ვინ შექმნა?
ულვაშფეხიანი კიბოს წებო
უკვე დიდი ხანია, რაც ზოოლოგებმა აღმოაჩინეს, რომ ულვაშფეხიან კიბოებს აქვთ უნარი, ძალიან მჭიდროდ მიეწებონ ქვებს, წყალქვეშა ნაგებობებსა თუ გემებს. ულვაშფეხიანი კიბოს წებო ადამიანების მიერ დამზადებულ ნებისმიერ წებოზე გაცილებით ძლიერია. მეცნიერებმა მხოლოდ ახლახან შეძლეს იმის გაგება, თუ როგორ ახერხებს ეს არსება, ასე მჭიდროდ მიეკრას სველ ზედაპირს.
დაფიქრდით: გამოკვლევებმა ცხადყო, რომ ცურვის უნარის მქონე ულვაშფეხიანი კიბოს ლარვა (მატლი) გულმოდგინედ არჩევს ზედაპირს, სადაც შეძლებს დამკვიდრებას. როგორც კი შესაფერის ადგილს იპოვის, ლარვა ორ ნივთიერებას გამოყოფს. თავდაპირველად ის შერჩეულ ადგილს უსვამს ზეთოვან სითხეს, რომელიც წყალს არ ერევა. გარდა ამისა, ამ სითხის მეშვეობით იქმნება შესაფერისი გარემო იმისთვის, რომ მეორე ნივთიერება, ფოსფოპროტეინის ცილა, რომელსაც ის გამოყოფს, ადვილად მიეწებოს ზედაპირს.
ეს ორი ნივთიერება იმდენად ძლიერ წებოვან მასას ქმნის, რომ ბაქტერიასაც კი არ შეუძლია მისი განადგურება. ასეთი გამძლეობა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ულვაშფეხიანმა კიბომ მთელი თავისი არსებობის მანძილზე იქ უნდა იცხოვროს.
ულვაშფეხიანი კიბოს მიერ წებოს მომზადების პროცესი იმაზე რთული აღმოჩნდა, ვიდრე ეს მეცნიერებს ეგონათ. ერთ-ერთმა მკვლევარმა, რომელიც აკვირდებოდა ამ პროცესს, აღნიშნა: „საოცარია იმის დანახვა, რომ ულვაშფეხიან კიბოს შეუძლია ასე ოსტატურად გადაჭრას პრობლემა — შეძლოს ზედაპირსა და წყალს შორის ბუნებრივი ბარიერის შექმნა“. ეს აღმოჩენა დაეხმარება მკვლევრებს, გამოიგონონ ისეთი წებო, რომელსაც წყალქვეშ გამოიყენებენ. აგრეთვე ბუნებრივი მასალისგან სინთეზურად შექმნან წებოვანი ნივთიერება, რომელსაც გამოიყენებენ იმპლანტებისა და ელექტრო მოწყობილობების წარმოებისას.
რას ფიქრობთ? ევოლუციის შედეგად გაუჩნდა ულვაშფეხიან კიბოს წებოს წარმოქმნის უნარი, თუ შემოქმედმა ჩადო მასში ეს უნარი?