რა იგულისხმება „სამეფოს გასაღებებში“?
ბიბლია გვპასუხობს
„სამეფოს გასაღებებში“, რომელიც ბიბლიის ზოგ თარგმანში მოიხსენიება როგორც „ცათა სასუფევლის გასაღები“, იგულისხმება ძალაუფლება, რომლის მეშვეობითაც ადამიანებს „ღვთის სამეფოში შესასვლელად“ გზა გაეხსნათ (მათე 16:19; საქმეები 14:22). a იესომ „ზეციერი სამეფოს გასაღებები“ პეტრეს გადასცა. ეს იმას ნიშნავს, რომ პეტრეს მიეცა ძალაუფლება, გაეცხადებინა სხვებისთვის, როგორ შეძლებდნენ ღვთის ერთგულები წმინდა სულის მეშვეობით ზეციერ სამეფოში შესვლას.
ვინ შეძლებდა ზეციერ სამეფოში შესვლას?
პეტრემ ღვთისგან მიღებული ძალაუფლებით სამეფოში შესასვლელად გზა გაუხსნა სამი კატეგორიის ადამიანებს. ესენი იყვნენ:
იუდეველები და იუდეველი პროზელიტები. იესოს სიკვდილის შემდეგ მალევე პეტრემ ერთად შეკრებილ იუდაიზმის მიმდევრებს მოუწოდა, ერწმუნათ იესო, რომელიც ღმერთმა სამეფოს მმართველად აირჩია. პეტრემ ისიც აუხსნა მათ, თუ რა იყო საჭირო გადასარჩენად. ამგვარად, მან გზა გაუხსნა იუდეველებს სამეფოში შესასვლელად; იმ დღეს ათასობით ადამიანმა „მიიღო მისი სიტყვა“ (საქმეები 2:38—41).
სამარიელები. მოგვიანებით ღმერთმა პეტრე სამარიელებთან გაგზავნა. b მან კიდევ ერთხელ გამოიყენა „სამეფოს გასაღები“, როცა იოანესთან ერთად ილოცა და ღმერთს სთხოვა, სამარიელებს წმინდა სული მიეღოთ (საქმეები 8:14—17). შედეგად, სამარიელებს სამეფოში შესვლის შესაძლებლობა მიეცათ.
უცხოტომელები. იესოს სიკვდილიდან სამწელიწად-ნახევრის შემდეგ ღმერთმა პეტრეს განუცხადა, რომ ღვთის სამეფოში შესვლის შესაძლებლობა უცხოტომელებსაც (არაიუდეველები) მიეცემოდათ. ღვთის მითითების თანახმად, პეტრემ კიდევ ერთი „გასაღები“ უცხოტომელებთან ქადაგების დროს გამოიყენა და დაეხმარა მათ, მიეღოთ წმინდა სული, გაქრისტიანებულიყვნენ და სამეფოში შესულიყვნენ (საქმეები 10:30—35, 44, 45).
რას ნიშნავს „სამეფოში შესვლა“?
ისინი, ვინც „სამეფოში შედიან“, ზეცაში იესოს თანამმართველები ხდებიან. ბიბლიაში ნაწინასწარმეტყველები იყო, რომ ისინი ტახტებზე დასხდებოდნენ და დედამიწის მმართველები იქნებოდნენ (ლუკა 22:29, 30; გამოცხადება 5:9, 10).
მცდარი შეხედულებები სამეფოს გასაღებების შესახებ
მცდარი შეხედულება: პეტრე წყვეტს, თუ ვინ წავა ზეცაში.
სინამდვილე: ბიბლიის თანახმად იესო ქრისტეა ის, ვინც უნდა „გაასამართლოს ცოცხლები და მკვდრები“, და არა პეტრე (2 ტიმოთე 4:1, 8; იოანე 5:22). თავად პეტრემაც აღნიშნა, რომ „ღმერთმა ის [იესო] ცოცხლებისა და მკვდრების მოსამართლედ დანიშნა“ (საქმეები 10:34, 42).
მცდარი შეხედულება: პეტრეზე იყო დამოკიდებული, როდის გამოიყენებდა „სამეფოს გასაღებებს“, ხოლო ზეცაში მყოფნი ელოდნენ მის გადაწყვეტილებას.
სინამდვილე: სამეფოს გასაღებებზე საუბრისას იესომ პეტრეს უთხრა: „მოგცემ ზეციერი სამეფოს გასაღებებს და ყველაფერი, რასაც დედამიწაზე შეკრავ, ზეცაში შეკრული იქნება, და ყველაფერი, რასაც დედამიწაზე გახსნი, ზეცაში გახსნილი იქნება“ (მათე 16:19). ამ მუხლიდან გამომდინარე ზოგი ფიქრობს, რომ თითქოს ზეცა მოქმედებდა პეტრეს გადაწყვეტილების თანახმად. სინამდვილეში, ამ მუხლში მოცემული ბერძნული დედნისეული ზმნები იმაზე მიუთითებს, რომ ჯერ ზეცაში ხდებოდა გადაწყვეტილების მიღება, შემდეგ კი პეტრე ამ გადაწყვეტილების თანახმად მოქმედებდა. c
სხვა ბიბლიური მუხლებიდანაც ვიგებთ, რომ პეტრე ზეციდან მიღებულ ბრძანებებს ასრულებდა. მაგალითად, მან სამეფოს მესამე „გასაღები“ მაშინ გამოიყენა, როცა ღვთისგან მიიღო ამის შესახებ მითითება (საქმეები 10:19, 20).
a ზოგჯერ ბიბლიაში სიტყვა „გასაღები“ გამოყენებულია ძალაუფლებისა და პასუხისმგებლობის მნიშვნელობით (ესაია 22:20—22; გამოცხადება 3:7, 8).
b სამარიელების რელიგია განსხვავდებოდა იუდაიზმისგან, თუმცა მათ ზოგიერთი სწავლება და წეს-ჩვეულება მოსეს კანონიდან ჰქონდათ გადმოღებული.
c იხილეთ შესასწავლი მასალა, რომელიც თან ერთვის მათეს 16:19-ს (ბიბლიის „ახალი ქვეყნიერების თარგმანის“ სასწავლო გამოცემა [ინგლ.]).