არჩეულ მასალაზე გადასვლა

2014 წლის ყოველწლიური შეხვედრის ანგარიში

„სამეფოს მმართველობის 100 წლისთავი“

2014 წლის ყოველწლიური შეხვედრის ანგარიში

2014 წლის 4 ოქტომბერს ბიბლიისა და ტრაქტატების საზოგადოება „საგუშაგო კოშკის“ 130-ე ყოველწლიური შეხვედრის პროგრამა დაახლოებით 19 000-მა ადამიანმა მოისმინა. ეს პროგრამა, რომელიც ჯერზი-სიტიში (ნიუ-ჯერზი, აშშ), იეჰოვას მოწმეთა საკონგრესო დარბაზში შედგა, პირდაპირი ტრანსლაციით მრავალ ადგილას გადაიცემოდა.

შეხვედრას უძღვებოდა იეჰოვას მოწმეთა ხელმძღვანელი საბჭოს წევრი მარკ სანდერსონი. თავის შესავალ სიტყვაში ძმა მარკმა აღნიშნა, რომ ეს ყოველწლიური შეხვედრა ისტორიული მნიშვნელობისაა, რადგან ღვთის სამეფოს მმართველობის 100 წლისთავს მიეძღვნა.

ძმა მარკ სანდერსონმა მოკლედ მიმოიხილა, თუ რას მიაღწია სამეფომ პირველი ასწლეულის განმავლობაში სამ მნიშვნელოვან სფეროში:

  • მსოფლიო სამქადაგებლო საქმიანობა. იეჰოვამ უხვად აკურთხა თავისი ხალხი, რომელიც დაუღალავად შრომობდა, რომ სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობა დედამიწის კიდით კიდემდე გაევრცელებინა. 1914 წელს იეჰოვას მოწმეთა რიცხვი, სულ რაღაც, რამდენიმე ათასს ითვლიდა, 2014 წელს კი მათმა რიცხვმა 8 მილიონს გადააჭარბა. ჩვენ სულით ანთებულები იმ დრომდე ვიქადაგებთ, სანამ იეჰოვა არ იტყვის, რომ საქმე დასრულებულია!

  • სამეფოს ქვეშევრდომები, როგორც ჯგუფი, დაცულნი არიან. წლებია, ზოგი რელიგიური და პოლიტიკური ლიდერი სასტიკად გვეწინააღმდეგება და იმასაც კი ცდილობს, რომ იეჰოვას მოწმეთა სახსენებელი სამუდამოდ მოსპოს. მაგრამ იეჰოვა ყოველთვის იცავდა თავის თაყვანისმცემლებს, როგორც ჯგუფს. ჩვენ არაერთი იურიდიული გამარჯვება მოვიპოვეთ, მათ შორის შეერთებული შტატების უზენაეს და ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოებში, რაც იმაზე მეტყველებს, რომ იეჰოვა დღემდე გვიცავს.

  • სხვადასხვა წარმომავლობის ადამიანები ერთიანდებიან. ღმერთმა თავისი სამეფოს მეშვეობით სხვადასხვა ეთნიკური წარმომავლობისა და ეროვნების ადამიანი გააერთიანა; მათ ისწავლეს, გადაელახათ არაერთი დაბრკოლება და გაერთიანდნენ ღვთის თაყვანისმცემლობაში. ძმა მარკმა აღნიშნა: „ასეთ სასწაულს მხოლოდ იეჰოვა თუ მოახდენდა!“. ბოლოს კი დასძინა, რომ თითოეულ დამსწრეს დიდი პატივი აქვს, ასეთი ისტორიული მნიშვნელობის შეხვედრის პროგრამა მოისმინოს.

მულტსერიალი „დაუმეგობრდი იეჰოვას“.

პროგრამის შემდგომი ნაწილი სწორედ ამ საბავშვო მულტსერიალს დაეთმო, რომელიც უკვე ორ წელზე მეტია გულს გვიხალისებს. თავდაპირველად ძმა მარკმა აუდიტორიას უჩვენა ვიდეორგოლი, სადაც წარმოდგენილი იყო მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მცხოვრები ბავშვების ინტერვიუები. აუდიტორია გულგრილი არ დატოვა ბავშვების მიერ ამ ვიდეორგოლებისთვის გამოთქმულმა უბრალო და საოცრად თბილმა მადლიერების სიტყვებმა.

