რა არის მკვდრეთით აღდგომა?
ბიბლია გვპასუხობს
ბიბლიაში მოხსენიებული სიტყვა „აღდგომა“ მომდინარეობს ბერძნული სიტყვიდან ანასტასის, რაც სიტყვასიტყვით „წამოდგომას“, „ადგომას“ ნიშნავს. აღდგომა გულისხმობს, ასე ვთქვათ, უსიცოცხლო მდგომარეობიდან წამოდგომას ანუ გაცოცხლებას; სხვა სიტყვებით თუ ვიტყვით, აღდგომის დროს ადამიანი უბრუნდება მდგომარეობას, რომელშიც სიკვდილამდე იყო (1 კორინთელები 15:12, 13).
აღდგომის შესახებ სწავლებას „ძველი აღთქმის“ ცნობილ ებრაულ წერილებშიც ვხვდებით მიუხედავად იმისა, რომ სიტყვა „აღდგომა“ მათში არ არის ნახსენები. მაგალითად ღმერთმა წინასწარმეტყველ ოსიას მეშვეობით თქვა: „სამარის ხელიდან გამოვისყიდი მათ, სიკვდილისგან დავიხსნი“ (ოსია 13:14; იობი 14:13—15; ესაია 26:19; დანიელი 12:2, 13).
სად აღდგებიან მკვდრები? ზოგიერთი ადამიანი ზეცაში იქნება აღდგენილი, იესოსთან ერთად რომ იმეფოს (2 კორინთელები 5:1; გამოცხადება 5:9, 10). ბიბლია ამას „პირველ აღდგომას“ უწოდებს, რაც იმაზე მიუთითებს, რომ მას კიდევ სხვა აღდგომა მოჰყვება (გამოცხადება 20:6; ფილიპელები 3:11). უმეტესობა კი სწორედ შემდგომი აღდგომისას აღდგება დედამიწაზე საცხოვრებლად (ფსალმუნი 37:29).
როგორ მოხდება მკვდრეთით აღდგომა? ღმერთმა იესოს მკვდრების აღდგენის ძალა მისცა (იოანე 11:25). იესო აღადგენს ყველას, ვინც „სამახსოვრო სამარხებში“ არიან (იოანე 5:28, 29, სქოლიო). ეს იმას ნიშნავს, რომ მკვდრეთით აღდგენილ ადამიანს ისეთივე თვისებები, ხასიათი და მოგონებები ექნება, როგორიც მანამდე ჰქონდა, სანამ მოკვდებოდა. მას, ვინც ზეცაში საცხოვრებლად აღდგება, სულიერი სხეული ექნება, ხოლო მას, ვინც დედამიწაზე საცხოვრებლად აღდგება — ჯანმრთელი ფიზიკური სხეული (ესაია 33:24; 35:5, 6; 1 კორინთელები 15:42—44, 50).
ვინ აღდგება? ბიბლიაში ვკითხულობთ: „იქნება მკვდრეთით აღდგომა, მართლებისაც და უმართლოებისაც“ (საქმეები 24:15). მართლებში შედიან ისეთი ერთგული ადამიანები, როგორებიც იყვნენ ნოე, სარა და აბრაამი (დაბადება 6:9; ებრაელები 11:11; იაკობი 2:21). უმართლოებში იგულისხმებიან ის ადამიანები, რომლებიც არ იცნობდნენ ღმერთს და მის განზრახვებს და, შესაბამისად, არ იცავდნენ მის მცნებებს.
მაგრამ ისინი, ვინც ისე გაბოროტდნენ, რომ ვერაფერი გამოასწორებთ, არ აღდგებიან. როდესაც ასეთი ადამიანი კვდება, ის სამუდამოდ ნადგურდება და მისთვის აღარ არსებობს იმედი, რომ კვლავ იცოცხლებს (მათე 23:33; ებრაელები 10:26, 27).
