეხმარება, ისეთი ცვლილებები შეიტანო ცხოვრების წესში, რომლებიც შენს ჯანმრთელობაზე დადებითად აისახება.
a ამონარიდი წიგნიდან When Things Get Crazy With Your Teen.