არჩეულ მასალაზე გადასვლა

ახალგაზრდების შეკითხვები

რა უნდა ვქნა, თუ ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემა მაქვს? (ნაწილი 2)

რა უნდა ვქნა, თუ ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემა მაქვს? (ნაწილი 2)

 დღეს ათასნაირი დაავადება არსებობს.

  •   ზოგ დაავადებას ისეთი სიმპტომები აქვს, რაც გარეგნულად ჩანს, ზოგ დაავადებას კი არ ახასიათებს მსგავსი გარეგნული გამოვლინებები.

  •   ჯანმრთელობასთან დაკავშირებულმა ზოგიერთმა პრობლემამ შეიძლება დროდადრო იჩინოს თავი, ზოგი დაავადება კი ქრონიკულია და ყოველდღე ახსენებს თავს დაავადებულს.

  •   ზოგი დაავადება განკურნებადია ან ექვემდებარება მკურნალობას მაშინ, როცა ზოგი დაავადება დეგენერაციულია, პროგრესირებს და ადამიანის სიცოცხლესაც კი უქმნის საფრთხეს.

 იმ ახალგაზრდებს, რომლებზეც ქვემოთ ვისაუბრებთ, სწორედ ასეთი ტიპის დაავადებებთან უწევთ ბრძოლა. ამ სტატიაში მოვიყვანთ ოთხი ახალგაზრდის შემთხვევას. თუ შენც გტანჯავს სერიოზული დაავადება, უთუოდ გაგამხნევებს მათი სიტყვები.

 გუნილა

 ყველაზე მეტად იმასთან შეგუება მიჭირს, რომ ბევრ რამეში შეზღუდული ვარ. ბევრი რამის გაკეთების სურვილი მაქვს, მაგრამ ყოველდღიურად მიწევს თვალი გავუსწორო რეალობას.

 მოტორული ანუ მოძრაობითი ფუნქციის დარღვევა მაქვს, რის გამოც ტვინი დროულად ვერ გზავნის საჭირო იმპულსებს. ზოგჯერ სხეულის ყველა ნაწილი მიკანკალებს და სრულიად პარალიზებული ვხდები. ისეთი მარტივი რამის გაკეთებაც კი მიჭირს, როგორიცაა გადაადგილება, ლაპარაკი, წერა-კითხვა თუ სხვების მოსმენა. როდესაც მდგომარეობა უკიდურესად მძიმდება, ჩემი კრების უხუცესები ჩემთან ერთად ლოცულობენ. ეს კი სულს მიმშვიდებს.

 რა სირთულესაც არ უნდა ვხვდებოდე, ვგრძნობ, რომ იეჰოვა ყოველთვის გვერდით მიდგას და მაძლიერებს. არ მინდა, რომ ჩემმა დაავადებამ იეჰოვას მსახურებაში შემიშალოს ხელი. დიდ პატივად ვთვლი იმას, რომ შემიძლია ბიბლიური დანაპირები გავუზიარო სხვებს, რომლის თანახმადაც, იეჰოვა ღმერთი მალე სამოთხეს აღადგენს დედამიწაზე, სადაც ტანჯვა აღარ იარსებებს (გამოცხადება 21:1—4).

 დაფიქრდი: როგორ შეგიძლია გუნილას მსგავსად თანაუგრძნო სხვებს? (1 კორინთელები 10:24).

 ზახარი

 16 წლის რომ ვიყავი, ტვინის ავთვისებიანი სიმსივნის დიაგნოზი დამიდგინეს. ექიმებმა მითხრეს, რომ 8 თვის სიცოცხლეღა მქონდა დარჩენილი. მას შემდეგ ჩემს დაავადებას ვებრძვი.

 სიმსივნური წანაზარდები მქონდა, რის გამოც სხეულის მარჯვენა მხარე წამერთვა. მას შემდეგ დამოუკიდებლად სიარული აღარ შემიძლია. სახლში ყოველთვის უნდა იყოს ვინმე, ვინც გადაადგილებაში დამეხმარება.

 ამ დაავადების გამო აღარ შემიძლია სხვებთან სრულფასოვნად ურთიერთობა. ყოველთვის აქტიური ადამიანი ვიყავი. მიყვარდა წყლის თხილამურებით სრიალი, კალათბურთისა და ფრენბურთის თამაში. როცა იეჰოვას მოწმე გავხდი, აქტიურად ჩავები ქრისტიანულ მსახურებაში. არა მგონია, ადამიანთა უმეტესობას ესმოდეს, რაოდენ დამთრგუნველია, როცა კარგავ იმის კეთების უნარს, რაც ძალიან გიყვარს.

 ძალიან მამხნევებს ესაიას 57:15-ში ჩაწერილი სიტყვები; ვრწმუნდები, რომ იეჰოვა ღმერთი დაჩაგრულებს მხარში უდგას და ზრუნავს მათზე. აგრეთვე გამამხნევებელი დანაპირებია ჩაწერილი ესაიას 35:6-ში. ეს მუხლი მინერგავს იმის იმედს, რომ კვლავ შევძლებ სიარულს, მექნება სრულყოფილი ჯანმრთელობა და ვემსახურები იეჰოვას.

 დროდადრო ძალიან მიჭირს, მაგრამ იეჰოვა არ მტოვებს. ყოველთვის გვერდით მეგულება ის, ვინც მომისმენს, როცა უარყოფითი გრძნობები მომეძალება და შიში დამრევს ხელს. ვერაფერი ჩამომაშორებს იეჰოვას სიყვარულს (რომაელები 8:39).

