„საგუშაგო კოშკის მეურნეობა“ — უხვმოსავლიანი ხუთი ათწლეული
ქალაქ ნიუ-იორკიდან ჩრდილოეთით, 145 კილომეტრის მოშორებით, უოლკილთან ახლოს „საგუშაგო კოშკის მეურნეობაა“, რომელსაც იეჰოვას მოწმეთა ბიბლიურ-საგანმანათლებლო საქმიანობის წინსვლაში დიდი წვლილი მიუძღვის. თავდაპირველად „საგუშაგო კოშკმა“ მეურნეობა (დღეს მთელი კომპლექსი „საგუშაგო კოშკის მეურნეობის“ სახელითაა ცნობილი) 50 წლის წინათ, 1963 წლის 2 იანვარს შეისყიდა.
ერთი იეჰოვას მოწმე, დეივიდ უოლკერი, რომელმაც უოლკილში „საგუშაგო კოშკის მეურნეობის“ დაარსებიდან პირველი დღესვე დაიწყო მსახურება, ყვება, თუ რატომ შეიძინა საზოგადოებამ ეს მიწა: „ბრუკლინში (ნიუ-იორკი) მომსახურე იეჰოვას მოწმეთა რიცხვი სულ უფრო და უფრო იზრდებოდა. ამიტომ, საჭირო იყო მეტი საკვები. ამავე დროს, გვინდოდა თანხა ეკონომიურად დაგვეხარჯა. ჩვენ მანამდეც გვქონდა მიწა, რომელიც ნიუ-იორკის შტატის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარეობდა და ბრუკლინიდან 6—8 საათის სავალზე იყო. უოლკილში ჩასვლა კი, სულ რაღაც, 2 საათში შეიძლებოდა. სწორედ ასეთი ადგილი გვჭირდებოდა“. ბოლოს ყურადღება უოლკილზე შევაჩერეთ, სადაც იეჰოვას მოწმეებს ხილ-ბოსტნეული მოჰყავდათ. მათ აგრეთვე მოაშენეს ღორი, მსხვილფეხა საქონელი და ქათამი. ამზადებდნენ რძის პროდუქტებსაც. დროთა განმავლობაში მეურნეობა გაფართოვდა.
დაახლოებით ათ წელიწადში იეჰოვას მოწმეთა რიცხობრივმა ზრდამ განაპირობა ის, რომ უოლკილმა მეურნეობის გარდა სხვა ფუნქციებიც შეითავსა. უოლკილში არა მხოლოდ პირდაპირი გაგებით მოჰყავდათ მოსავალი, არამედ ხალხის სულიერ გამოკვებაზეც დაიწყეს ზრუნვა, რაზეც იესო საუბრობდა (მათე 9:37; ლუკა 10:2; იოანე 4:35, 36). ახლა ვისაუბროთ ზოგიერთ საქმეზე, რომელიც უოლკილში სრულდება.
საგამომცემლო საქმე: მე-20 საუკუნის შუა ხანებში ბიბლიურ ლიტერატურას, ძირითადად, ბრუკლინში (ნიუ-იორკი) არსებულ სტამბაში ბეჭდავდნენ. მაგრამ რამდენადაც ჩვენს ლიტერატურაზე მოთხოვნილება გაიზარდა, სტამბა ვეღარ აუდიოდა სამუშაოს. ამიტომ, 1973 წელს იეჰოვას მოწმეებმა ააშენეს კიდევ ერთი სტამბა უოლკილში. მას შემდეგ სტამბა არაერთხელ გადაკეთდა და გაფართოვდა; ბოლოს ეს 2004 წელს მოხდა.
კომპიუტერული ტექნოლოგიები: 1979 წელს იეჰოვას მოწმეთა ჯგუფმა უოლკილში დაიწყო „მრავალენოვანი ელექტრონული ფოტოაწყობის სისტემის“ (MEPS) შექმნა. დღეს ამ ახალი პროგრამის წყალობით ბიბლიური ლიტერატურა 600-ზე მეტ ენაზე იბეჭდება.
საგანმანათლებლო საქმე: 1988 წელს „საგუშაგო კოშკის“ ბიბლიური სკოლა „გალაადი“ ბრუკლინიდან უოლკილში გადავიდა. ამ ახალ ადგილზე პირველმა კლასმა იმავე წლის 17 ოქტომბერს დაიწყო სწავლა. სკოლა უოლკილში ფუნქციონირებდა მანამ, სანამ 1995 წლის აპრილში პატერსონში (ნიუ-იორკი) „საგუშაგო კოშკის“ საგანმანათლებლო ცენტრში არ გადავიდა.
საზოგადოების მეურნეობა, სხვა მეურნეობების მსგავსად, გასული ხუთი ათწლეულის მანძილზე გაფართოვდა და იქ არსებული ტექნოლოგიები დაიხვეწა. დღესაც დიდი მნიშვნელობა ენიჭება მაღალი ხარისხის პროდუქტის მოყვანას, რომლითაც შეერთებული შტატების ბეთელის ოჯახი მარაგდება ნიუ-იორკში.
ახლახან იეჰოვას მოწმეებმა უოლკილში ააშენეს ახალი ადმინისტრაციული შენობა, საცხოვრებელი კორპუსი თუ სხვა დანიშნულების ნაგებობები. მათ აგრეთვე გაარემონტეს უკვე არსებული შენობები. ყველა ზემოთ აღნიშნული ცვლილება ხელს შეუწყობს იმას, რომ „საგუშაგო კოშკის“ საზოგადოების სამეურნეო ტერიტორიაზე კვლავაც მომზადდეს სულიერი საზრდო. ეს უხვი საზრდო სულიერად დააპურებს იმ უამრავ ადამიანს, რომლებიც იეჰოვას მოწმეთა მსოფლიო საძმოს უერთდებიან.
დეივიდ უოლკერმა, რომელიც ზემოთ მოვიხსენიეთ, დასძინა: „ძალიან მახარებს, რომ ბოლო 50-ზე მეტი ხნის მანძილზე საკუთარი თვალით ვიხილე, თუ როგორ წამოიმართა თვალსა და ხელს შუა უოლკილში შენობები და რამხელა წვლილი შეიტანა ამ კომპლექსში მიმდინარე საქმიანობამ ბიბლიური ცნობის გავრცელებაში!“.