დასურათებული ბროშურა არაერთ ენაზე
ოდვალი მონღოლეთში ცხოვრობს. მან ზუსტად არ იცის, რამდენი წლისაა, მაგრამ მისი ვარაუდით, დაახლოებით 1921 წელს დაიბადა. ბავშვობაში ის მშობლების საქონელს უვლიდა და მხოლოდ ერთი წელი დადიოდა სკოლაში. მან კითხვა არ იცის. მაგრამ ახლახან გამოცემული დასურათებული ბროშურა დაეხმარა მას, გაეცნო ღმერთი და გაეგო იმ ბედნიერი მომავლის შესახებ, რომელიც ღვთის მორჩილთ ელოდებათ. ამ სიახლემ მას გული გაუთბო.
ეს ბროშურა იეჰოვას მოწმეებმა 2011 წელს გამოსცეს, რომლის ორი ვარიანტი არსებობს. ორივე ლამაზადაა დასურათებული, მაგრამ იმით განსხვავდება ერთმანეთისგან, რომ ერთში ტექსტი უფრო ნაკლებია, ვიდრე მეორეში.
ერთ-ერთი მათგანი, კერძოდ „მოუსმინეთ ღმერთს და იცხოვრეთ მარადიულად“, სადაც ტექსტი უფრო მეტია, მალე 583 ენაზე გახდება ხელმისაწვდომი, ხოლო მეორე ვარიანტი „მოუსმინეთ ღმერთს“ — 483 ენაზე. უნდა აღინიშნოს ერთი საინტერესო ფაქტი: 2013 წლის ოქტომბრისთვის გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის საყოველთაო დეკლარაცია 413 ენაზე ითარგმნა. როგორც ხედავთ, ეს რიცხვი ჩამოუვარდება ზემოთ დასახელებულ რიცხვს. უფრო მეტიც, ზემოხსენებული ბროშურის ორივე ვერსიის თითქმის 80 მილიონი ეგზემპლარია უკვე გავრცელებული.
ბრაზილიაში ერთმა ხანდაზმულმა ქალბატონმა სიხარულით აიღო ბროშურა „მოუსმინეთ ღმერთს“ და თქვა: „სასიამოვნოა, რომ არსებობენ ადამიანები, რომლებიც ჩემნაირ ხალხზე ზრუნავენ. ადრე არასდროს გართმევდით ჟურნალებს, რადგან კითხვა არ ვიცი. მაგრამ ახლა მართლა მინდა ეს ბროშურა“.
საფრანგეთში მცხოვრები ბრიჯიტი, რომელმაც წერა-კითხვა არ იცის, ამბობს: „ყოველდღე ვუყურებ ამ ბროშურაში მოცემულ ილუსტრაციებს“.
სამხრეთ აფრიკიდან ერთი მოწმე გვწერს: „ეს ყველაზე საუკეთესო ბროშურაა, რომელიც მეხმარება, ბიბლიური ჭეშმარიტება ჩინურ ენაზე მოლაპარაკეთ გავაცნო. შემიძლია გვერდით მივუჯდე ყველანაირ ადამიანს, უმაღლესგანათლებულებს, ძალიან ჭკვიან ხალხს, და მათაც, ვისაც უჭირს კითხვა, და ამ ბროშურის მეშვეობით ვუქადაგო. ბროშურა „მოუსმინეთ ღმერთს და იცხოვრეთ მარადიულად“ საშუალებას მაძლევს, მოკლე დროში გავაცნო ხალხს ბიბლიური სწავლებები. სულ რაღაც ნახევარ საათში ფუნდამენტი უკვე ჩაყრილია.
გერმანიაში მოწმეები ამ ბროშურის დახმარებით ერთ განათლებულ წყვილს ასწავლიან ბიბლიას. ქმარი იმდენად მოიხიბლა ამ ბროშურით, რომ თქვა: „ადრე რატომ არ მომეცით ეს ბროშურა? ის მეხმარება, ადვილად გავიგო ბიბლიური გამოთქმები და ჩავწვდე ბიბლიური მოვლენების მნიშვნელობას“.
ავსტრალიაში მცხოვრები ერთი სმენადაქვეითებული ქალი ამბობს: „წლების მანძილზე მონასტერში მონაზვნებთან ერთად ვცხოვრობდი. ძალიან დაახლოებული ვიყავი ეკლესიის წინამძღოლებთან, მაგრამ არც ერთ მათგანს არ უსწავლებია ჩემთვის, რა არის ღვთის სამეფო. ამ ბროშურაში მოცემული ილუსტრაციები დამეხმარა მათეს 6:10-ის ნამდვილი მნიშვნელობის გაგებაში“.
კანადაში იეჰოვას მოწმეთა ფილიალი იტყობინება: «მას შემდეგ, რაც სიერა-ლეონეში კრიო ენაზე იხილეს ბროშურა „მოუსმინეთ ღმერთს“, ბევრმა იქაურმა მაცხოვრებელმა არ დაიშურა ქების სიტყვები იეჰოვას მოწმეების მისამართით. მათ აღნიშნეს, რომ მოწმეები მართლაც მუხლჩაუხრელად შრომობენ იმისათვის, რომ ბიბლიური ცნობა ყველას გაუზიარონ. ზოგმა ასეთი სიტყვებიც კი თქვა: „თქვენ ხართ ხალხი, რომლებიც ზრუნავენ სხვებზე მაშინ, როცა ბევრი მსგავს არაფერს აკეთებს“ ».