 ამ ინტერვიუს აღებიდან ორი თვის შემდეგ ზახარმა სიკვდილის ძილით დაიძინა. ის 18 წლის გარდაიცვალა. მას ბოლომდე მტკიცედ სწამდა ღვთის დანაპირების, რომლის თანახმადაც მკვდრები სამოთხეში დედამიწაზე საცხოვრებლად აღდგებიან.

 დაფიქრდი: როგორ დაგეხმარება ზახარის მსგავსად ლოცვა, დარჩე ღვთის სიყვარულში?

 ანაისი

 სულ რამდენიმე დღის დაბადებული ვიყავი, როცა ჰემორაგიული ინსულტი (გაჟონვა) დამემართა. ამის გამო მოძრაობის უნარი წამერთვა.

 დღეს სიარულში დამხმარე სპეციალური მოწყობილობით გადავაადგილდები, მაგრამ ხშირად ინვალიდის სავარძელში ვზივარ. გარდა ამისა, სპაზმებიც მაქვს, რის გამოც მიჭირს ისეთი საქმის შესრულება, რაც სიზუსტეს მოითხოვს, მაგალითად წერა.

 ჩემს მდგომარეობას ისიც ართულებს, რომ ჩემი დაავადება მკურნალობას არ ექვემდებარება. რაც თავი მახსოვს, კვირაში რამდენიმეჯერ ფიზიოთერაპიის კურსის გავლა მიწევს. პირველი ოპერაცია ხუთი წლის ასაკში ჩამიტარდა, რის შემდეგაც კიდევ სამი ასეთი ქირურგიული ჩარევა დამჭირდა. ბოლო ორი ოპერაცია განსაკუთრებით რთული გადასატანი იყო ჩემთვის, რადგან სახლიდან შორს მომიწია სამი თვით გამგზავრება.

 ჩემი ოჯახის წევრები დიდ დახმარებას მიწევენ. ჩვენ ერთად ვმხიარულობთ, რაც ძალიან მშველის, როცა ცუდ ხასიათზე ვდგები. დედაჩემი და ჩემი და ყოველთვის ზრუნავენ, რომ ლამაზად გამოვიყურებოდე, რასაც დამოუკიდებლად ნამდვილად ვერ შევძლებ. გული მწყდება, რომ არ შემიძლია მაღალქუსლიანი ფეხსაცმლით სიარული. მაგრამ ერთხელ, ბავშვობაში, ხელზე წამოვიცვი ფეხსაცმელები და ცოცვა-ცოცვით გავიარე. იმ დღეს ყველამ ძალიან ბევრი ვიცინეთ.

 ვცდილობ, რომ მხოლოდ ჩემი ჯანმრთელობის პრობლემით არ ვიყო მოცული. ვსწავლობ უცხო ენებს. მიზიდავს სერფინგი და სნოუბორდით სრიალი, მაგრამ რადგან ეს დღეს შეუძლებელია, ცურვაზე დავდივარ და ამით ვიოკებ ჩემს სპორტულ ჟინს. ძალიან მიყვარს მსახურება და ჩემი რწმენის სხვებისთვის გაზიარება. ხალხი ძალიან ყურადღებით მისმენს, როცა ვესაუბრები.

 მშობლები პატარაობიდანვე მარწმუნებდნენ, რომ ჩემი დაავადება დროებითი იყო. ამიტომ, რწმენა გამიღრმავდა იეჰოვასა და მისი დანაპირების მიმართ, რომლის თანახმადაც ის ბოლოს მოუღებს ტანჯვას, მათ შორის ჩემსასაც. სწორედ ეს მაძლევს ძალას, არ ჩამოვყარო ხელები (გამოცხადება 21:3, 4).

 დაფიქრდი: როგორ შეგიძლია მიჰბაძო ანაისს, რომ ჯანმრთელობის პრობლემამ არ გშთანთქას?

 ჯულიანა

 ავტოიმუნური დაავადება მტანჯავს. ის საზიანოდ მოქმედებს გულსა და ფილტვებზე. ჩემმა დაავადებამ უკვე თირკმელებიც ჩაითრია.

 ათი წლის ვიყავი, როცა წითელი მგლურას დიაგნოზი დამისვეს. ამ დაავადებას თან ახლავს საშინელი ტკივილი, დაღლილობის შეგრძნება და ხასიათის სწრაფი ცვალებადობა. დროდადრო უღირსადაც ვგრძნობ თავს.

 13 წლის ვიყავი, როდესაც სახლში იეჰოვას მოწმეებმა მოგვაკითხეს. ერთ-ერთმა ბიბლიიდან ამოგვიკითხა ესაიას 41:10, სადაც იეჰოვა ღმერთი ამბობს: „ნუ გეშინია, რადგან შენთანა ვარ ... მე გაგამაგრებ. მე დაგეხმარები. ჩემი სიმართლის მარჯვენას ჩაგჭიდებ“. სწორედ ამ დროს დავიწყე იეჰოვას მოწმეებთან ბიბლიის შესწავლა. მას შემდეგ 8 წელი გავიდა. დღეს მთელი გულით ვემსახურები ღმერთს. არ მინდა, ჩემმა დაავადებამ მთლიანად მომიცვას. ვგრძნობ, რომ იეჰოვა მაძლევს „ძალას, რომელიც ჩვეულებრივს აღემატება“. სწორედ ეს მეხმარება შევინარჩუნო დადებითი განწყობა (2 კორინთელები 4:7).

 დაფიქრდი: როგორ დაგეხმარება ჯულიანას მსგავსად ესაიას 41:10 დადებითი განწყობის შენარჩუნებაში?