ამის შემდეგ აუდიტორიას უჩვენეს ახალი ვიდეორგოლი ამ მულტსერიალიდან. მისი სახელწოდებაა „იეჰოვა გაბედულებას შეგმატებს!“. ეს 12-წუთიანი ვიდეორგოლი მაყურებლის წინაშე ერთი პატარა ისრაელი გოგონას ისტორიას აცოცხლებს, რომელმაც, როგორც ბიბლიიდან ვიგებთ, გაბედულება მოიკრიბა და სირიელი მხედართმთავრის, ნაამანის ცოლს იეჰოვას შესახებ დაელაპარაკა (2 მეფეები 5:1—14). ეს ვიდეორგოლი 2014 წლის 6 ოქტომბერს, ორშაბათს, აიტვირთა ჩვენს ვებ-გვერდზე და ახლა 20-ზე მეტ ენაზეა ხელმისაწვდომი.

აპლიკაცია JW ენები.

ძმა მარკმა გამოაცხადა ახალი აპლიკაციის შესახებ, რომლითაც ციფრული მოწყობილობით შეგვიძლია ვისარგებლოთ. ეს აპლიკაცია დაეხმარება იმ იეჰოვას მოწმეებს, რომელთაც მსახურების გაფართოების მიზნით სხვა ენის შესწავლა სურთ. ის შეიცავს 4 000-ზე მეტ სიტყვასა თუ ფრაზას 18 ენაზე. იგეგმება, რომ ამ აპლიკაციას კიდევ დაემატოს სიტყვები და ფრაზები, აგრეთვე შეთავაზებები მსახურებისთვის და სხვა.

JW მაუწყებლობა.

მსმენელებმა აღფრთოვანება ვერ დამალეს, როცა გაიგეს იეჰოვას მოწმეების ინტერნეტ-ტელევიზიის შესახებ. ჯერჯერობით ეს ტელევიზია მხოლოდ ინგლისურ ენაზეა ხელმისაწვდომი. ის მსოფლიო მთავარ სამმართველოშია (ბრუკლინი, ნიუ-იორკი, აშშ) განთავსებული; მისი მეშვეობით უყურებთ სხვადასხვა ვიდეორგოლებს, მოისმენთ სიმღერებს, მელოდიებს და ბიბლიის მხატვრულ კითხვას. გარდა ამისა, ყოველთვიურად იქნება წარმოდგენილი სპეციალური გადაცემა, რომელსაც ხელმძღვანელი საბჭოს წევრი ან მათი დამხმარეები წაუძღვებიან.

ძმა მარკმა აუდიტორიას უჩვენა პატარა მონაკვეთი პირველი გადაცემიდან, რომელსაც სტივენ ლეტი უძღვება. ამ გადაცემაში ნაჩვენებია, თუ რა სამუშაოები მიმდინარეობდა ტელესტუდიის მომზადების დროს. JW მაუწყებლობამ ფუნქციონირება 2014 წლის 6 ოქტომბერს დაიწყო. იგი ხელმისაწვდომია ვებ-გვერდზე tv.mr1310.com.

„სამეფოს მმართველობის პირველი ასწლეული“.

ხელმძღვანელი საბჭოს წევრმა, სამუელ ჰერდმა მოკლედ მიმოიხილა ეს მოკლემეტრაჟიანი ფილმი, რომელიც მოგვითხრობს იმის შესახებ, თუ როგორ დაეხმარა ღმერთი სამეფოს მეშვეობით თავის ხალხს, თანდათანობით დაეხვეწათ მსახურება და უფრო მასშტაბურად ექადაგათ. ისტორიული ვიდეომასალის, ინსცენირებებისა და დიდი ხნის იეჰოვას მოწმეებისგან აღებული ინტერვიუების საშუალებით მაყურებელს უფრო ნათელი წარმოდგენა შეექმნა სხვადასხვა წამოწყების შესახებ, მაგალითად, როგორ მომზადდა „შემოქმედების ფოტოდრამა“ და როგორ იხილეს ის მილიონებმა; როგორ იყენებდნენ იეჰოვას მოწმეები პატეფონს, სამქადაგებლო ბარათებს და რუპორებიან მანქანებს; როგორ აწყობდნენ საინფორმაციო მსვლელობებს; როგორ ეხმარებოდა მაუწყებლებს სხვადასხვა სკოლები, ღირსეულად შეესრულებინათ თავიანთი დავალებები.