როდის მოხდება მკვდრეთით აღდგომა? ბიბლიამ იწინასწარმეტყველა, რომ ზეციერი აღდგომა მოხდებოდა ქრისტეს მოსვლის შემდეგ, რომელიც 1914 წელს დაიწყო (1 კორინთელები 15:21—23). ხოლო დედამიწაზე აღდგომა იესოს ათასწლიანი მმართველობის დროს მოხდება, როდესაც დედამიწა სამოთხედ გადაიქცევა (ლუკა 23:43; გამოცხადება 20:6, 12, 13).
რატომ არის გონივრული, გვჯეროდეს აღდგომის? ბიბლიაში დაწვრილებით არის მოთხრობილი ცხრა მკვდრეთით აღდგომის შემთხვევა; თითოეულს თვითმხილველები ჰყავდა (1 მეფეები 17:17—24; 2 მეფეები 4:32—37; 13:20, 21; ლუკა 7:11—17; 8:40—56; იოანე 11:38—44; საქმეები 9:36—42; 20:7—12; 1 კორინთელები 15:3—6). განსაკუთრებით აღსანიშნავია იესოს მიერ ლაზარეს აღდგენა, რადგან ლაზარე ოთხი დღის მკვდარი იყო და ის იესომ ხალხის თვალწინ აღადგინა (იოანე 11:39, 42). ეს ფაქტი იესოს მოწინააღმდეგეებმაც კი ვერ უარყვეს, რის გამოც განიზრახეს მისი და ლაზარეს მოკვლა (იოანე 11:47, 53; 12:9—11).
ბიბლიიდან ვიგებთ, რომ ღმერთს მკვდრების აღდგენის ძალაც აქვს და სურვილიც. იეჰოვას თავის სრულყოფილ მეხსიერებაში თითოეული ადამიანის შესახებ დეტალური ინფორმაცია აქვს შემონახული (იობი 37:23; მათე 10:30; ლუკა 20:37, 38). ღმერთს შეუძლია და სურს კიდეც, სიცოცხლე დაუბრუნოს გარდაცვლილებს. როდესაც ბიბლია მომავალი აღდგომის შესახებ საუბრობს, ის შემდეგნაირად აღწერს ღვთის გრძნობებს: „მოგენატრება შენი ხელის ქმნილება“ (იობი 14:15).
აღდგომის შესახებ გავრცელებული მცდარი შეხედულებები
სიცრუე: აღდგომის დროს სული სხეულს უბრუნდება.
სინამდვილე: ბიბლიიდან ვიგებთ, რომ სული თვითონ ადამიანია და სიკვდილის შემდეგ არ აგრძელებს არსებობას (დაბადება 2:7; ეზეკიელი 18:4). აღდგომისას სული კი არ უბრუნდება სხეულს, არამედ ადამიანი ხელახლა იქმნება, როგორც ცოცხალი სული.
სიცრუე: ზოგი ადამიანი აღდგება, მაგრამ უმალვე განადგურდება.
სინამდვილე: ბიბლიაში ვკითხულობთ, რომ „ცუდის მოქმედნი“ აღდგებიან „სასამართლოს აღდგომისთვის“ (იოანე 5:29). მაგრამ ისინი გასამართლდებიან იმის მიხედვით, რასაც აღდგომის მერე გააკეთებენ და არა იმის მიხედვით, რასაც სიკვდილამდე აკეთებდნენ. იესომ თქვა: „მკვდრები მოისმენენ ღვთის ძის ხმას და, ვინც ყურად იღებს, იცოცხლებს“ (იოანე 5:25). მათი სახელები, რომლებიც აღდგომის შემდეგ „ყურად იღებენ“ ნასწავლს და მორჩილებას გამოავლენენ, ჩაიწერება „სიცოცხლის გრაგნილში“ (გამოცხადება 20:12, 13).
სიცრუე: ადამიანი იმავე სხეულში აღდგება, რომელიც სიკვდილამდე ჰქონდა.
სინამდვილე: სიკვდილის შემდეგ ადამიანის სხეული იხრწნება (ეკლესიასტე 3:19, 20).