რატომ იქნება ჩვენთვის კარგი, თუ დავფიქრდებით, რას მიაღწია ღვთის სამეფომ პირველი ასწლეულის მანძილზე? თუ ამას ჩავუღრმავდებით, სამეფო ჩვენთვის უფრო რეალური გახდება და უფრო გაგვიძლიერდება იმის სურვილი, საკუთარი თვალით ვიხილოთ, რას განახორციელებს ეს სამეფო მომავალში.

ღვთის განმადიდებელი სიმღერები.

ხელმძღვანელი საბჭოს წევრმა, დეივიდ სპლეინმა გამოაცხადა, რომ იგეგმება გადამუშავებული სიმღერების წიგნის „უმღერეთ იეჰოვას“ გამოცემა. ამან ყველა დამსწრე გაახარა. მას ისეთივე ყდა და ვერცხლისფერი კიდე ექნება, როგორიც ახალ ბიბლიებს. სიმღერების წიგნის დასაბეჭდად ასეთი მაღალხარისხიანი მასალის გამოყენება იმაზე მეტყველებს, რომ სიმღერას ღვთის თაყვანისცემაში მეტად მნიშვნელოვანი ადგილი უკავია.

ძმა დეივიდმა აგრეთვე გამოაცხადა, რომ სიმღერების ამ კრებულს რამდენიმე ახალი სიმღერაც დაემატება. მაგრამ ეს ახალი სიმღერები რომ ვიმღეროთ, ჩვენ ამ წიგნის გამოცემამდე არ მოგვიწევს ლოდინი, რადგან ეს სიმღერები ვებ-გვერდზე აიტვირთება.

ყოველწლიურ შეხვედრაზე იმღერეს სამი ახალი სიმღერა, რომლებიც ბეთელის ოჯახმა იმ კვირაში, როცა ეს შეხვედრა იყო დაგეგმილი, წინასწარ მოამზადა. ძმა დეივიდი დირიჟორობას უწევდა მომღერალთა გუნდს, რომლებმაც შეასრულეს სიმღერა „დაე, მოვიდეს ღვთის სამეფო, რომელიც უკვე მმართველობს!“. ეს სიმღერა სამეფოს მმართველობის 100 წლისთავს მიეძღვნა. ჯერ ეს სიმღერა გუნდმა შეასრულა, შემდეგ კი მათთან ერთად მთელმა დარბაზმა იმღერა. მოგვიანებით გუნდმა აუდიტორიასთან ერთად კიდევ ერთი ახალი სიმღერა, „მოგვეცი გამბედაობა“, იმღერა.

ინტერვიუები.

შემდეგ აუდიტორიამ იხილა იმ ინტერვიუების ჩანაწერი, რომელიც ხელმძღვანელი საბჭოს წევრმა, გერიტ ლოშმა აიღო სამი წყვილისგან. ისინი უკვე ათწლეულებია ბეთელში მსახურობენ. ეს და-ძმები მოჰყვნენ, თუ რა ცვლილებების მომსწრენი გახდნენ წლების მანძილზე, და ხაზი გაუსვეს იმას, რომ ღვთის ხალხი ყოველთვის წინ მიიწევს. ძმა გერიტმა აღნიშნა, რომ ბიბლია ორგანიზაციული ცვლილებების შესახებ წინასწარმეტყველებდა, ამიტომ ყველას მოუწოდა, ფეხი აეწყოთ იეჰოვას ორგანიზაციისთვის (ესაია 60:17).

„ტიპები და ანტიტიპები“.

ამ მოხსენებით აუდიტორიის წინაშე ძმა დეივიდ სპლეინი წარდგა. მან ისაუბრა იმაზე, თუ რატომ აღარ განიხილება ბოლო დროს ჩვენს პუბლიკაციებში ტიპები და ანტიტიპები ისეთი სიხშირით, როგორც ეს უწინ ხდებოდა.

ადრე მიგვაჩნდა, რომ ბიბლიურ დროში ბევრი ერთგული მამაკაცი და ქალი თანამედროვე დროში მცხოვრებ ერთგულ ქრისტიანთა ჯგუფის პირველსახე იყო. გარდა ამისა, ჩვენ ვფიქრობდით, რომ მრავალი ბიბლიური მონაკვეთი წინასწარმეტყველური მნიშვნელობის იყო და თანამედროვე ქრისტიანებზე სრულდებოდა. უნდა ვაღიაროთ, რომ ასეთ პარალელებზე დაფიქრება ერთობ საინტერესოა. მაშინ, რატომ მოიხსენიება ბოლო დროს ჩვენს პუბლიკაციებში ტიპები და ანტიტიპები ასე იშვიათად?

როგორც წმინდა წერილებიდან იკვეთება, ზოგიერთი პერსონაჟი და მოვლენა ვიღაც ან რაღაც უფრო დიდის პირველსახეა. თუ ბიბლიიდან აშკარად ჩანს კავშირი ტიპსა და ანტიტიპს შორის, ჩვენ ვეთანხმებით ამ ახსნას, „მაგრამ როცა ბიბლიაში არაფერია ნათქვამი, არც ჩვენ გვაქვს რაიმეს თქმის უფლება“, — დასძინა ძმა დეივიდმა. ჩვენ უნდა მოვერიდოთ ბიბლიური მონაკვეთებისთვის ისეთი მნიშვნელობის მინიჭებას, როგორიც სინამდვილეში არა აქვს. მეტიც, თუ ძალიან გაგვიტაცებს ტიპების და ანტიტიპების გამოკვლევა, შეიძლება მხედველობიდან გამოგვრჩეს წაკითხულის პრაქტიკული ღირებულება ანუ ის, თუ რის სწავლა შეგვიძლია თითოეულს იმის მიუხედავად, ზეცაში ცხოვრების იმედი გვაქვს თუ დედამიწაზე (რომაელები 15:4). a

„იფხიზლებთ?“.

ამ მოხსენებით გამოვიდა ძმა სტივენ ლეტი და ისაუბრა იმაზე, თუ როგორ შეიცვალა ათი ქალწულის შესახებ იესოს მიერ მოყვანილი იგავის გაგება (მათე 25:1—13). ჩვენ ახლა ასე გვესმის ეს იგავი: ნეფე თავად იესოა, ხოლო ქალწულები იესოს ცხებულ მიმდევრებს განასახიერებენ (ლუკა 5:34, 35; 2 კორინთელები 11:2). ამ იგავში აღწერილია მოვლენები, რომლებიც ბოლო დღეებში ვითარდება და რომლებიც თავის კულმინაციას დიდი გასაჭირის დროს მიაღწევს. ხუთი უგუნური ქალწულის მოხსენიებისას იესო არ გულისხმობს იმას, რომ ბევრი სულით ცხებული ქრისტიანი არ უერთგულებს ღმერთს და მათი ჩანაცვლება გახდება საჭირო. იგი ამ სიტყვებით სერიოზულ გაფრთხილებას აძლევს თავის მიმდევრებს. როგორც ხუთი ქალწული აღმოჩნდა გონიერი, ხუთი კი — უგუნური, ისე თითოეული ცხებული თავად წყვეტს, რა გზას აირჩევს: მზად იქნება და იფხიზლებს თუ ღმერთს უორგულებს.

როგორც დავინახეთ, ზემოხსენებული პრინციპის გათვალისწინებით, ისეთი მნიშვნელობა არ უნდა მივანიჭოთ ზოგიერთ ბიბლიურ მონაკვეთს, როგორიც სინამდვილეში არა აქვს , ამიტომ გონივრული იქნება, არც ამ იგავის თითოეულ დეტალს მივანიჭოთ წინასწარმეტყველური მნიშვნელობა. უმჯობესია, ამ იგავის პრაქტიკულ ღირებულებაზე დავფიქრდეთ. იმის მიუხედავად, ცხებული ქრისტიანები ვართ თუ „სხვა ცხვარი“, ჩვენმა სინათლემ უნდა ანათოს და უნდა ვიფხიზლოთ (იოანე 10:16; მარკოზი 13:37; მათე 5:16). ჩვენ მაგივრად ღმერთს ვერავინ უერთგულებს. თითოეულმა უნდა ავირჩიოთ სიცოცხლე და ამისთვის სულიერად უნდა ვიფხიზლოთ და აქტიურად ვიმსახუროთ (კანონი 30:19).

„იგავი ტალანტებზე“.

ხელმძღვანელი საბჭოს წევრმა, ენტონი მორისმა ამ იგავის ახალ გაგებაზე ისაუბრა (მათე 25:14—30). ახლა ჩვენ ვიცით, რომ ამ იგავის თანახმად, ბატონს განასახიერებს იესო, რომელიც დააჯილდოებს მონებს (ერთგულ ცხებულ ქრისტიანებს დედამიწაზე), მაშინ როცა მოვა და მათ ზეცაში წაიყვანს. როდესაც იესომ „ბოროტი და ზარმაცი მონა“ მოიხსენია, მას არ უგულისხმია, რომ მომავალში ბევრი ცხებული ორგული აღმოჩნდებოდა; მას უბრალოდ სურდა, გაეფრთხილებინა ცხებული ქრისტიანები, რომ გულმოდგინედ ეშრომათ და არ დამსგავსებოდნენ ბოროტ მონას.

რა შეგვიძლია ვისწავლოთ ამ იგავიდან? ჩვენ ვხედავთ, რომ ბატონმა მეტად ფასეული რამ ანდო თავის მონებს. ამ ბატონის მსგავსად, იესომაც თავის მიმდევრებს ისეთი რამ მიანდო, რაც მისთვის მეტად ღირებულია: მან მათ დაავალა, ექადაგათ და მოწაფეებად მოემზადებინათ ადამიანები. იესო თითოეული ჩვენგანისგან მოელის, რომ ჩვენი მდგომარეობიდან გამომდინარე, მაქსიმალურად დავიხარჯებით მსახურებაში. ძმა ენტონიმ ყველა დამსწრე შეაქო იმისთვის, რომ მთელ თავიანთ ძალ-ღონეს სამეფოს საქმეს ახმარენ.

„ვინ მიიტანს მალე ღვთის ხალხზე იერიშს?“.

ასეთი დამაინტრიგებელი სახელწოდება ჰქონდა მოხსენებას, რომლითაც ძმა ჯეფრი ჯექსონი წარდგა აუდიტორიის წინაშე. ძმა ჯეფრიმ იმაზე ისაუბრა, თუ რა თავდასხმა განხორციელდება „გოგ მაგოგელის“ მეთაურობით ღვთის ხალხზე (ეზეკიელი 38:14—23).

ადრე ჩვენ ვფიქრობდით, რომ „გოგის“ სახელით ზეციდან გადმოგდებული სატანა ეშმაკი მოიხსენიებოდა. მაგრამ ამგვარი ახსნა კითხვებს ბადებს, რაზეც ძმა ჯეფრიმ იმსჯელა. მაგალითად, იეჰოვამ იწინასწარმეტყველა, რომ მას შემდეგ, რაც „გოგი“ დამარცხდება, მას ღმერთი „მტაცებელ ფრინველებს, ყველანაირ ფრთოსანს, და მინდვრის მხეცებს [მისცემს] ... საჭმელად“ (ეზეკიელი 39:4). იეჰოვამ აგრეთვე იწინასწარმეტყველა, რომ „გოგსა და მთელ მის ბრბოს“ დედამიწაზე დასამარხ ადგილს მისცემს (ეზეკიელი 39:11). მაგრამ შეიძლება მსგავსი წინასწარმეტყველებები სულიერ ქმნილებაზე შესრულდეს? ბიბლიიდან აშკარად ჩანს, რომ სატანა კი არ „შეიჭმება“ ან „დაიმარხება“, არამედ 1 000 წლით უფსკრულში იქნება ჩაგდებული (გამოცხადება 20:1, 2). მეტიც, ჩვენთვის ცნობილია, რომ 1 000 წლის ბოლოს სატანა გათავისუფლდება უფსკრულიდან და „გამოვა, რათა შეცდომაში შეიყვანოს დედამიწის ოთხივე კუთხეში მცხოვრები ხალხები, გოგი და მაგოგი“ (გამოცხადება 20:7, 8). აშკარაა, რომ სატანა ვერ შეძლებს „გოგის“ შეცდომაში შეყვანას იმ შემთხვევაში, თუ თავად არის „გოგი“.

ძმა ჯეფრიმ ახსნა, რომ ეზეკიელის წინასწარმეტყველებაში მოხსენიებული „გოგ მაგოგელი“ სატანას კი არა, ერთა კოალიციას განასახიერებს, რომელიც მომავალში იერიშს მიიტანს ღვთის ხალხზე. სავარაუდოა, რომ „გოგის“ თავდასხმა იგივეა, რაც ბიბლიაში მოხსენიებული „ჩრდილოეთის მეფის“ და „დედამიწის მეფეების“ თავდასხმა (დანიელი 11:40, 44, 45; გამოცხადება 17:12—14; 19:19).

საინტერესოა, ვინ იგულისხმება „ჩრდილოეთის მეფეში“? დროთა განმავლობაში ამასაც მოეფინება ნათელი. როგორც უნდა იყოს, ჩვენ ნამდვილად გვიმტკიცებს რწმენას იმის დანახვა, რომ რაც უფრო ახლოვდება ზოგიერთი ნაწინასწარმეტყველები მოვლენის შესრულების დრო, მით უფრო უკეთ ვწვდებით მათ მნიშვნელობას. ჩვენ არ გვაშინებს ეს მოსალოდნელი თავდასხმა, რადგან ზუსტად ვიცით, რომ როცა „გოგ მაგოგელი“ ჩვენ წინააღმდეგ გაილაშქრებს, ის დამარცხდება და საბოლოოდ აღიგვება პირისაგან მიწისა, ღვთის ხალხი კი მარადიულად იცოცხლებს! b

დასკვნა.

ძმა მარკ სანდერსონმა გამოაცხადა, რომ ინგლისურ ენაზე გამოიცა ბიბლიის გადამუშავებული „ახალი ქვეყნიერების თარგმანი“ ჯიბის ფორმატით. მან აუდიტორიას აგრეთვე აუწყა, რომ მზადდება ბიბლიის მრავალხმოვანი აუდიოჩანაწერი, სადაც ბიბლიურ პერსონაჟებს სხვადასხვა ადამიანები გაახმოვანებენ. ეს ჩანაწერები თანდათან განთავსდება ჩვენს ვებ-გვერდზე jw.org; პირველი მათეს სახარება იქნება.

ძმა მარკმა გამოაცხადა, რომ 2015 წლის მუხლი 106-ე ფსალმუნის პირველი მუხლიდან იქნება აღებული, სადაც ვკითხულობთ: „მადლობდეთ იეჰოვას, რადგან კარგია იგი“. მან მოუწოდა ყველა დამსწრეს, დაფიქრდნენ იმ მიზეზებზე, რის გამოც ყოველდღიურად შეუძლიათ გადაუხადონ იეჰოვას მადლობა.

დასასრულ, მთელმა აუდიტორიამ მოისმინა ახალი სიმღერა, სახელწოდებით „იეჰოვაა შენი სახელი“. შემდეგ სცენაზე ავიდა ხელმძღვანელი საბჭოს შვიდივე წევრი, რომლებმაც გუნდთან და მთელ აუდიტორიასთან ერთად იმღერეს ეს სიმღერა. ასეთ ამაღლებულ ნოტაზე დასრულდა ეს ისტორიული მნიშვნელობის შეხვედრა!

a ეს და შემდეგი ორი მოხსენება დაფუძნებული იყო სტატიებზე, რომლებიც 2015 წლის 15 მარტის „საგუშაგო კოშკში“ გამოქვეყნდება.

b ეს მოხსენება დაფუძნებული იყო სტატიაზე, რომელიც 2015 წლის 15 მაისის „საგუშაგო კოშკში“ გამოქვეყნდება.